„დიზაინერისთვის და საერთოდ, ხელოვანისთვის პირველად ამოცანას საკუთარი სტილის პოვნა და შემდეგ ამ სტილში მაქსიმალურად განვითარება წარმოადგენს. ეს საკმაოდ რთული და მძიმე, უწყვეტი პროცესია საკუთარ თავზე შრომისა, რომელმაც შესაძლოა მთელი ცხოვრება გასტანოს“, − ამის შესახებ ინტერიერის დიზაინერმა გვანცა გვაზავამ ჟურნალ OK!-ისთან საუბრისას აღნიშნა. იგი ასევე გვესაუბრა ამ სფეროსთან პირველი შეხების, შესრულებული პროექტების, სამომავლო გეგმებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ, რომლებსაც ჩვენს ინტერვიუში გაეცნობით.
გვანცა, მოგვიყევით, პირველად როდის დაინტერესდით საკუთარი საქმიანობით და როდის გადაწყვიტეთ დიზაინერობა?
დიზაინი, როგორც შემოქმედებითი პროცესი, ჩემს ცხოვრებაში იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე მე ამის აღქმას მოვახერხებდი. ვხატავ, რაც თავი მახსოვს. გადმოცემით, პირველი ნახატი წლისა და რვა თვის ასაკში შევქმენი. ამის შემდეგ ეს პროცესი არ შეწყვეტილა. ვხატავდი ყველგან და ყოველთვის: თავისუფალ დროს, გაკვეთილებზე, შინ მეცადინეობის დროს, ჭამის, საუბრის დროს, რეფლექსის დონეზე. შესაბამისად, შემოქმედებითი პროცესი, რაიმე ახლის შექმნის მოთხოვნილება, იმ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა, რომელშიც ვარსებობდი და ვცხოვრობდი, ჩემთვის იქცა ბუნებრივ მდგომარეობად, ისეთივე აუცილებელ მოქმედებად, როგორიც არის სუნთქვა.
ნათელი იყო, რომ მთელი ჩემი ცხოვრება და სამომავლოდ პროფესიაც, უნდა დამეკავშირებინა ხელოვნებასთან. ასეც მოხდა: 2002 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე, მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის განხრით. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია საბოლოო პროფესიასთან დაკავშირებით. დიზაინი მთელი ჩემი ცხოვრების საქმიანობად მოგვიანებით, სწავლის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ იქცა, როცა თბილისიდან ქუთაისში დაბრუნებული, პირველად მოვხვდი საპროექტო კომპანიაში, ჩემს პირველ ოფიციალურ სამსახურში. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, გავმხდარიყავი ინტერიერის დიზაინერი და 2009 წელს ჩავირიცხე კიდეც სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურაზე, ინტერიერის დიზაინის სპეციალობით.
აქედან იწყება ჩემთვის ალბათ ყველაზე შრომატევადი, ბევრი სირთულით და უძილო ღამეებით სავსე ცხოვრებისეული პერიოდი, როცა მე, ჩემთვის სრულიად ახალ სფეროში მიხდებოდა საკუთარი თავის პოვნა და დამკვიდრება.
დიზაინერისთვის და საერთოდ, ხელოვანისთვის პირველად ამოცანას წარმოადგენს საკუთარი სტილის პოვნა და შემდეგ ამ სტილში მაქსიმალურად განვითარება. ეს საკმაოდ რთული და მძიმე, უწყვეტი პროცესია საკუთარ თავზე შრომისა, რომელმაც შესაძლოა მთელი ცხოვრება გასტანოს.
2008 წლიდან ვმუშაობდი სხვადასხვა საპროექტო და სამშენებლო კომპანიაში, რამაც საგრძნობლად დააჩქარა ჩემი პროფესიონალად ჩამოყალიბების პროცესი. საკუთარი ძალებით მოვახერხე სხვადასხვა გრაფიკული პროგრამის შესწავლა, რაც დიდ სტიმულად იქცა ჩემთვის. მე არ ვსაჭიროებ ვიზუალიზატორების დახმარებას, რათა შევქმნა სასურველი დიზაინი. საკუთარი პროექტის ვიზუალიზატორი თავად გახლავართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი შედეგის მისაღწევად.
