OK! Decor Book-ის სტუმარი ინტერიერის ახალგაზრდა დიზაინერი ლელა აბჟანდაძეა. მიაჩნია, რომ ბუნებრივი განათება და გამწვანება ის მთავარი კომპონენტებია, რომელიც ამა თუ იმ შენობას სიმყუდროვეს და კომფორტულობას სძენს და ამ პრინციპით უკვე არაერთი პროექტი შესთავაზა საკუთარ მომხმარებლებს. სამომავლოდ სურს, რომ დამწყებ არქიტექტორებს და დიზაინერებს განვითარებასა და საჭირო გამოცდილების მიღებაში დაეხმაროს. ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ თავად უამბობს OK!-ის მკითხველს.
ლელა, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როდის დაინტერესდით პირველად ამ პროფესიით?
ვარ არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი. ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე და აქვე დავამთავრე მაგისტრატურაც. ბავშვობიდან მიყვარდა პატარა ნაკეთობების გამოძერწვა ან მცირე ზომის მაკეტების დამზადება. ჩემი პირველი შეხება არქიტექტურასთან სწორედ ამ გატაცებას უკავშირდება. უშუალოდ პროფესიის არჩევა კი თავისთავად მოხდა − როდესაც ჩემი ინტერესების შეფასება დავიწყე, ავირჩიე პროფესია, რომლის კეთებაც სიამოვნებას მანიჭებს.
რაზე მუშაობთ ამჟამად? მოგვიყევით მიმდინარე პროექტის შესახებ.
ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობ ინტერიერის დიზაინზე. 2018 წლის 2 მაისს შევქმენი საკუთარი გვერდი − Mansard design studio, რათა მომავალში სახელოსნოდ გარდამექმნა, სადაც შევძლებდი ჩემს პროექტებზე მუშაობას და ასევე დავამზადებდი საინტერესო ნივთებს. ჯერ რა თქმა უნდა პატარაა, მაგრამ ვიმედოვნებ მალე გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ მაქვს საკუთარი სტუდია, ასევე ვმუშაობ „მეტი დეველოპმენტში“, სადაც გუნდთან ერთად დაკავებული ვარ სპორტული დარბაზების ქსელ Aspria fitness-ის განახლებით. ამ პროექტში ჩართულობა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო და როდესაც დამიკავშირდნენ, სიამოვნებით დავთანხმდი შევერთებოდი მათ გუნდს. ამჟამად ვამუშავებთ სამი ფილიალის პროექტს, თუმცა ასევე იგეგმება სხვა ფილიალების განახლებაც. მოუთმენლად ველოდები მიმდინარე ობიექტების გახსნას. ვფიქრობ, ეს იქნება განსხვავებული, თუმცა მომხმარებლებისთვის ძალიან საყვარელი ადგილი, სადაც შეძლებენ როგორც გაჯანსაღებას, ასევე თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებას.
ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ჩემს საავტორო პროექტს, ეს არის პატარა და ძალიან საყვარელი ოჯახის ბინა, რომელიც საოცრად ფერადი და მყუდროა. ამ პროექტზე მუშაობა ნამდვილად დიდი სიამოვნებაა. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ამ ბინის ინსპირაცია იყო ხავერდის ლურჯი დივანი, რომელიც აუცილებლად უნდა მდგარიყო მისაღებში. ხოლო დანარჩენ სივრცეებს რაც შეეხება, მაქსიმალურად შევეცადე შემესაბამებინა ოჯახის თითოეული წევრისთვის. ეს არის დიდი და ნათელი ბინა, რომელიც ფუნქციურად საკმაოდ კარგად არის განაწილებული.
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
მომხმარებელს ვთავაზობ მათზე მორგებული გარემოს შექმნას. სახლი, ოფისი, კაფე − მნიშვნელობა არ აქვს, სად ხარ, მთავარია თავს გრძნობდე კომფორტულად, დაცულად და რაც მთავარია, სასიამოვნო გარემოში გაატარო დრო. როდესაც დამკვეთთან ვიწყებ ურთიერთობას, ვცდილობ მის ადგილას წარმოვიდგინო თავი, მისი ცხოვრების რიტმი გავიგო. ეს მეხმარება სწორად შევქმნა სივრცე, სადაც ის დროს გაატარებს. პირველ ეტაპზე ვაგეგმარებ, სივრცის ზონირებას ვახდენ. წარმოვიდგენ მის საბოლოო სახეს, ფერებს, განათებას, ფაქტურებს, ხოლო შემდეგ ვიწყებ ამ ყველაფრის ტექნიკურად განაწილებას. ვცდილობ მაქსიმალურად მოვერგო ქართულ ბაზარს და ესკიზირებისას შევარჩიო სწორედ ის ავეჯი, რომელიც უკვე იყიდება. თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც დამკვეთი ითხოვს ექსკლუზიურ ავეჯსა და დეკორს. ამ შემთხვევაში, უფრო თამამად ვაპროექტებ ამა თუ იმ სივრცეს.
