თუ დიზაინერი მოინდომებს, მას შეუძლია ჩვეულებრივი შენობა მუზეუმად, ქოხი სასახლედ, საცურაო აუზი კი ცნობილი ბრენდის ფლაგმან ბუტიკად გადააქციოს. წარმოსახვისა და ფანტაზიის უსასრულო უნარის წყალობით, მსოფლიოს არაერთხელ უნახავს მსგავსი საოცარი სახეცვლილება. დღეს სწორედ ისეთი შენობების შესახებ გიამბობთ, რომლებიც საოცარი დიზაინითა და ისტორიითაა გამორჩეული.
LIVRARIA LELLO
პორტოში მდებარე წიგნების მაღაზია Livraria Lello, შესაძლოა ევროპის ყველაზე შთამბეჭდავი წიგნის მაღაზიაც კი იყოს, თუმცა მსოფლიოს 10 საუკეთესოში კი ნამდვილად შედის. ეს მაღაზია ყველაზე უჩვეულო და ცნობილია პორტუგალიაში. მისი ისტორია 1894 წლიდან იწყება. ამ ხნის განმავლობაში მაღაზიას რესტავრაცია პირველად სულ რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა მისი ინტერიერი შენარჩუნებულია. Livraria Lello ნეო-გოთიკურ და არტ-დეკოს სტილს აერთიანებს, რაც მას კიდევ უფრო დიდებულს ხდის. ცენტრალურ ადგილს უჩვეულო ჩახვეული ორმხრივი კიბე იკავებს, რომელიც ტურისტებისთვის ფოტოსესიების საყვარელი ადგილია.
ხის მოჩუქურთმებულ ულამაზეს თაროებზე, რომლებსაც ცნობილი მწერლების თაბაშირის პაწაწინა ბიუსტები ამშვენებს, ფაქტობრივად ყველა წიგნს იპოვით. მაღაზიას „ლელოს“ ოჯახის დევიზი ამშვენებს: „არსი – შრომაშია“.
HERMES BOUTIQUE
„ჰერმესის“ ბუტიკის სახელგანთქმულ დიზაინზე, რომელიც პარიზში, საცურაო აუზის ყოფილ შენობაში მდებარეობს, სააგენტო RDAI-იმ იმუშავა. დენის მონტელისა და RDAI-ის ხელმძღვანელობით შექმნილი არქიტექტურული პროექტი საოცარ კონტრასტებს აერთიანებს.
საცურაო აუზი მარცხენა სანაპიროზე 1935 წელს ააშენეს, მისი დახურვის შემდეგ კი სივრცემ არაერთხელ გამოიცვალა ფუნქცია და დიზაინი. ამ შენობაში „ჰერმესის“ ბუტიკის გახსნა სრულებით არ გულისხმობდა იქ არსებული ინტერიერის გადასხვაფერებას. პირიქით − მიზანი გახლდათ არქიტექტურის პატივისცემა, კონსერვაცია და ხელახალი ინტერპრეტაცია. ერთადერთი მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია იყო აუზების ბეტონის იატაკის დაფარვა. ფასადის ორიგინალური იერსახეც შენარჩუნებულია.
შენობაში წარმოდგენილია ოთხი ორიგინალური დიზაინის მქონე პავილიონი, რომელთა ინტერიერი ფრინველების ბუდეებს მოგაგონებთ. ეს პავილიონები ხისგანაა აშენებული და სივრცის დანაწევრებისა და ორგანიზების ფუნქცია აქვს. კედლებზე არსებული ორნამენტული ელემენტები შემონახული და აღდგენილია.