Khetsuriani Home | Kutaisi
2015 წელი. ბერლინის აეროპორტი. ჩემი ქმარი, ბაჩო მხვდება და ჩვენს მეგობართან, ნანა ჯორჯაძესთან მივდივართ სტუმრად. მე მისია მაქვს − ბაჩო უნდა დავარწმუნო. ვიცი, რომ ნანაც დამეხმარება ამაში. ქუთაისში ჩვენმა მეგობრებმა − მაგდამ და სალომემ სახლი მაპოვნინეს. არა, სახლი არა. ჩემი სახლი. სახლი, რომელიც 30 წელი დაკეტილი იყო და მე მელოდა. მეც და ბაჩოც ქუთაისში დავიბადეთ. 18 წლის ვიყავი, როცა მასთან ერთად რიგაში წავედი და მას შემდეგ ერთად ვართ. ქუთაისი გვიყვარს, მაგრამ იშვიათად ვახერხებთ ჩასვლას. წესით, იქ სახლი არ გვჭირდება, რადგან მამაჩემი დღემდე იქ ცხოვრობს. მაგრამ... ბაჩოს ვუყვები: სახლი ისტორიითაა, ის პაოლოს მამის აშენებულია, სადაც იკრიბებოდნენ ცისფერყანწელები და „ცისფერი ყანწები“-სა და „ვერძი“-ს რედაქციები იყო. შემდეგ მაშინდელი ქალაქის თავი, გრიგოლ ნარსია ცხოვრობდა, შემდეგ თეიმურაზ კობახიძე − ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებელი, ბოლოს კი, რამაზ ფურცელაძე − ქუთაისის მეორე მუსიკალური სკოლის დამაარსებელი. ბაჩო შთაბეჭდილების ქვეშ იყო, ნანაც. აღმოჩნდა, რომ ბაჩოს დიდი ბაბუის, ანტონ ხეცურიანის უახლოესი მეგობარი გახლდათ ბატონი ნარსია − დიდი ალბათობით, ის აქ ბევრჯერ იყო ნამყოფი. ხოლო ჩემი დედამთილი ბატონ რამაზთან შინ ფორტეპიანოს კლასზე დადიოდა. ჩემთვის კი ამ სახლის სადარბაზო იყო ადგილი, სადაც დაქალებთან ერთად 1990-იანი წლების პურიტანულ ქუთაისში სიგარეტს პარტიზანულად ვეწეოდით. ახლაც ასე ვაკეთებთ ხოლმე.
ვგრძნობდით, რომ აქ რაღაც იმალებოდა. აი, ფილმებში რომაა, კედლებს რომ რაღაც უნდათ გითხრას. ჩვენ სამხატვრო აკადემიაში რესტავრაციის ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ ნანა კუპრაშვილს დავუკავშირდით. და მოხდა სასწაული – სახლი მალავდა მე-20 საუკუნის 10-იანი წლების მოხატულობებს ჭერსა და კედლებზე მედალიონების სახით, უცნობი ფრანგი მხატვრის შესრულებით, ქართული მოტივებით. სამუშაოები წელიწადი მიმდინარეობდა, განვახორციელეთ კონსერვაცია. ამოცანა არ იყო მუზეუმის შექმნა − ეს ჩვენი სახლია, მაგრამ იმდროინდელი ქუთაისის სული დავაბრუნეთ: ინტერიერი ავაგე სახლის სხვადასხვა ეპოქის მცხოვრებლების ისტორიებიდან დღემდე, ჩვენამდე. სახლი ალაპარაკდა. დღეს, როცა იქ არ ვარ, ასე მგონია ვიღაც მივატოვე და ის მოწიწებით მელოდება. ამიტომ მუდამ ქუთაისში მივიჩქარი.
ინტერიერში შემთხვევით არცერთი დეტალი არ მაქვს შეტანილი − ყველაფერს გამართლება და აზრი აქვს. რამდენიმე დეტალს გაგიმხელთ ჩემი ინტერიერიდან:
რატომ სახეები? ოქროსფერი სახეები მაგიდაზე. ამით მე სხვადასხვა ეპოქის ძალიან ღირებული ადამიანები შემოვიყვანე. ფერი ხაზს უსვამს მათ ღვაწლს. ყველამ თავისი გარკვეული კვალი დატოვა − არ მინდოდა ვინმე გამქრალიყო − ზოგმა პოეზიაში, მუსიკაში, ქალაქის მართვაში, თუნდაც ღვინოში.
