წყალში მდგარი ქალაქი ბავშვობიდან ჩემი ფანტაზიების ერთ-ერთი ძლიერი გამომწვევი იყო. და აი, იმ ნახატში აღმოვჩნდი. არ შემიშალა ხელი დღევანდელობამ − იმდენად დიდი სიფრთხილით აქვთ მიდგომა ვენეციაში ისტორიისადმი, რომ სრული ჰარმონიაა არქიტექტურული თვალსაზრისით. პირველი ვიზიტის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ იმ პირველ წამს რაც ვიგრძენი, როცა მეც წყალში აღმოვჩნდი, დღემდე დიდ სტიმულს მაძლევს, თუ როგორი ჯანსაღი შეიძლება იყოს ძველისა და ახლის სინთეზი, თუ ამის მიმართ სწორი მიდგომა გაქვს. მე ორივე თანაბრად მიყვარს − ისტორიული და თანამედროვე სივრცე.
თოვლის ქარბუქი. ცივა. ყინულის დედოფლის დიდი თეთრი ლანდია გაშავებულ ცაზე... სახე მეყინება და ფიფქები მეხება. „დე, გაიღვიძე“, − ჩამჩურჩულებს და თან მკოცნის ჩემი 3 წლის მაქსიმე. ფაეტონით ბრიუგეში ვსეირნობ და თან ნორდიკული ზღაპრების პერსონაჟი მგონია თავი.
რიუდესჰაიმი და ჩემი შვილები: რეზიკო და მისი მარი. სინათლე, ჩაფლული ვენახებში. ჩემი შვილები იქ ნათლდებიან: რეზიკო ღვინოს, მარი − გერმანულს სწავლობს. რეზიკო დაბრუნდება და მამასთან და ძმასთან ერთად ღვინოს შექმნის, მარი − ჩემი მარჯვენა ხელია. ჩემი გერმანული პუნქტუალურობისა და პასუხისმგებლობის მქონე მარი. ამ სოფლის მცხოვრები არც შეიძლება იყოს სხვანაირი: სოფელი ვენახებშია ჩაფლული, მთლიანად მოხატული ფასადებით, გერმანული ზღაპრების წიგნების ილუსტრაციებიდან გადმოხატული. ჩვეულებრივი ყოველდღიური დანიშნულების სივრცეები ზღაპრულ სახლებშია განთავსებული. სოფლელი მიდის საკანცელარიო მაღაზიაში, რომელიც მე-17 საუკუნის ყოფილ სამჭედლოში შეიძლება იყოს განთავსებული. ამას ჰქვია, იცხოვრო ზღაპარში და ტკბებოდე ამით ყოველდღიურად, მოუბეზრებლად.