ვილა „ოაზისი“ და მანჟორელის ულამაზესი ბაღი ახდენილი ოცნება და რეალობადქცეული ზღაპარია, რომელიც ექვი ლეგენდარული ადამიანის − დიზაინერ ივ სენ-ლორანის და მისი პარტნიორის, ფრანგ მხატვარ პიერ ბერჟეს, აღმოსავლეთმცოდნისა და მცენარეთა კოლექციონერ ჟაკ მაჟორელის, დეკორატორ ჟაკ გრანჟეს, ბოჰემურ არქიტექტორ ბილ უილისის და ლანდშაფტის დეკორატორ მედისონ კოქსის სახელს უკავშირდება.
მარაკეშში მდებარე მიწის ნაკვეთი ჟაკ მაჟორელმა 1923 წელს შეიძინა და 7 წლის განმავლობაში სახლის მშენებლობით იყო დაკავებული. ასევე სახლის ბაღს ეგზოტიკური მცენარეებით აფორმებდა. ვილის დაპროექტება მან მეგობარს, არქიტექტორ პოლ სენუარს სთხოვა და მაროკოს არქიტექტურისთვის დამახასიათებელ სტილში შექმნილი სახლი მიიღო. „ოაზისის“ რამდენიმე კარი და კონსოლი საკუთარი ხელით მოხატა. ვილას დღემდე შემორჩა ლურჯი ფერის კედლები. „მაჟორელის ლურჯი“ − ასე იცნობენ ამ ფერს მსოფლიოში. ბაღი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის 1947 წელს უსახსრობის გამო გაიხსნა.
ივ სენ-ლორანმა ვილა პარტნიორ პიერ ბერჟესთან ერთად 1980 წელს, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში შეიძინა. წყვილმა გადაწყვიტა ეს უნიკალური მოვლენა გადაერჩინათ. დიზაინერი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ცნობილ არქიტექტორ ბილ უილისთან, რომელმაც დიზაინერის სახელოსნოსა და ბერბერული მუზეუმის შექმნაზე იზრუნა. მასვე ეკუთვნის მაჟორელის ტერიტორიაზე კაფეს, წიგნისა და სუვენირების მაღაზიის გახსნის იდეა. ლანდშაფტის დიზაინზე მედისონ კოქსმა იმუშავა და მან აღადგინა როგორც პავილიონები და ბალუსტრადები, ასევე მოაწყო ახალი ბილიკები და მინიატურული მოედნები, ხოლო ბალახი წითელი ხვინჭით ჩაანაცვლა. „ოაზისის“ მეორე სართული, რომელსაც სენ-ლორანმა Minzah დაარქვა, მისივე პროექტით გაკეთდა. იქ არსებული მე-19 საუკუნის ბამბუკის მაგიდა, ცნობილი არქიტექტორისა და დიზაინერის, ადოლფ ლოსას სავარძლები, Bonacina-ს ბრენდის მოწნული სკამები და ისამუ ნოგუჩის დიზაინით შექმნილი სანათები საჩუქრად მიიღო.
როგორც ცნობილია, ივ სენ-ლორანი ძალიან ამაყობდა ჟაკ გრანჟეს თეთრი და მწვანე ფილებით გაწყობილი პავილიონით, რომელიც დღესაც „ოაზისის“ მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. აქ ხშირად იმართებოდა წვეულებები მეგობრებისთვის, რომლებიც ჯერ მავრიტანულ ბიბლიოთეკაში თავმოყრილი რომანებით ტკბებოდნენ, შემდეგ კი უზარმაზარ ლურჯ სასტუმრო ოთახში ვახშმობდნენ.
მას შემდეგ, რაც ივ სენ-ლორანი გარდაიცვალა, „ოაზისის“ ერთპიროვნული მფლობელი პიერ ბერჟე გახდა. დღეს ვილა მუზეუმის ფუნქციას ასრულებს და ყოვლისმნახველ მოგზაურებს დახვეწილი გემოვნებითა და ელეგანტურობით აოცებს.