თითოეული ადამიანის ხელწერა განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ შექმნა და დაამკვიდრო ყველასგან გამორჩეული ნიშა, ალბათ ძალიან რთულია, მით უფრო მაშინ, როდესაც ხელოვანი ხარ. ჩვენ დღეს თეატრის, კინოსა და მოდის მხატვრის, სიმონ მაჩაბლის შესახებ გიამბობთ, რომელმაც ნამდვილად იპოვა თავისი თავი და დაამკვიდრა ყველასგან გამორჩეული, საკუთარი ნიშა.
როდის გაგიჩნდათ ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ?
პროფესიით გახლავართ თეატრის, კინოსა და მოდის მხატვარი. ინტერიერის დიზაინის მიმართ ინტერესი კონკრეტულ მომენტში არ გამჩენია. ბავშვობიდან, ადგილს, სადაც დროს ვატარებდი, მუდმივად ლამაზად ვაწყობდი, რადგან მსიამოვნებდა ჩემი გემოვნებით შექმნილ გარემოში ყოფნა. მოგვიანებით, როდესაც საცხოვრებლად ცალკე გადავედი, მოვაწყე პატარა სახელოსნო იმის მიხედვით, რაც მაინტერესებდა და მომწონდა. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ამ სფეროს მიმართ ინტერესი. ჩემთვის უფრო მეტად საინტერესოა სივრცისა და გარემოს მოწყობა, ვიდრე ინტერიერის დიზაინი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. როდესაც ინტერიერს სპეციალურად აწყობ და ქმნი, სხვა არის, მე კი უფრო ბუნებრივად მიყვარს ყველაფრის კეთება.
გაქვთ თუ არა გამორჩეული სტილი, ფაქტურა, ფერი, რომელსაც ხშირად იყენებთ თქვენს ნამუშევრებში?
რა თქმა უნდა, როცა დიზაინზე ვმუშაობ, ფერსა და ფაქტურას წამყვანი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩემთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია განათება ინტერიერში, სადაც აქცენტი მიმაჩნია უმთავრესად, რათა შევქმნა ადამიანისთვის კომფორტული გარემო, რომელიც მორგებული იქნება მის ხასიათზე. პირადად მისი ნაწილი უნდა გახდეს ესა თუ ის სივრცე და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ასეც გამოდის ყოველთვის. რომელმა ინტერიერის დიზაინერმაც უნდა იმუშაოს დიზაინზე, საბოლოო ჯამში ადამიანი მაინც თავის კვალს ტოვებს ინტერიერზე.
არის თუ არა რომელიღაც დეტალი, რომელსაც განათების გარდა ანიჭებთ უპირატესობას?
ასეთია ტექსტილი, ქსოვილი და მისი მრავალფეროვნება. ის, რაც აღმოსავლური და ევროპული ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, დღევანდელობაშიც ძალიან მომწონს.
ანიჭებთ თუ არა უპირატესობას ტენდენციებს?
არანაირად. შესაძლოა მაინტერესებდეს ტექნოლოგიური ტენდენციები, მაგრამ კონცეფციები, რომლებიც ტენდენციებს გულისხმობს, არასოდეს მიზიდავს, ისევე, როგორც ინტერიერის სუპერმოდური აქსესუარები და ელემენტები. ჩემთვის საინტერესოა თანამედროვე დიზაინერთა ნამუშევრები.
თქვენ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს ინსპირაცია? საიდან მოდის იდეები?
ინსპირაცია ჩემთვის ყველაფრიდან მოდის, განსაკუთრებით დღევანდელობიდან, ქუჩიდან და ხალხისგან. გარდა ამისა, ვარ მუზეუმების შესაშური მოყვარული, რომლებიც ასევე ხშირად ხდება ჩემი ინსპირაციის წყარო. არ არსებობს ქალაქი, სადაც ნამყოფი ვარ და თითქმის ყველა მუზეუმი არ მინახავს.
უფრო მეტად როგორ სივრცეებზე მოგწონთ მუშაობა?
ინტერიერის კეთება მომწონს, არქიტექტურიდან გამომდინარე. ვერ ვიტყვი, რომ ქართულ თანამედროვე არქიტექტურაზე მაინტერესებს მუშაობა, იმიტომ, რომ ვერ ვხედავ ლამაზ საცხოვრებელ სახლებს, ფაქტობრივად არ მინახავს თანამედროვე ქართული ლამაზი სახლი. დიდი ბიუჯეტი და თავისუფალი არჩევანის უფლება რომ მოეცათ ჩემთვის, ძალიან დამაინტერესებდა მე-18, მე-19 საუკუნის ქართულ თავადურ კარმიდამოსა და თბილისურ სახლზე მუშაობა, რომლის განახლება და გაცოცხლებაც პროექტის მთავარი მიზანი იქნებოდა.
რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს იმ შემთხვევაში, თუ აქვთ ინტერიერის მიმართ ინტერესი?
გარდა დიდი ტექნიკური ცოდნისა, რაც აუცილებელია, აკადემიური განათლება უნდა ჰქონდეს მიღებული დღევანდელ სამყაროში, რადგან წარმოუდგენელია მის გარეშე გახდე შენი საქმის პროფესიონალი. გარდა ამისა, ადამიანმა მაქსიმალურად უნდა განავითაროს თავისი თავი და შინაგანი გრძნობა სამყაროს მიმართ. წესებისა და კანონების მიღმა, თავიანთი დამოკიდებულებაც უნდა მოძებნონ ნებისმიერი რამის მიმართ.
გახსენდებათ ფილმები, რომლებიც უნდა ვნახოთ ინტერიერის დიზაინისა და კინოს მხატვრობის გამო?
აუცილებლად უნდა ვნახოთ ლუკინო ვისკონტის და ინგმარ ბერგმანის ფილმები. ასევე, გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“ და სერგო ფარაჯანოვის ყველა ფილმი.
ჟურნალები, რომლებიც უნდა წავიკითხოთ და დავათვალიეროთ ინტერიერის დიზაინის გამო...
როდესაც სან-მარტინში ვსწავლობდი, ჩვენს ბიბლიოთეკაში იყო „ვოგის“ ფრანგული, ინგლისური და ამერიკული გამოცემის ყველა ნომერი, რომელიც, მიმაჩნია, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა დაათვალიეროს და წაიკითხოს, ვისაც ინტერიერის დიზაინი აინტერესებს. ასევე, ერთ-ერთი ასეთია Architectural Digest, ოღონდ ერთი ჟურნალი არაფერს მოგვცემს. ფუნდამენტური ჟურნალი რომელიცაა, ის თუ გაქვს მთლიანად ნანახი, ესე იგი რაღაც იცი ამ სფეროში.
გამოფენები, რომლებიც უნდა ვნახოთ...
უამრავია. ნებისმიერი სერიოზული მუზეუმი ყოველთვის მართავს კარგ გამოფენას სეზონიდან სეზონამდე.