გვესაუბრეთ პროექტებზე, რომელზე მუშაობაც ყველაზე საინტერესო იყო თქვენთვის.
ნებისმიერი დიზაინერისთვის ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელია და მძაფრ განცდებთანაა დაკავშირებული პირველი პროექტი. ასეა პირადად ჩემთვის: ზუსტ თარიღს ვერ გავიხსენებ, თუმცა მახსოვს, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი დიზაინპროექტი, რომელიც განვახორციელე. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სათავო ოფისის ინტერიერი და ეზოს კეთილმოწყობა. იგი საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ პირველად მომეცა შესაძლებლობა, თამამად წარმომეჩინა საკუთარი თავი დიზაინის სფეროში. ძალიან დიდ ნერვულ დაძაბულობად და ემოციების ზღვად ჩამრჩა მეხსიერებაში ჩემი პირველი გამოწვევა, თუმცა არაჩვეულებრივი საპროექტო გუნდის − ჩემი მეგობრებისა და მაშინდელი ჩემი უფროსის, ბატონ ზურაბ გუბელაძის დახმარებით და გვერდით დგომით, წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და დიდი მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანების მიმართ.
ამ ეტაპზე რითი ხართ დაკავებული?
ამ ეტაპზე დასაქმებული ვარ „ჰუალინგ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიაში, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის ავეჯს სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის. ჩემი დიზაინით შექმნილი ავეჯით უკვე მოეწყო რამდენიმე ბრენდული სასტუმრო და რესტორანი.
რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
ძალიან დიდ დროს ვუთმობ დიზაინის სამყაროში წამყვანი დიზაინერული ტრენდების ყურადღებით ანალიზს, ვეცნობი სხვადასხვა ჟურნალს, ინტერნეტგამოცემას, ლამაზი სახლების ინტერიერებს და ა.შ. ეს ყველაფერი ისე ილექება მეხსიერებაში, როგორც ინფორმაცია მყარ დისკზე, მაგრამ როცა საჭირო ხდება, საკმაოდ რთულია საკუთარი, უნიკალური ვერსია წარმოადგინო.
ამ დროს მხსნელად შეიძლება მომევლინოს ნებისმიერი რამ: იქნება ეს რომელიღაც კონკრეტული ფერი ან ორნამენტი შპალერზე, ძველი საათი თუ ბებოს ნაქონი კომოდი. ინსპირაცია თავისთავად მოდის, ყოველთვის სხვადასხვაგვარად. ძალიან მეხმარება კლასიკური მუსიკა, აუცილებელი სამუშაო პირობაა მშვიდი და ჩემზე მორგებული გარემო ბევრი კონტაქტისა და ადამიანების გარეშე. აქედან გამომდინარე, უპირატესობას ვანიჭებ ღამით მუშაობას და თითქმის ყველა ჩემი პროექტი ღამეული წარმომავლობისაა.
გვიამბეთ ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციებზე. რა არის ახლა მოდური?
მოდური ხდება ინტერიერი, როცა ვამსხვრევთ სტერეოტიპებს და წინა ხაზზე გადმოგვყავს ინდივიდუალიზმი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მძაფრად დგას სწორედ ზემოთ აღნიშნული სტერეოტიპების პრობლემა. დამკვეთების გარკვეულ ნაწილს ეშინია სიახლის, თამამი გადაწყვეტილების. ფორმალურად თითქოს განდობენ საკუთარ სივრცეს, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ თავისუფლდები საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული კლიშეებისგან. თუკი გადაწყვეტ, ვთქვათ, სააბაზანო ოთახში რომელიღაც კედელზე კერამოგრანიტის ფილების მოსაწყენი რიგის ნაცვლად საინტერესო, ცოცხალი ფერებით შემკული შპალერი შესთავაზო, ამას მოყვება კრიტიკისა და წინააღმდეგობის ტალღა და უპირველესად ხელოსნებისგან, რომელთაც აქვთ მუშაობის მკაცრად განსაზღვრული საკუთარი სტილი და ძალიან უჭირთ დიზაინერებთან კოლაბორაცია. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებიც ისეთივე ენთუზიაზმით ხვდებიან სიახლეებს, როგორც თავად დიზაინერები და ცდილობენ მაქსიმალური სიზუსტით შეასრულონ უმცირესი დეტალებიც კი. ამგვარი გუნდური მუშაობა არის გარანტი იმისა, რომ ჩაფიქრებული დიზაინი არ დარჩება მხოლოდ ფურცელზე და წარმატებით განხორციელდება.
