ესმა ხეცურიანი − კიდევ ერთი გამორჩეული, საინტერესო რესპონდენტი და ამავდროულად OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი, რომელიც ბოლომდე შეაგრძნობინებს ჩვენს მკითხველს მის მიერ მოყოლილ ყველა ამბავსა თუ ისტორიას. უპირველესად, ინტერვიუთი უნდა დავიწყოთ მისი უკეთ გაცნობა, რადგან თქვენ აქ ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობთ ესმას შესახებ. მაგალითად, რატომ აირჩია პროფესია ინტერიერის დიზაინერი, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც სივრცის შემქმნელისთვის, ვინ არიან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები და ა.შ. რაც შეეხება OK!-ის ნოემბრის დამატებას, სჯობს თავად წაიკითხოთ და დაათვალიეროთ, რადგან ჟურნალი OK! ამჯერად ესმა ხეცურიანთან ერთად კიდევ ერთ გამორჩეულ და ძალიან საინტერესო ნომერს შემოგთავაზებთ.
ესმა, რამდენად საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის მოწვეული რედაქტორის ამპლუაში ყოფნა და გქონიათ თუ არა აქამდე მსგავსი გამოცდილება?
არა, რედაქტორობის გამოცდილება არ მქონია. არც მარტივი ყოფილა თურმე, მაგრამ ძალიან საინტერესოა. მომინდა თვითონ დამეწერა ყოველი სიტყვა და ბუნებრივია, თითოეული ფოტოც თავად ამერჩია, თქვენი ჟურნალის დახმარებით, რა თქმა უნდა. დამაინტერესა იმანაც, თუ რამდენად შევძლებდი პატარა ფურცელზე დამეტია სხვადასხვა სივრცე, სახლები, მთელი ქალაქები... ემოციებით, გამოსახულებებით. არ ვიცი, როგორი გამომივიდა − მკითხველმა განსაჯოს. ასევე, ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესში საკუთარი თავისთვის გვერდიდან შეხედვა, სხვადასხვა პერიოდის გახსენება, განვლილი გზის ანალიზი, გადახედვა... მადლობა OK!-ის ამ შესაძლებლობისთვის.
რას გაეცნობა მკითხველი OK! Decor Book-ის ნოემბრის ნომერში?
ბევრი ვიფიქრე, როგორი ფორმატით წამეყვანა ნომერი − ეს ყოფილიყო დიზაინის რომელიღაც „კანონების“ გადმოცემა, კონკრეტულ დიზაინერებზე მომეყოლა, თუ კიდევ სხვა. მაგრამ გადავწყვიტე ჩემი თვალით დანახული სამყარო მეჩვენებინა, რამდენიმე საინტერესო ფანჯარა გამეღო მკითხველისთვის − სივრცეები, რომლებმაც ჩემი ცხოვრების სხვადასხვა დროს დამამახსოვრა თავი გარკვეული ნიშნით. ვეცადე ის ემოციები გადმომეცა, რომელიც მაშინ განვიცადე.
რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
არც კი მახსოვს. ასეთი კონკრეტული მომენტი, რომ გადამეწყვიტოს ჩემი პროფესიის არჩევა, არ ყოფილა. ეს ჩემთვის პროფესია არაა. ჩემთვის ეს მოგზაურობას ჰგავს − ყოველ ჯერზე ახალ სამყაროს ქმნი. აზარტული, მხიარული და ენერგიულია ეს ყველაფერი. მგონია ეს მე ვარ. ყოველი ჩემი პროექტი − ეს მე ვარ. თითქოს საკუთარი თავის ნაწილს ვტოვებ თითოეულ ჩემს ობიექტზე, რათა შემდეგ ახალი ენერგიით შევივსო.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის, როგორც სივრცის შემქმნელისთვის?