პრინციპები, რომლებსაც არასოდეს ღალატობთ მუშაობის პროცესში.
ჩემი პრინციპები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ვცდილობ მაქსიმალურად უსაფრთხო და ტექნიკურად გამართული სივრცე მოვაწყო. სახლის მოწყობისას ასევე მნიშვნელოვანია ყველას ჰქონდეს თავისი კომფორტული კუთხე და ოჯახის თითოეული წევრის გემოვნებაზე იყოს მორგებული. პროექტირებისას ყველაზე მნიშვნელოვანია ბუნებრივი განათება და გამწვანება. ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრი ბუნებრივი განათება მივაწოდო თითოეულ სათავსს, ხოლო გამწვანებით მაქსიმალურად მყუდრო გარემოს ვქმნი ამა თუ იმ სივრცეში.
ნიშა, რომელიც თქვენს ნამუშევრებს სხვებისგან გამოარჩევს.
გარემო მოსაწყენი რომ არ გახდეს, ვცდილობ მაქსიმალურად სადა ინტერიერი შევქმნა, ამიტომ ჩემს პროექტებში ხშირად შეხვდებით თეთრ კედლებს, რომლებიც ფერადი ავეჯით ან დეკორითაა მოწყობილი. მთავარია, სივრცის მობეზრების შემთხვევაში დამკვეთს შესაძლებლობა ჰქონდეს ტრანსფორმირება გაუკეთოს გარემოს. ასევე ხშირად არის შემთხვევა, როდესაც თვითონ ვთხოვ დამკვეთს ბოლომდე არ მოაწყოს ბინა, რათა ნელ-ნელა შემატოს ნივთები და მუდმივად განახლებულ გარემოში იცხოვროს.
რომელ პროექტს გამოარჩევდით თქვენი ნამუშევრებიდან და რატომ?
რთული შეკითხვაა. ყველა ჩემი ნამუშევარი მიყვარს, ნამდვილად რთულია რომელიღაც გამოვარჩიო. მაგრამ მაინც გამოვყოფ ჩემს პირველ საავტორო პროექტს. 2015 წელს შევქმენი საკუთარი პირველი ინტერიერის დიზაინი-პროექტი დამოუკიდებლად. დღემდე მახსოვს ამ სახლის თითოეული დეტალი. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც. ძალიან კარგად მახსენდება ამ სახლის მფლობელები – უზომოდ სათნო და მომთმენი ადამიანები. მადლობა მათ ამ შესანიშნავი შანსისთვის. შესაძლოა ითქვას, რომ ამ სახლით დაიწყო ჩემი განვითარება ინტერიერის დიზაინის განხრით.
რაზე იმუშავებდით დიდი სიამოვნებით?
ნებისმიერი ახალი პროექტი ჩემთვის ახალი გამოწვევაა, თითოეულ მათგანში იმალება რაღაც ახალი და საინტერესო. თუმცა ამ ეტაპზე რაც მახსენდება, მინდა SOLO-ს ვიტრინების ალბომი შევქმნა. ვფიქრობ, ეს ნამდვილად ახალი გამოწვევა იქნება ჩემს ცხოვრებაში.
სამომავლო გეგმები.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მინდა ჩემი სახელოსნო მქონდეს, სადაც საკუთარი განვითარების გარდა, მსურს დავეხმარო დამწყებ არქიტექტორებს და დიზაინერებს განვითარებაში და საჭირო გამოცდილების მიღებაში.
facebook.com/mansardesigndstudio
instagram.com/mansard.design.studio
facebook.com/lela.abzhandadze
instagram.com/lela.abzhandadze
+995598513515
lelaabzhandadze@gmail.com