მე მინდა გესაუბროთ ჭეშმარიტ სილამაზეზე.
აგიხსნათ, რას ვგულისხმობ? კედლებზე აღმოცენებულ მსხმოიარე ხეებსა და მაღალ ბალახში მიმალულ წეროებს, ფერად ჩიტებსა და პეპლებს, აყვავებულ ალუბლებს რომ დასტრიალებენ. შავი და წითელი ლაქის ავეჯს და მოხატული ფაიფურის კამკამა ფერებს.
ყველაფერს, რასაც „შინუაზრი“ ჰქვია.
ეს სტილი ყველაზე მეტად მიყვარს, სწორედ მისი ეფემერულობის გამო.
„შინუაზრი“ არაფერია, თუ არა ევროპის სიზმარი, ოცნება შორეულ აზიაზე.
მაშინ, როცა ჩინურმა ესთეტიკამ ჯერ ფაიფურისა და აბრეშუმის, შემდეგ კი ავეჯისა და მინიატურების გზით ჩამოაღწია ევროპაში, სასახლეები დანებდნენ დამატყვევებელ მშვენიერებას.
ყველა არისტოკრატი, თავად მეფეებიც კი, ვალდებულად მიიჩნევდნენ თავს, ეგზოტიკური ოთახები მოეწყოთ იქ, სადაც ჩინურ ფაიფურს გამოფენდნენ. შემდეგ კი თავად წამოეწყოთ ფაიფურის წარმოება.
ეს ისტორია უფრო გრძელი და ჩახლართულია, ვიდრე წარმოგვიდგენია, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ევროპული არისტოკრატიის მიერ დანახული შორეული აღმოსავლეთი.
„შინუაზრი“ დღემდე პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ კედლების ხელით მოხატული აბრეშუმის პანოებით გაფორმება კვლავაც რჩეულთა ხვედრია.