DECOR BOOK-ის რუბრიკის სტუმრები ინტერიერის დიზაინერი ქეთი ასათიანი და ნუკა კორინთელი არიან. როგორც OK!-ისთან საუბრისას აღნიშნეს, ერთობლივად მუშაობა დადებითად აისახება მათ სამუშაო პროცესზე და განწყობაზე. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ხშირად მათი ინსპირაციის წყაროებიც კი ემთხვევა ერთმანეთს და სწორედ ეს ქმნის მათ ნამუშევრებს კიდევ უფრო გამორჩეულსა და განსხვავებულს.
გვიამბეთ, როგორია სხვადასხვა პროექტზე ერთობლივად მუშაობა? რამდენად გიმარტივებთ ეს სამუშაო პროცესს?
ვფიქრობთ, გუნდური მუშაობა ძალზე დადებითად აისახება ჩვენს სამუშაოზე, რადგან მუდამ ვავსებთ და ვიზიარებთ ერთმანეთის აზრებსა და იდეებს. პროექტის ერთობლივი განხილვის დროს ყოველთვის ახალი იდეები ჩნდება. გაგვიმართლა, რომ ეს პროცესი ჩვენთვის მუდამ საინტერესოა და საბოლოო ჯამში, ყოველთვის ვთანხმდებით და ვითვალისწინებთ ერთმანეთის არგუმენტებსა თუ შეხედულებებს. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ერთ გადაწყვეტილებას ყოველთვის ორი მხრიდან ვაფასებთ და ეს ძალიან პრაქტიკულია.
რა პრინციპით ხელმძღვანელობთ, როდესაც დამკვეთთან იწყებთ მუშაობას?
ჩვენთვის მთავარია, დამკვეთი კარგად გავიცნოთ და გავიგოთ, რა უყვარს. რაც შეიძლება მეტი შევიტყოთ მის ესთეტიკასა და ჩვევებზე, რათა უპირველესად, მისთვის შევძლოთ სასამოვნო და კომფორტული გარემოს შექმნა, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობს.
თუ ჩვენ შევძელით იმის მიღწევა, რომ საპროექტო სივრცეში დამკვეთის პერსონაც იკითხებოდეს და ამავდროულად, ჩვენს ესთეტიკაშიც ჯდებოდეს, მაშინ ეს ჩვენთვის შემდგარი და ღირებული პროექტია.
გაქვთ გამოჩეული სტილი, რომელსაც ხშირად იყენებთ?
გამორჩეული სტილი არ გვაქვს. გვიყვარს და ხშირად ვიყენებთ ისეთ ბუნებრივ მასალებს, რომლებიც დროს გაუძლებს და თვითონაც პირიქით − უფრო ღირებული გახდება.
რამდენად მიყვებით ტენდენციებს?
ვცდილობთ არ ავყვეთ ტენდენციებს, უფრო მეტად თანამედროვე ტექნოლოგიებს ვადევნებთ თვალყურს. ტენდენციები იცვლება და მალე გვბეზრდება, თანამედროვე ტექნოლოგიები კი გვეხმარება მასალების სწორ და პრაქტიკულ გამოყენებაში, ისე, რომ დროს გაუძლონ. ყველაზე სასიამოვნოა, როცა წლების შემდეგ იხილავ საკუთარ ნამუშევარს და მოგწონს.
როგორი ტიპის სივრცეებთან გირჩევიათ მუშაობა?
ალბათ მეტწილად საზოგადოებრივ სივრცეებთან, რადგან აქ უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს და ბევრი ადამიანისთვის ვქმნით დიზაინს. ეს გაცილებით მარტივია, ვიდრე ერთი ოჯახისთვის შექმნილი დიზაინი, რომელიც ისე კარგად უნდა გაიცნო, რომ პროექტის დასრულებისას ოჯახის წევრი ფაქტობრივად თავად გახდე.
რა შეიძლება იყოს ინსპირაცია, როგორ მოდის იდეები?
ინსპირაცია ყველგან არის... არქიტექტურა, მხატვრობა, სკულპტურა, კინო, მუსიკა... ეს ყველაფერი ილექება ჩვენს ცნობიერებაში და კონკრეტულ მომენტში გახსენდება. ალბათ ასოციაციები იწვევს ინსპირაციების ამოტივტივებას. მე მგონი, ამაშიც გაგვიმართლა და ჩვენი შთაგონების წყაროც ხშირად ემთხვევა ერთმანეთისას.
5 ფილმი, რომელიც უნდა ნახო ინტერიერის დიზაინის გამო...
I am love, clockwork orange, the royal tenenbaum, interiors, 2001:a space oddysey.
5 ჟურნალი, რომელსაც უნდა კითხულობდე, თუ ინტერიერი გაინტერესებს...
frame, casabella, domus, werk, bauen+wohnen, detail.
5 გამოფენა, სადაც უნდა წახვიდე ინტერიერის სიახლეების სანახავად...
salone del mobile, miart, 3 days of design/copenhagen , miami design week, maison objet.
5 სახელი, რომელიც უნდა იცოდე, თუ დიზაინზე საუბარი გსურს...
GIO PONTI, marcel breuer, CHARLOTTE PERRIAND, PIERRE JEANNERET, MICHEL BOYER.