ინტერიერის დიზაინერი რუსა თუმანიშვილი უკვე 15 წელზე მეტია საყვარელ პროფესიაში დინამიკურ სამუშაო პროცესს არ წყვეტს და საინტერესო პროექტებზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს. როგორც თავად აღნიშნავს, მის მიერ არჩეულ პროფესიაში უმნიშვნელოვანესია ნიშა, რომელიც გამოგარჩევს და ხელწერა, რომელიც მიახვედრებს ადამიანს, რომ ის სწორედ შენი ნამუშევარია. OK! რუსა თუმანიშვილს საქმიანობის სხვადასხვა საინტერესო ასპექტისა და პროფესიის მთავარ გამოწვევებზე ესაუბრა.
როგორი ტიპის სივრცეებზე მუშაობაა თქვენთვის უფრო კომფორტული?
კონკრეტულად ვერ გამოვყოფ. საზოგადოებრივი სივრცეები ხშირად უფრო კომფორტული სამუშაოა, სხვა სტანდარტია გასათვალისწინებელი, საცხოვრებელში კი სულ სხვა. აქ დამოკიდებული ხარ მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანის ინტერესზე, თუმცა მიმაჩნია, რომ ორივე ძალიან საინტერესოა.
გაქვთ გამორჩეული სტილი, რომელსაც უფრო ხშირად იყენებთ?
რომელიღაც ერთ სტილზე არასოდეს ვარ დამოკიდებული და შესაბამისად, ვერც გამოვყოფ. არ მიყვარს სტანდარტში მოქცევა და მუდამ ერთ სტილზე მუშაობა. სჯობს იყოს თანამედროვე, არ იყოს გადატვირთული, გავხსნათ ჩარჩოები და არ ვიყოთ ერთ სტილზე მორგებული. თუმცა ზოგჯერ შესაძლოა მუშაობის პროცესში საჭიროდ მივიჩნიო რამდენიმე სხვადასხვა სტილიდან ჩემთვის საინტერესო დეტალების აღება და საკუთარ ნამუშევარში გამოყენება. ვფიქრობ, ეს უფრო საინტერესოს ხდის საბოლოო შედეგს.
როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს თქვენს ნამუშევრებს დანარჩენებისგან?
ზოგადად, მიმაჩნია, რომ ანტიკური ფორმები ყველანაირი სტილის ინტერიერს უხდება, რადგან ესთეტიკურობას დიდი დოზით ანიჭებს. მიმაჩნია, რომ ყველა დიზაინერს უნდა ჰქონდეს საკუთარი ნიშა, რადგან სწორედ ის არის არტისტის დანიშნულება, რომ მიახვედრო ადამიანი, თუ ვისი შექმნილია ესა თუ ის ნამუშევარი. ვფიქრობ, ჩემი ხელწერა ყოველთვის ეტყობა ჩემსავე ინტერიერს.
როგორია დამკვეთებთან ურთიერთობა?
დამკვეთებთან ურთიერთობა ხშირად კონკრეტულ სტილზე შეთანხმებით ხდება. ზოგადად, სახლში მეტი დოზით არის დამკვეთი ჩართული, ვიდრე საზოგადოებრივ სივრცეებში და უფრო მეტად თავისუფალნიც ვართ აქ იდეების მხრივ.
ასევე, ზოგჯერ არის ბრენდბუქები და სტანდარტი, როცა ოფისებს კონკრეტული მიმართულება, ფერები და პალიტრა აქვთ და ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ, ამიტომ ბევრ რამეში შეზღუდულები ვართ. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვცდილობ, რაიმე ახალი და საინტერესო შევიტანო თითოეულ ჩემ მიერ შესრულებულ პროექტში, რათა არ დაემსგავსონ ერთმანეთს. ყველა პროექტში თუ სიახლე არ არის, აზრი არ აქვს მუშაობას. ხელოვნება სწორედ ასე ვითარდება − 20 საუკუნიდან 21 საუკუნემდე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა სამყაროში, მაგრამ იცვლება ნაბიჯ-ნაბიჯ. თითოეული ხელოვანი ადამიანი თითო ნაბიჯს დგამს და ასე ვითარდება, პროგრესირებს ყველაფერი.
მიჰყვებით თუ არა ტენდენციებს?
ვფიქრობ, ტენდენციებს თავისთავად მივყვებით, მაგრამ რაც ძალიან ტრენდულია, ვცდილობ არ გამოვიყენო, რადგან ის ძალიან მალე ხდება მოსაბეზრებელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, არის ფერები და მასალები, რომელიც გინდა-არ გინდა უნდა გამოიყენო, რადგან თანამედროვე სწორედ ეს არის. ყოველ წელს დავდივარ გამოფენებზე და თვალი უკვე „ისრუტავს“ და იმახსოვრებს ყველა სიახლეს. მიმაჩნია, რომ დიზაინერმა ბევრ რამეზე უნდა მიიღო ახალი ინფორმაცია.
თქვენ შემთხვევაში როგორ მოდის იდეები და ინსპირაცია?
ჩემი ნამუშევრები ხშირად ინსპირაციიდან გამომდინარეობს. ყოფილა შემთხვევები, როცა ველოდებოდი რაიმე ინსპირაციას, ამიღია პროექტი და ვერ დამიწყია მუშაობა, იმიტომ, რომ არ ყოფილა ინსპირაცია. ძალიან მარტივად შეიძლება ქუჩაში გაიხედო და დაინახო ინსპირაციის წყარო, თუნდაც ეს იყოს წითელი აგური, რომელზეც ააწყობ მთელ ინტერიერს.
რომელი ქვეყნის არქიტექტურას გამოარჩევდით?
ესპანეთის არქიტექტურა მომწონს, ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის.
გახსენდებათ ფილმი, სადაც ინტერიერის დასამახსოვრებელი დიზაინი იყო თქვენთვის?
ძალიან მომწონს „შადრევანი“, თუმცა ამ ფილმში კონკრეტულად ინტერიერის დიზაინი არ მომწონებია. მომეწონა ფერები, ჩრდილები და განათება.
შთამბეჭდავი გამოფენები?
აუცილებლად სანახავია მილანის ყოველწლიური გამოფენები, რაც ინტერიერის სფეროში მყოფი ადამიანებისთვის დიდი ინსპირაციის წყაროა და კარგი იქნება, ყველამ ნახოს. ასევე ვენეციის არქიტექტურის ბიენალე, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ეწყობა. დეკორისთვის ძალიან საინტერესოა მეიზონ ობჟე, პარიზში.