ვინც სამყაროს ქმნიდა, მას არ ეშინოდა. ობიექტზე შევდივარ თუ არა, მაშინვე, პირველსავე წამებში, ვხედავ, იქ რა იქნება. და ერთი სული მაქვს, როდის ვაჩვენებ ჩემს დანახულს დამკვეთს. ვყვები ამბავს, რომელიც ერთი ამოსუნთქვით არის შექმნილი. ეს ჩემს წარმოსახვაში შექმნილი სივრცის მატერიალიზებაა, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. პროცესი უზომოდ მიყვარს. ჩემი ამოცანაა შთავბერო სული სივრცეში: თუ შევამჩნიე, რომ სკამი უსმენს მაგიდას და ისინი საუბრობენ, ესე იგი ჩემი წარმოსახვა გაცოცხლდა.
გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე გარდამტეხი მომენტი, როგორც ინტერიერის დიზაინერისთვის.
ეს ერთი კონკრეტული ტაში იყო. წლების წინ. ინგლისში. დავამთავრე სწავლა და სკოლამ მოგვიწყო შეხვედრა მსოფლიოში რამდენიმე წამყვან ინგლისელ და ამერიკელ დიზაინერთან. ესენი იყვნენ ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტები. აი, ბავშვებს რომ კერპები ჰყავთ ხოლმე, რაღაც ასეთი. მოულოდნელად მთხოვეს ერთი ჩემი პროექტი მეჩვენებინა. არ მკითხოთ, რა მოვყევი და რამდენ ხანს მოვუნდი − უბრალოდ, არ მახსოვს, ისე ვინერვიულე. როდესაც მოვრჩი, იყო ტაში, და ვიგრძენი, რომ არა ზრდილობის გამო ტაში. შემდეგ ძალიან გულწრფელი საუბრები დაიწყო − იმდენად გაიხსნენ, რომ ფაქტობრივად მათ შინაგან მონოლოგს ვუსმენდი. იმდენად აღელვებული ყვებოდნენ საკუთარ პროექტებზე, ისეთი ემოციებით, რომ უცებ ვიგრძენი − მთავარია საკუთარ თავს მოუსმინო, აყვე შენს თავს. ყველაზე დიდი „მსაჯი“ საკუთარი გემოვნება და საკუთარი შინაგანი ხმაა.
რა ეტაპები გაიარეთ დღევანდელ დღემდე?
ახლახან ვფიქრობდი, როგორ შემიძლია ჩემი შინაგანი დევიზი ჩამოვაყალიბო-მეთქი. იყო მხიარული, მისცე საკუთარ თავს ნება, იყო შინაგანად თავისუფალი: გინდა იმღერო? − იმღერე, გაუზიარე სხვასაც სიხარული. სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია ჩემი ცხოვრება რა ეტაპებისგან შედგება: ოჯახი, სწავლა, კარიერა − ასე არასოდეს დამიყოფია. არაფერი ყოფილა ჩემთვის ისეთი, რაც არ მანიჭებდა ბედნიერებას. დიახ, ოჯახი − ჩემი მთავარი ადგილია, ოღონდ იმიტომ არა, რომ ეს ასე უნდა იყოს. ჩვენ ერთმანეთის რაღაცნაირი „ენერჯაიზერები“ ვართ. რაც მახსოვს ჩემი თავი, მუდამ ვსწავლობ. რაღაც დაუოკებელი სურვილია, რადგან შემეცნების პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. და რა თქმა უნდა მოგზაურობა, მოგზაურობა და კიდევ ერთხელ − მოგზაურობა.
გვიამბეთ თქვენს ოჯახზე.
