ალბათ საუკეთესო შეგრძნებაა, როდესაც ქალაქი თამაშის წესების შემქმნელად და შემცვლელად გიცნობს, მით უფრო ისეთ პროფესიაში, როგორიცაა ინტერიერის დიზაინი. ჩვენმა რესპონდენტმა ჯერ კიდევ წლების წინ შექმნა კაფე „პურპურის“ დიზაინი და დღემდე არაერთი დიზაინერი ცდილობს ამ ინტერიერის სხვადასხვა სივრცეში გაცოცხლებას. როგორ აფასებს ამ მოვლენას და მის შემთხვევაში რა შეიძლება იყოს ინსპირაციის წყარო, თავად გუგა კოტეტიშვილი გვიამბობს.
კაფე „პურპურის“ თქვენ მიერ შექმნილი დიზაინი დღემდე ძალიან ტრენდულად მიიჩნევა და დიზაინერები ხშირად საკუთარ ნამუშევრებშიც იყენებენ თქვენს დეტალებს. როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას?
ცუდი ამაში არის ის, რომ ხდება იმიტირება და დეტალების ბრმად გადმოტანა. თუმცა მახარებს ის, რომ დღემდე, როდესაც ადამიანები ძველ აბაჟურებს ან გაურესტავრირებელ ავეჯს ხედავენ, ყოველთვის მეკითხებიან, ჩემი გაკეთებულია თუ არა. ეს სტილი პირველად მე შემოვიტანე და ბევრი დღესაც აკეთებს. მივესალმები ამ ფაქტს, თუმცა მიმაჩნია, რომ იმიტაცია ყოველთვის იმიტაციაა და უმჯობესია რაიმე ახლის შექმნა, რომელიც შენს სახელთან იქნება დაკავშირებული.
ეს სტილი ავთენტურად როგორ იქმნება?
როდესაც შევდივარ სივრცეში, ფიქრს ვიწყებ ამ კონკრეტული ადგილიდან გამომდინარე. ხშირად ხვდებიან, რომ ესა თუ ის სივრცე ჩემი მოწყობილია, მაგრამ მე არასოდეს ვიმეორებ ერთსა და იმავეს − ყველა ჩემი ნამუშევარი განსხვავებული და თავისებურია. ავთენტური და გამორჩეული რომ გამოვიდეს, ვცდილობ შევინარჩუნო ის ძველი კედელი ან ფაქტურა, რომელიც კონკრეტულ სივრცეშია წარმოდგენილი, თუ რა თქმა უნდა, ამის საშუალებას გარემო მაძლევს.
შედარება რომ გამოვიყენოთ, ჩემი ნამუშევრების მიმართ ისეთი მიდგომა მაქვს და ისეთი თვალით ვუყურებ, როგორც მხატვარს აქვს დამოკიდებულება თავისი ნახატისადმი ხატვის დროს. მთლიანად ყველაფერი ჰარმონიაში უნდა იყოს. შესაძლოა აღმოჩნდეს ძალიან ჭრელიც, მაგრამ ტონალობა აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ზოგჯერ ჩემი ინტერიერებიც ძალიან ჭრელი, მაგრამ ჰარმონიულია, არაფერი ყვირის და ზედმეტად არაფერი იქცევს ყურადღებას, რადგან ერთ ტონალობაში ვაკეთებ. სწორედ ეს ხდის მას მყუდროს, ორგანულს და მაშინ აღწევ იმ შედეგს, როდესაც ტონალობები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
როგორი სივრცეები მოგწონთ სამუშაოდ?
ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მუშაობის დროს მქონდეს თავისუფლება დამკვეთისგან, იმიტომ, რომ ძალიან რთულია, როდესაც ვინმე ჩემს საქმიანობაში ერევა, რეალურად კი არაფერი იცის და არ მაცდის საქმის კეთებას.
ისე კი, სივრცეს რაც შეეხება, რაც უფრო დიდი და ნათელია, მით მარტივად და კარგად კეთდება. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ როგორი სივრცეც უნდა შემხვდეს, ყოველთვის არის გამოსავალი. მაგალითად, ჩემი გაკეთებულია რესტორანი „ცისფერი მთები“, რომელიც სარდაფშია გახსნილი. რა თქმა უნდა, მომიწია ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა სივრცის განათება, ამიტომ გავაკეთე ფანჯრები ისე, რომ შეიქმნა იმიტაცია, თითქოს სინათლე პირდაპირ შემოდიოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მე მაინც სამუშაოდ უპირატესობას დიდ და ნათელ სივრცეს ვანიჭებ, სადაც მზე შემოდის და უფრო მეტად განათებულია.
სად პოულობთ ინსპირაციას? როგორ იბადება ახალი იდეები?
ამას ძირითადად კონკრეტულად ის სივრცე განაპირობებს, სადაც ვიწყებ მუშაობას. თავდაპირველად, როდესაც შევდივარ სივრცეში, რომელზეც უნდა ვიმუშაო დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად მივდივარ ადგილზე, ვჯდები და ვიწყებ ფიქრს, მაქსიმალურად ვსწავლობ სივრცეს და ვაკვირდები, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ვეძებ ისეთ ადგილებს, კედელს ან ფაქტურას, რომლებიც მე მომწონს და მინდა დავტოვო. თუ ასეთი ადგილი არსებობს, ბუნებრივია, ეს ძალიან აადვილებს საქმეს, რადგან ეს ისეთი რამეა, რომელზეც შეიძლება მთლიანი სურათის აწყობა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო შტრიხებიც − იქნება ეს სუფრა, ფარდა, თუ რაიმე სხვა. მაგალითად, მქონდა შემთხვევა, როდესაც გერმანიაში ვმუშაობდი ქართულ რესტორანზე, სახელად „ლურჯი მელა“, სადაც ინტერიერის გაკეთებისას გადამწყვეტი ბოლო შტრიხები იყო, კერძოდ მაგიდის სუფრები, ძველი რუსული ავანგარდის სტილში, რომელიც სპეციალურად დავაბეჭდინე და სწორედ ამან დააგვირგვინა ყველაფერი.
მოკლედ რომ ვთქვათ, ინსპირაციას საიდანღაც არ ვიღებ. მე ძირითადად ვაკეთებ ეკლექტურ დიზაინს. არ მომწონს კონკრეტულ ტენდენციებზე აყოლა, რადგან როდესაც აკეთებ ძალიან მოდურ ინტერიერს და იყენებ იმ ავეჯს, რაც ახლა მოდაშია, ის მეორე წელს გადადის მოდიდან და გბეზრდება, ხოლო ეკლექტურად გაკეთებული ყოველთვის ტრენდული და კარგია, არის გემოვნებიანი და ძალიან მყუდრო, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა კაფესა თუ რესტორანს. ვიყენებ აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის, სხვადასხვა პერიოდის ავეჯს, რომელიც ერთმანეთში ჰარმონიას ქმნის და ყველას მოსწონს.