პარიზი იმ ქალაქებს მიეკუთვნება, სადაც ყველა ღირსშესანიშნაობის სანახავად მთელი ცხოვრებაა საჭირო. ცხადია, ტურისტებს აუცილებელი ვიზიტების სიაში ლუვრის მუზეუმი პირველ ნომრად შეაქვთ. სახვითი ხელოვნებისა და ისტორიის მოყვარულთათვის ეს ბუნებრივი არჩევანია, თუმცა ლუვრის ერთ-ერთ ფრთაში განლაგებული დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი არანაკლებ მნიშვნელოვან კოლექციას ინახავს.
ეს სივრცე საშუალებას მოგცემთ ინტერიერისა და დეკორატიული ხელოვნების სამყაროში იმოგზაუროთ. უმდიდრესი კოლექცია ისეა განლაგებული, რომ ექსპოზიცია დროში მოგზაურობის საშუალებას იძლევა. ეს უზადოდ გაფორმებული დარბაზები ნათლად ასახავს გარკვეული სტილისა თუ მიმდინარეობის დაბადებას, მისი განვითარების პიკსა და მომდევნო სტილით ჩანაცვლებას.
დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი პარიზში 1905 წელს დაარსდა. მუზეუმი რენესანსის ეპოქიდან დღემდე შექმნილი ავეჯის, ჭურჭლისა და ტექსტილის მნიშვნელოვან ნიმუშებს ინახავს. მათ შორისაა ცნობილი ისტორიული ფიგურების პირადი ნივთებიც. ვიზიტორებს შეუძლიათ იხილონ სხვადასხვა ეპოქის დეკორატიული ხელოვნების 150 000 ნიმუში.
გარკვეულწილად, ეს მუზუმი იმ ეპოქების საცხოვრებელ სივრცეში, ყოველდღიურობაში შეხედვის საშუალებაა.
ბაროკო, ამპირი, არტ-ნუვო, არტ-დეკო, ბაუ ჰაუსი − თუ აქამდე ეს მხოლოდ სიტყვები იყო თქვენთვის, ამ მუზეუმში ვიზიტის შემდეგ, დროსა და სივრცეში ეს მიმდინარეობები მარტივად და სწორად დაიკავებენ კუთვნილ ადგილს. კლასიციზმისა და როკოკოს გარჩევა კი აღარასოდეს იქნება პრობლემა.