დამკვეთი, ადგილმდებარეობა, გარემო, სივრცე − ყველაფერი ჰარმონიაში უნდა იყოს. პროექტზე მუშაობა სინამდვილეში ძალიან მარტივია ჩემთვის − როგორც კი სივრცეში შევდივარ, ინტერიერის საკუთარი სურათი მეხატება წარმოსახვაში. მაშინვე. და იწყება ამბავი − ინტერიერი მთლიანად, ავეჯი, დეკორის ნებისმიერი ნივთი უნდა წარმოადგენდეს ერთ დიდ ანსამბლს, რომელიც ემსახურება ამ ამბის გაცოცხლებას. დამკვეთს უნდა დავანახო მისი სივრცე ისე, რომ მას შესაძლოა დაავიწყდეს კიდეც, რომ ის ინტერიერის დიზაინერმა შეუქმნა. ეს სივრცე იმდენად „მისი“ უნდა გახდეს, რომ ნამუშევრის ავტორიც კი შეიძლება ეგონოს თავი − სწორედ მაშინ არის მიღწეული წარმატება.
მიყვარს როგორც პრივატული, ასევე საზოგადოებრივი სივრცეების შექმნა. საზოგადოებრივ სივრცეში ჩემთან მოდის კონცეფცია, რის მიხედვითავ მე ვქმნი ინტერიერს. ამის კარგი მაგალითია თანამშრომლობა ჩემს მეგობრებთან − სააგენტო „გასტრონავტიდან“ ლალი პაპაშვილთან და ლევან ქოქიაშვილთან. ისინი ქმნიან კონცეფციას (ბრენდინგი, ნეიმინგი, გასტრონომიული კონცეფცია და სხვა), ხოლო მე − ინტერიერის დიზაინს. ჩვენ ბევრს ვთანამშრომლობთ, რაც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ორივე მხარეს!
პრივატულ სივრცეებში კიდევ უფრო საინტერესოა კონცეფციის გაცოცხლება. აქ ამბავი რეალურია: ადამიანები − ისინი ჩემთვის ფილმის გმირები არიან, ხასიათებით, ჩვევებით, მოთხოვნებით სივრცის მიმართ. ეცნობი მათ, უსმენ, ითვალისწინებ მათი ცხოვრების ბევრ დეტალს, რათა სივრცე მათთვის იყოს ძალიან კომფორტული და „მათი“− მათი შექმნილი რომ ეგონოთ. ამ შემთხვევაში, მე ბედნიერი ვარ. პუბლიკაციებში არ მიყვარს პრივატული სივრცეების ჩვენება, რადგან ეს ძალიან პირადული მგონია. თუმცა ვნახოთ, შესაძლოა ერთ დღეს მათი თანხმობით ყველა „ჩემი“ სახლისა და აპარტამენტების „გამოფენა“ მოვაწყო.
შემდეგ იწყება შექმნის პროცესი − მუდბორდი, გეგმარება, განშლა, სპეციფიკაციები, რენდერები და ა.შ. ეს ცალკე სიამოვნებაა.
ზოგადად, მიყვარს ბევრ სხვადასხვა ობიექტზე ერთდროულად მუშაობა: სახლი, ბინა, ოფისი, რესტორანი, სასტუმრო, სილამაზის სალონი, მარანი...
მაქვს ჩემი პატარა „საიდუმლო“ გატაცებაც. ჩემმა მეგობრებმა − მსახიობმა ენდი ძიძავამ და რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ შემიტყუეს თეატრში. ეს იმდენად საინტერესო აღმოჩნდა...
ჩემს რამდენიმე ბოლო პროექტს გაჩვენებთ:
1. Elizium - ესთეტიკის ცენტრი
2. L’Amour - სილამაზის სალონი
3. Gentlemen club - ბარბერშოპი
4. Puri Guliani - სახაბაზო
5. Rigi - გასტროდუქანი
6. Esquisse - სასტუმრო