ალბათ არაფერი გამოავლენს ინტერიერის ფასულობას დროზე უკეთ. რაც უნდა ტრენდული იყოს სივრცე, თუ დიზაინერის ნამუშევარი დროის მიღმაა, მომატებული წლები მას კი არ აძველებს, არამედ კლასიკად აქცევს. ჩვენ მიერ შერჩეული ინტერიერები სწორედ ამ თვისებით გამოირჩევა. თავის დროზე, მათი შექმნისას, სტილის ავანგარდში იყვნენ, ახლა ამ სტილის კლასიკურ მაგალითად გვევლინებიან.
VILLA NECCHI CAMPIGLIO
გასული საუკუნის 30-იანი წლების სტილის ეტალონი მილანის ცენტრში. ასე ახასიათებენ დახვეწილი ელეგანტურობის მწვერვალს თავად იტალიელები. ეს ვილა ცნობილმა არქიტექტორმა პიერო პორტალუპიმ საკერავი მანქანების მაგნატს, ანჯელო კამპილიოს აუშენა. ვილის ექსტერიერიცა და ინტერიერიც 1930-იანი წლებისთვის დამახასიათებელი თავშეკავებული ელეგანტურობისა და დაგეგმარების რაციონალიზმის წყალობით, მეოცე საუკუნის არქიტექტურის მანიფესტად იქცა.
არქიტექტურისა და დიზაინის მოყვარულთათვის ეს სივრცე ყოველთვის ინსპირაციის წყარო იყო და არაერთი იდეის გენერატორად იქცა. სწორედ აქ გადაიღო რეჟისორმა ლუკა გუადანინომ ფილმი „მე ვარ სიყვარული“, შესანიშნავ ტილდა სვინტონის მონაწილეობით, რომლის დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობა ასე იდეალურად შეერწყა სახლის ინტერიერს. ფილმმა ვილას პოპულარობის ახალი ტალღა მოუტანა.
LEIGHTON HOUSE MUSEUM
ვიქტორიანელი ეპოქის არტისტის, ექსტრავაგანტური არისტოკრატის, ლორდ ფრედერიკ ლეიტონის სახლი მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობაა ლონდონში. ეს სახლი ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ იმკვიდრებდა აღმოსავლური ეგზოტიკა ადგილს შეძლებული ევროპელების სახლებში. მოთვინიერებული აზია, ჩარჩოებში მოქცეული და დეკორატიულობის მწვერვალამდე აყვანილი სტილი.
ინტერიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისაღები სივრცეა, რომელიც ლორდმა აღმოსავლური მოჭიქული ფილებით, აუზში მოჩუხჩუხე წყლითა და მდიდრული ტექსტილის მუთაქებით ჰარამხანას დაამსგავსა. შავად შეღებილი, ინგლისური ინტერიერისთვის დამახასიათებელი ხის კიბე მეორე, უფრო ევროპულ, მაგრამ არანაკლებ შთამბეჭდავ სართულზე აგიყვანთ.
სახლ-მუზეუმის კოლექციაში ლეიტონისა და მისი თანამედროვეების მიერ შექმნილი სკულპტურები და ფერწერა ინახება. სახლი საშუალებას მოგცემთ, მათი ცხოვრების თანამონაწილე გახდეთ თუნდაც ნახევარი საათით. ფრედერიკ ლეიტონი გვიანი ვიქტორიანული ხანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი და პიროვნებაა. მის მიერ აშენებულ სახლში იკრიბებოდა იმ დროის ლონდონის ბრწყინვალე საზოგადოება. აღმოსავლეთით გატაცების წყალობით, ლორდმა ლეიტონმა სპარსული, ინდური და არაბული ხელოვნების ნიმუშების საოცარი კოლექცია შეაგროვა.
KARTNER BAR
ვენის ცენტრში მდებარე პატარა Kartner Bar-ი, არტ დეკოს სტილის განსაკუთრებული ნიმუშია. მისი ინტერიერის ელეგანტური, დახვეწილი დეტალები, თითბრის პრიალა ზედაპირები და იდეალური პროპორციები დღესაც უაღრესად თანამედროვედ გამოიყურება.
Kartner bar-ის მართკუთხა მარმარილოს ჭერი, მდიდრული პანელები კედლებსა და ბარზე, მწვანე და თეთრი მარმარილოს იატაკი და მრავალპანელიანი ვიტრაჟი, არსებობის პირველივე დღიდან შთაგონების წყარო გახდა არქიტექტორებისა და დიზაინერებისათვის.
1995 წელს ბარს რესტავრაცია ჩაუტარდა და დღესაც წარმატებულად ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბარისა და არტ-დეკოს მექის სახელს ევროპაში.
RED HOUSE
მე-19 საუკუნის 50-იანი წლებში ინგლისში წარმოქმნილმა მიმდინარეობამ „ართს ენდ ქრაფტს“ უდიდესი როლი შეასრულა დიზაინის განვითარებაში და სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი, როგორც გამორჩეულმა ტალღამ. „არტს ენდ კრაფტსის“ გაჩენას წინ უძღოდა ინგლისის ინდუსტრიალიზაცია. მექანიზაციის პროცესი იმდენად სწრაფი აღმოჩნდა, რომ არტისტების ჯგუფს ბუნებასთან სიახლოვის დაუოკებელი სურვილი გაუჩნდა. დიზაინერ ვილიამ მორისისა და არქიტექტორ ფილიპ ვების მიერ ერთობლივად დაპროექტებული წითელი სახლი მიმდინარეობის მანიფესტად იქცა. ბუნებრივი მასალები, დეკორატიულობა, ტრადიციული ხელობების აღორძინება და განვითარება „არტს ენდ კრაფტსის“ მთავარი პრინციპებია.
THE CHRYSLER CENTER
ნიუ იორკის არქიტექტურული განვითარების პიკი 1930-იან წლებს დაემთხვა, ამიტომ არტ-დეკოს სტილი მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოვლინდა მანჰეტენის ცათამბჯენების ინტერიერებში. თუმცა ყველაზე გამორჩეული, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ბრჭყვიალა მაგალითი, მაინც „კრაისლერის“ ცენტრია. წლების განმავლობაში ვერცხლისფერი გუმბათის დეკორი არტ-დეკოს სტილის განსახიერებად იქცა. აღსანიშნავია, რომ შენობის თავდაპირველი იერსახე განსხვავდებოდა, თუმცა დამკვეთმა − ავტომობილების მაგნატმა ვოლტერ კრაისლერმა არქიტექტორ ვან ალენს უფრო მოდერნისტული და ექსტრავაგანტური შენობა მოსთხოვა და მიიღო კიდეც. სხვადასხვა ფერის მარმარილოს ფილებით მოპირკეთებული ლობი, სპეციალურად შენობისთვის შექმნილი სანათები და დეკორი, „კრაისლერის“ ცენტრს სტილის უმაღლესი ხარისხის გამოვლინებად აქცევს.