სასადილო ოთახში დიდი, ძველებური მაგიდა დგას, მის თავზე კი უზარმაზარი თანამედროვე ჭაღია, რომელიც შედგენილია კაბინეტის ბევრი სანათისგან. ჩემთვის ეს სანათები კონკრეტული ეპოქების ადამიანებია, რომლებიც ამ დიდი მაგიდის ირგვლივ მე სხვადასხვა დროიდან დღეს დავსვი ერთად.
მთავარ ოთახში ჯაჭვებიანი ჭაღი შემოვიტანე − სახლი თვითონ განგაწყობს, რომ ისტორიასა და თაობებზე ილაპარაკო. ეს არის მნიშვნელოვანი სიმბოლო − ჩვენი ოჯახის თაობების უწყვეტი ჯაჭვი − ჩვენი ოჯახის ისტორიაც ქუთაისის ლეგენდარულ ჯაჭვის ხიდს უკავშირდება.
Khetsuriani Home | Bakhmaro
თვითმფრინავი. ზემოდან სამყარო ლამაზთან ერთად ისეთი პატარაა, რომ ყველაფერი მარტივი გეჩვენება და ძალას გრძნობ. ჩემი ბახმაროს სახლი ნისლშია. მის წინ ნაკრძალია: ხევის ორი ნაპირი. ამ სილამაზეში პერიოდულად ჰაერის ორი ნაკადი ხვდება ერთმანეთს − ზღვის, და მთიდან ჩამოწოლილი. მე არ ვიკეტები საკუთარ ფანტაზიებში ყოფნის დროს, ხშირად რაღაც ძალიან ლამაზი შემომეჭრება გარედან. ბახმაროში ეს ადგილობრივი ქსოვილებია – ხალისიანი და ხელგაშლილი, როგორც გურულები, რაც ასევე იტევს აჭარულ სიდინჯეს და სასწაულ ფერებს.
არაფერი მინდოდა შემეტანა ისეთი, რაც დღევანდელობასთან ასოცირდებოდა. საფრთხილო იყო ყველა თანამედროვე ტექნიკა, რომ არ დაკარგულიყო ადგილობრივი ბახმაროული არქიტექტურა. აჭარელი გოგონები მთელი ქალიშვილობის პერიოდში მიტკალზე მოხატულობებს ქარგავენ, რაც მერე მათი მზითვი ხდება. ეს ჩემთვის საწოლთან იმდენად ასოცირდებოდა, რომ ოთხივე საძინებელში საწოლების თავები სწორედ ამ მზითვებით არის მორთული.
Khetsuriani Winery | Papris Mindori
2006 წელი. ფაფრის მინდორი, კახეთი. რთველი ტელეკამერების წინ. ბაჩო (ჩემი ქმარი) ყვება, რა არის ტერუარი, ანუ რატომ მაინცდამაინც აქ კრეფს ყურძენს თავისი საგვარეულო ღვინისთვის („მარანი ხეცურიანი“). ჩემთვის ღვინოსთან ბაჩო ასოცირდება. მასთან ერთად ჩემი 2 უფროსი ვაჟი − რეზო და ანტონი. ჩვენი მარანიც თითქოს მათი „გაერთიანებაა“ჩემთვის: კაცური სიძლიერის, რაც გამოიხატება უზარმაზარი რკინის კონსტრუქციებით არქიტექტურაში. მათი თანადგომა მე ამ ძლიერ რკინის კარკასში გადმოვეცი, თითქოს ჩემს მამაკაცებს ერთმანეთი უჭირავთ. სამკუთხედი ბაჩოს იდეა იყო, რაშიც მე კავკასიონის მწვერვალების ანარეკლი დავინახე − მარანი ფერდზეა, ქვემოთ ალაზნის ველი, ხოლო წინ დიდი კავკასიონია. ამ უზარმაზარ სამკუთხედ შენობაზე, რომელიც მიწაშია შეჭრილი, როგორც გადმობრუნებული „ანტი-გუთანი“ (ბაჩოს მიაჩნია, რომ გუთნით მიწა არ უნდა დააზიანო). კირქვის კენჭები სულ სათითაოდ მივაწებეთ. ამ ადგილის საიდუმლოს ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ კირის მაღალი შემცველობაა ნიადაგში. ქვევრების ყელი დიდი მრგვალი თავებით არის დახურული − ჩემთვის ეს მარცვლებია, რაც მთლიანობაში ქვევრებისგან თითქოს ყურძნის მტევანს ქმნის.