საფრანგეთის სამხრეთი, ნარბონი. გამოვდივართ პიერ რიშარის სახლიდან, სადაც ვსტუმრობდით. წესით უკან ვბრუნდებით, მანქანით პარიზის აეროპორტში, ჩვენს მესამე, მაშინ 4 წლის ვაჟ მაქსიმესთან ერთად, მე და ჩემი მეუღლე − ბაჩო. უცებ ის მეუბნება: გინდა საფრანგეთის ღვინის სახე გაჩვენო? ცოტათი მაინც. რომ გითხრათ, უარზე ვიყავიო, ხომ ვერ დამიჯერებთ? ნარბონიდან პარიზამდე მანქანით 7 საათი სჭირდება. ჩვენ ეს გზა მანქანით 21 დღეში დავფარეთ: ნარბონი-მონპელიე-ნიმი-ავინიონი-შატონეფ დუ პაპი-ლიონი-მონრაშე-მერსო-ბონი-ვონე-რომანე-შამბოლ მიუზინი-ჟევრე შამბერტენი-დიჟონი, და ბოლოს გადავწყვიტეთ მთელი საფრანგეთი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაგვეჭრა და ლუარაში ჩავსულიყავით. გზა არ თავდებოდა, ტყეებისა და მინდვრების იავნანა. ამ სიჩუმეში ჩამესმის: „დღეს პატარა სასტუმროში მოგვიწევს ღამის გათენება, პატარა სოფელში“. ცოტა კი გამიკვირდა, რადგან სასტუმროს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე − ესეც გამოცდილების ნაწილია. მაგრამ იმდენად უპრეტენზიო ვარ ყოფაში, კითხვაც კი არ დამისვამს. უკვე დავხატე პატარა, კოხტა 2-3 ოთახიანი ქოხი სადღაც თივაში, შეიძლება უფანჯროც კი, პირდაპირ მიწაზე დადგმული. მოკლედ, რომანტიკა, თუმცა ცოტა ასკეტური. ამის ხატვაში ვარ და მაღვიძებენ: ძველი სასახლის წინ ვდგავართ მანქანით. „ეს არის ქოხი, დე, სიურპირი“, − უხარია მაქსიმეს, − „სიურპრიზი“. ასე აღმოვჩნდი საფრანგეთის მეფე შარლ მეშვიდეს მიერ მე-16 საუკუნეში აშენებულ სასახლეში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბევრი ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა. შარლ მეშვიდედან დაწყებული, იმპერატრისა ჟოზეფინა და შარლ დე გოლით დამთავრებული − ეს და სხვა საფრანგეთისა და ევროპის ისტორიული პერსონაჟები Chateau de Chissay-ს სქელ კედლებში წყვეტდნენ ამ ერების ბედს.
რადგან გვიან ჩავედით და ალბათ ძალიან გვეტყობოდა, რომ დაღლილები ვიყავით, სასახლის ადმინისტრაციამ, ქათინაურის სახით, გადაწყვიტა ჩვენი ჯავშნის Upgrade-ი და მეფის საძინებელი გამოგვიყო.
სად ვენეცია და სად ლუარა, − მეტყვით თქვენ. მაგრამ მათ ჩემთვის აერთიანებს ერთი რამ − პატივისცემა. პატივისცემა საკუთარი სივრცის მიმართ, საკუთარი საცხოვრისის მიმართ, საკუთარი სოფლისა და ქალაქის მიმართ, თუ გნებავთ. Chateau de Chissay არის საოცარი მაგალითი იმისა, ისევე, როგორც მთელი ვენეცია, თუ როგორ შეიძლება უძველესი სივრცე სრულიად შეინარჩუნო ხელუხლებლივ, და ამავდროულად, ის გახადო ძალიან ფუნქციური დღეს, 21-ე საუკუნეში. ეს არის დიზაინერის გენია. და არა მხოლოდ მფლობელის გენია. და ქალაქის არქიტექტურული ხელისუფლების გენია, რომ ამას აკონტროლებს. და უპირველესად, საზოგადოების მაღალი შეგნება, რომ ამის დაცვისადმი ასეთი რუდუნებითი მიდგომა აქვს. ამ სასახლეში საუკუნეებია არაფერი შეცვლილა და ის ამავდროულად სუპერფუნქციური იყო: ძალიან კომფორტული ოთახები, ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი რეგიონში და სხვა უამრავი სივრცე.
იქ დრო გაჩერდა: თვალწინ მიდგას სხვადასხვა ეპოქის ისტორიული მოღვაწეები, ადამიანები თავისი ჩაცმულობით, ემოციებით, მიმიკებით. და აი: მომსახურე პერსონალი თითქოს სპეციალურად არის შერჩეული ისე, რომ ყველას სხვადასხვა სახასიათო სახე აქვს, ქარიზმატულები არიან. სანთელი, ვერცხლის ჭურჭელი, დიდი სინები, ტრიუფელები, ხიზილალა, ფუა-გრა, ყველის საოცარი არჩევანი, ცქრიალა როზე... აქ ჰარმონიულია ყველაფერი − არქიტექტურა, ინტერიერი, დეკორი, მასპინძლების სახეები, ძველი პორტრეტები კედლებზე, გარდინები, და მუსიკა ყველგან − იმდენად მოხდენილი, რომ მიგყვება იქაც, სადაც ის აღარ ისმის. აი, როგორ შეიძლება ძველის გაცოცხლება არგაფუჭებით, იერსახის შენარჩუნებით და ამავდროულად, ახალი სულის ჩაბერვით. და მუსიკით.