რაც შეეხება ტენდენციებს: 2020-ის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ტენდენციად მიიჩნევა ის, რაც ზემოთ ვახსენე − ინდივიდუალიზმი დიზაინში, სივრცის პერსონალიზება. მოდაშია ინტერიერის მოწყობა დამკვეთის ცხოვრებისეული სტილის შესაბამისად, სიმყუდროვე და პირადი კომფორტი. მრგვალი და ოვალური ფორმები კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას. თაფლისფერი წამყვან ტონალობად გვევლინება. გამომდინარე თავისი ნეიტრალურობიდან, აღნიშნულ ფერთან შეგვიძლია სხვადასხვა ინტენსიური ტონის შეხამება. აქტუალურია რბილი, პასტელური ტონები, რომელიც ზემოთ აღნიშნულ სიმყუდროვის განცდას კიდევ უფრო აძლიერებს. ფრანგული ვანილისფერი, პიტნისფერი, ღია ყავისფერი, ნუშისფერი, თბილი რუხი − ეს ის პალიტრაა, რომელიც თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ მოდური ატმოსფეროს შესაქმნელად.
მიმდინარე წლის მეინსტრიმად შეგვიძლია მივიჩნიოთ ეკოდიზაინი, რომლის მისიაა, ბეტონის ჯუნგლებიდან ბუნებაში დაგვაბრუნოს. ამ სტილის არსი მდგომარეობს მაქსიმალურად ბევრი ბუნებრივი მასალის გამოყენებაში, როგორიცაა: ხე, ქვა, ნატურალური ქსოვილები, ბამბუკი. ყურადღება ექცევა ბუნებრივ განათებას: დიდი ზომის ვიტრაჟებს, ბევრ სარკეს და ა.შ. ოთახის მცენარეების სიმრავლე ამ სტილის ერთ-ერთი მთავარი ნიშანთვისებაა. სხვადასხვა დეკორი, რომელიც სიმწვანესთან, მცენარეებთან ასოცირდება, ამძაფრებს ბუნებასთან მჭიდრო კავშირის განცდას, რაც ეკოდიზაინის მთავარ ამოცანას წარმოადგენს.
იდეა მუშაობის პროცესში მოდის თუ წინასწარ იცით ხოლმე, რა უნდა გააკეთოთ?
ყოველი შესრულებული პროექტი ჩემთვის ინდივიდუალური და უნიკალურია. ვცდილობ არასოდეს გავიმეორო დეტალები და ეს ბუნებრივია: ყოველი ახალი დაკვეთა დამკვეთის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით უნდა შესრულდეს, ამიტომ პირველსავე კონტაქტისა და შთაბეჭდილების შემდეგ ვხვდები, ვის რა უნდა შევთავაზო, ვქმნი ზოგად სურათს, რომლის დეტალიზებასაც შემდეგ მუშაობის პროცესში ვახდენ. ზუსტად ვიცი, რომ არასდროს არ უნდა უგულველვყო პირველი შთაბეჭდილება. ის ყოველთვის უტყუარია და მეხმარება ზედმიწევნით განვსაზღვრო სტილი და ხასიათი დამკვეთის გემოვნებისა და მოთხოვნის შესაბამისად.
სამომავლო გეგმები...
სამომავლოდ, ვგეგმავ გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებას და პროფესიული კუთხით მაქსიმალურ სრულყოფას. შედეგს, იმედი მაქვს თავადაც იხილავთ.