უკვე მრავალი წელია, რაც ჩვენი რესპონდენტი სიამოვნებითა და სიყვარულით ემსახურება საკუთარ პროფესიას − ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს. როგორც OK! FASHION BOOK-თან საუბრისას აღნიშნა, დიდი გამართლებაა, როდესაც ადამიანი იმას აკეთებს, რაც მას ბედნიერებას ანიჭებს და სწორედ ამიტომ თავს ძალიან წარმატებულად მიიჩნევს. მაშ ასე, წაიკითხეთ ძალიან საინტერესო ინტერვიუ მაია მაისურაძესთან, რომელმაც გაგვანდო, თუ როდის გაუჩნდა პირველად ინტერესი ამ პროფესიის მიმართ, რა არის მისი შთაგონების წყარო და როგორია მისი სამუშაო პროცესი.
რამდენი ხანია, რაც ინტერიერის დიზაინით ხართ დაკავებული და რას საქმიანობთ ამჟამად?
მთელი ცხოვრებაა, რაც დიზაინის მიმართულებით გუგა კოტეტიშვილთან ერთად ვმუშაობ, მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. მუშაობის პროცესში ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს აზრებს და ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რა იქნება უმჯობესი კონკრეტული სამუშაოს დროს. ახლა უკვე ჩემმა შვილმაც გააკეთა კომპანია „ფაქტორი“, რომელიც ამ საქმეს ემსახურება. ინტერიერისა და ექსტერიერის მიმართულებით, თუკი რაიმე არსებობს, ყველაფერს ვაკეთებ, ზოგჯერ სხვა დიზაინერებთან ერთადაც მიწევს მუშაობა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მაინც ინდივიდუალურად, ან ჩემს შვილთან ერთად ვმუშაობ.
ძირითადად, რაზე მუშაობთ ხოლმე?
ძირითადად, ყველაფერზე ვმუშაობ: ფარდა, გადასაფარებელი, სავარძელი... ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სურს მომხმარებელს.
თქვენი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევდით?
გამოვარჩევდი ეკა ჯაფარიძის ყვითელ ტახტს, რესტორან „ოტიუმს“, ბაიერსს, მწერალთა სახლს, რომელიც ძალიან მეამაყება, და კიდევ უამრავია ასეთი. თითოეული ჩემი ნამუშევარი ძალიან ძვირფასია ჩემთვის, რადგან მთელი არსებით ვარ ჩართული მუშაობის პროცესში და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ შევქმნა რაიმე განსხვავებული და გამორჩეული.
სხვადასხვა ინტერიერისა და ექსტერიერის შექმნის იდეა მუშაობის პროცესში მოდის თუ წინასწარ იცით, რა უნდა გააკეთოთ?
წინასწარ არასდროს ვიცი, რას გავაკეთებ, ან რა დამხვდება. იდეა მას შემდეგ მოდის, რაც ვნახავ ობიექტს. იქ არსებული განწყობა და აურა ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს საბოლოო შედეგის მიღებაში.
პირველად როდის გაგიჩნდათ ამ პროფესიის მიმართ ინტერესი?
მთელი ჩემი ცხოვრება ამ პროფესიით ვმუშაობ. თავდაპირველად, მანქანის შალითების კერვით დავიწყე. შემდეგ მივხვდი, მანქანის შალითებისთვის გვერდები რომ დამემატებინა, უკვე სავარძელი გამოვიდოდა და სწორად აქედან წამოვიდა იდეა, მე და ჩემს მეუღლეს სამეულები გვეკეთებინა. საკმაოდ დიდი საწარმო გვქონდა და დიდ მასშტაბებზეც ვმუშაობდით.
შეიძლება ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ვარ ჩემს საქმიანობაში. სანამ რაიმეს შექმნას დავიწყებ, არასოდეს ვიცი, რას ვაკეთებ ან რის გაკეთებას ვაპირებ. თავად მოდის იდეა, თუ რა უნდა შევქმნა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის უმთავრესი ამ პროფესიაში.
რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
ხშირად მითქვამს, ხალხმა რომ იცოდეს, როგორ მიყვარს ჩემი საქმე, ფულს კი არ გადამიხდიდნენ, პირიქით − აქეთ მომთხოვდნენ. ვფიქრობ, ძალიან დიდი გამართლებაა, როდესაც აკეთებ იმას, რაც ნამდვილად შენია, გაბედნიერებს და დიდ სიამოვნებას განიჭებს.