მამაჩემი ხატვაზე ოცნებობდა, მაგრამ საწარმოს მართვა უწევდა. დედაჩემი ფაბრიკას მართავდა და თან ალამაზებდა ირგვლივ ყველაფერს: მე და ჩემს დას, ჩვენს ოთახებს, სუფრას, უბრალოდ, ჩვენს ცხოვრებას, თავის გურული იუმორით, ლამაზი თვალებით − მთელი სახით იცინოდა ხოლმე − ისე, რომ გული გინათდებოდა და მშვიდდებოდი. მე ის დავკარგე და მივხვდი.
ერთხელ ცოცხლობ ადამიანი. და ეს დრო რატომ უნდა გაატარო ისე, როგორც სხვას უნდა? არა. ყველაზე რთული ეგაა − საკუთარი სურვილების, ოცნებების, ემოციების, სიზმრების ერთგული იყო. აი, ხომ ვთამაშობთ ბავშვობაში? ხომ გვაქვს ამაში თავისუფლება? ხომ ვიქმნით ირგვლივ საოცნებო და ჯადოსნურ სივრცეებს? ხშირად უბრალოდ გამოგონილს: ვთამაშობთ კორპუსის ეზოში და თან უშველებელ არმიებს ვმართავთ, ვზივართ პატარა ოთახში, და დიდ სასახლეში წარმოგვიდგენია თავი. ჩვენი თვალები მუდმივად ირგვლივ სივრცეს ქარგავენ − ისეთს, როგორიც ჩვენ გვინდა რომ ის იყოს, და ჩვენ ბედნიერები ვართ. შემდეგ წლები გვემატება და არჩევანის წინაშე ვდგებით − ან იმ ბავშვს ჩვენში ავუხსნათ, რომ ცდებოდა, და ის ჯარი კი არა, სათამაშო ჯარისკაცები იყო, ან ის პატარა ოთახი სასახლედ ვაქციოთ. დიახ, რეალობაში, ან თუნდაც ისევ ოცნებებში. მაგრამ არ შევწყვიტოთ ოცნება, არ შევწყვიტოთ თამაში. დავიტოვოთ ის პატარა ბავშვი ჩვენში, რომელიც სინამდვილეში ჩვენში მაინც ყოველთვის რჩება, უბრალოდ გვეუხერხულება ამის აღიარება. ჩემთვის სივრცის შექმნა იმ თამაშების გაგრძელებაა, რომლებიც მე მიყვარდა, რისთვისაც არაფერი მჭირდებოდა, გარდა ჩემი წარმოსახვისა, და ეს მაბედნიერებდა და მაბედნიერებს. დღეს კი ვცდილობ სხვასაც ავუსრულო მისი ოცნებები საკუთარ სივრცეებში. არ ვიცი, როგორ გამომდის, მაგრამ მე ვაგრძელებ თამაშს.
ესმა ხეცურიანი
ინტერიერის დიზაინერი
მოწვეული რედაქტორი
ფოტო: ირმა შარიქაძე