„ჯადოსნურ სამყაროშიც ვიზრდებოდი“, – ამ სიტყვებმა გაჟღერებისთანავე შემიქმნა წარმოდგენა, თუ რატომ აირჩია ჩვენმა რესპონდენტმა ის პროფესია, რომელზეც ასეთი სიყვარულითა და ინტერესით გვიამბო. სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელი და ინტერიერის დიზაინერი ნინო ბაბუხადია ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა და ყველა დეტალს, რომელმაც მის დიზაინერად ჩამოყალიბებაში გავლენა იქონია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
რამდენად იქონია გავლენა ოჯახმა ხელოვნებისადმი თქვენს ინტერესზე?
სახლი, სადაც ვიზრდებოდი, თბილისის ძველ უბანში მდებარეობს. მაღალი ჭერით, ბევრი საინტერესო მხატვრის ნამუშევრებით, ქირმანშალებით, ხალიჩებით, ლამაზი ნივთებით და ავეჯით. ბებიაჩემი კარგად კერავდა და შესაბამისად, კაბების დიზაინსაც თავად ქმნიდა. დედაჩემი − მაკა მიქაძე, რომლის გემოვნებას, აზრსა და კრიტიკას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, და მთავარი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში − მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი, ჩემი მამა, რომლის ჯადოსნურ სამყაროშიც ვიზრდებოდი. გარემომ ცხადია დიდი გავლენა იქონია ჩემს პროფესიაზე, რომელზეც ვგიჟდები.
რა იყო ძირითადი ფაქტორი, რამაც დიზაინის მიმართულებით ინტერესი გაგიჩინათ?
ჩემი ინტერესის ძირითადი ფაქტორი საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან დაიწყო, რომელიც დიდი ხნის წინ შევიძინე. გაირკვა, რომ ცარიელი სივრცის სარემონტო სამუშაოებიდან დაწყებული, დამთავრებული ინტერიერით, ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის. ჩემს ბინაში ავეჯის დიდი ნაწილი დამზადებულია საქართველოში, რითაც ძალიან ვამაყობ. ამას მოჰყვა ჩემი დის ბინა, შემდეგ დედაჩემის, და წამოვიდა სერიოზული პროექტები.
გამორჩეული სტილი და ფერი ხომ არ გაქვთ?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცემულობა მაქვს. მომწონს თანამედროვე ინტერიერში რამდენიმე ძველი ნივთის შეტანა. ინტერიერის შევსება ნახატებით, ქანდაკებით და ლამაზი, ოღონდ ფუნქციური ნივთებით. მოცემულობის გარეშე თუ მეკითხებით, რომელი სტილი მომწონს, გამოვყოფდი BAUHAUS-ს. მომწონს სუფთა, პრაქტიკული, უნივერსალური ფორმებითა და თანამედროვე მასალებით შექმნილი ინტერიერი. ფერს რაც შეეხება, მიჭირს დაკონკრეტება. დამოკიდებულია ბინის ბუნებრივ განათებაზე. შესაძლოა იყოს ღია ერთი ფერის ოთახი და ერთმა ინტენსიური ფერის სავარძელმა ან ნახატმა მთელი ოთახი შეცვალოს.
ტენდენციებს ანიჭებთ მნიშვნელობას?
ცხადია, მაინტერესებს ახალი ტენდენციები, ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრები.
რა გამხდარა თქვენს შემთხვევაში ინსპირაციის წყარო?
მარტივ მაგალითს მოვიყვან: ძალიან ხშირად, ინტერიერში, ტერასებზე ვიყენებ მარმარილოს ფერად მოზაიკას, თითბრის ტიხრებით. ინსპირაცია იყო ძველი სადარბაზოების იატაკი, რომელიც გარდა იმისა, რომ ლამაზია, დრომ გვაჩვენა, რომ პრაქტიკული და გამძლეცაა.
5 ფილმი, რომელიც უნდა ნახო ინტერიერის დიზაინის გამო...
Melancholia პირველი და უპირობოდ სანახავია. ასევე Game of thrones, The Great Gatsby, Grand Budapesht, Death in Venice.
5 ჟურნალი, რომელსაც უნდა კითხულობდე, თუ ინტერიერი გაინტერესებს...
წიგნი - JAPAN THE ART OF LIVING, ELLE DECOR, ART&DECORATION, INTERIORS, COTE PARIS.
5 სახელი, რომელიც უნდა იცოდე, თუ დიზაინზე საუბარი გსურს...
Ricardo Bofill-ი, თავისი არქიტექტურით და დიზაინით, ცნობილი გიჟური პროექტი − ყოფილი ბეტონის ქარხანა, ჩაძირული სიმწვანეში; Laura Gonzalez-ს გამოვყოფდი, პარიზში რამდენიმე სასტუმროს და Cartier-ს მაღაზიას მადრიდში; Zaha Hadid-ის ეკლექტიკური არქიტექტურა და დიზაინი ნამდვილი კოსმოსია. ძალიან მომწონს Philip Starki-ის შანდლები, ლამპები და ასევე Noguchi-ის სკულპტურები და განათება.