ვინ არის ჩემი ოჯახი? ბავშვობაში დიდი ოჯახი მყავდა: მამაჩემი, რომელიც მუდამ ხატვაზე ოცნებობდა, მაგრამ საწარმოს მართვა უწევდა, დედაჩემი და დეიდები, რომლებიც ყოველთვის რაღაცას ალამაზებდნენ ირგვლივ... ამან დიდი კვალი დატოვა ჩემს ბავშვურ ცნობიერებაში. ჩემი და, რომელიც ჩემგან განსხვავებით სასკოლო დავალებების 101%-ს ასრულებდა... მე მგონი ჩემი სწავლისადმი სიყვარული, უფრო ზრდასრულ ასაკში, მისი დამსახურებაა. ჩვენ 6 დეიდაშვილი ვართ − სხვადასხვა ასაკის, ხასიათის, და დღეს სხვადასხვა ქვეყნიდან ვიკრიბებით ხოლმე ჩვენი ბავშვობის სახლში, წყალტუბოში, და ერთმანეთი დღემდე ისევე გვიხარია, როგორც მაშინ. ჩემი ლამაზი ბიცოლა − ელზა, ჩემი სტილის ინსპირაცია იყო ბავშვობაში. ის რომ თქვენ დღეს განახათ, მინიმუმ 20 წლით ნაკლებ ასაკს მისცემთ. დალი მანაგაძის, მაგული ლომთაძის, ქეთინო კვასხვაძისა და ლიკა ნიშნიანიძის სახელები თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ მათი მცირე კვალი შეგიძლიათ ჩემს ყოველ ინტერიერში იპოვოთ − ყველანი ჩემი თითქოს მფარველი ანგელოზები იყვნენ და არიან. და ჩემი ბავშვობის მეგობრები − ერთადერთი გარემო, სადაც ისევ პატარა ესმიკო ვარ.
ჩემი ოჯახი კი ფილმივითაა − იმდენი რამ ხდება და ისე ჩქარა იცვლება დეკორაციები, რომ მართლა ფილმში მგონია ხანდახან თავი. დიდი ხანია შევეგუე ზარებს: 15 წუთში თელავში გავდივართ, ან ხვალ დილით სადმე მივფრინავთ. ჩემი ქმარი − ბაჩო, მეღვინეა. 1998 წელს მან საკუთარი წინაპრების მეღვინეობა − „მარანი ხეცურიანი“ აღადგინა. ის ასევე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის და ღვინის სკოლის დამფუძნებელია. ზღვა ენერგიის პატრონია, რაც ძალიან გადამდებია. უფროსი შვილები − რეზიკო და ანტონი, ბაჩოსთან ერთად არიან, ღვინოს ქმნიან, და ეს მათი ტრიო ძალიან მაბედნიერებს. ბაჩოს მუსიკოსი დედაც კი ჩართულია, ოღონდ გასტრონომიის ნაწილში. მეც ჩავერთე − ფაფრის მინდვრებზე ჩვენი მარნის არქიტექტურისა და ინტერიერის შექმნის პროცესმა, Wine Art-ს მიმართულება შეგვაქმნევინა საგვარეულო მეღვინეობაში. უმცროსი შვილი − მაქსიმე, ჩემი პატარა თანამოაზრე და დიდი მეგობარია.
ისე სავსედ მიდის მათი ცხოვრება, რომ მართლა ფილმივითაა − საინტერესო გმირებით, და ჩემთვის, ჩუმად მიხარია, რომ ამ ფილმის გმირების მეუღლე და დედა ვარ! ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რა არის ბედნიერება, მაგრამ ჩემთვის ალბათ ეს ჩემი ფილმია. და მთავარი „ოჯახური გამართლება“ − ჩემი მარი, რეზიკოს მეუღლე... მან ჩემი პროფესია აირჩია!
გვესაუბრეთ გუნდზე, რომლებთან ერთადაც მუშაობთ.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავს უფლება მივცე ვიყო ის, ვინც ვარ და არ მიწევდეს დაძაბვა, რომ „შევესაბამო“ რომელიღაც გარემოს. გამიმართლა, რომ ჩემი გუნდის ყველა წევრი მაძლევს ამის საშუალებას, და მე მათ არა მხოლოდ პატივს ვცემ, არამედ მიყვარს ისინი. ჩემი გუნდი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია: ელენე, შოთა, ლიკუნა და მარი − ჩემი რძალი და მარჯვენა ხელი. ყველანი ძალიან განსხვავებულნი არიან და ავსებენ ერთმანეთს. მიმაჩნია, რომ სწორედ ინდივიდუალურობაა გზა წარმატებისკენ.
ვინ იქნებოდით, რომ არა ინტერიერის დიზაინერი?
იმუშაო ინტერიერზე, იგივეა იმუშაო ფილმზე. ასე რომ, ყველა დგამს თავის ფილმს... შევქმნიდი ფილმებს...
დაახასიათეთ საკუთარი თავი 3 სიტყვით.
მჯერა: სასწაულები ხდება.
ფოტო: ირმა შარიქაძე