დავით გიორგაძე: არქიტექტორი
გვესაუბრეთ თქვენს საქმიანობაზე.
პროფესიით არქიტექტორი ვარ. ჩვენი ოფისის საქმიანობა მოიცავს ურბანისტიკას, მოცულობით არქიტექტურას, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინს.
რა გამოარჩევს თქვენს პროექტებს სხვებისგან? რაიმე დამახასიათებელი ნიშანი ხომ არ გაქვთ?
კონკრეტული ჟესტი არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ შენობას, რომელზეც ვმუშაობთ, თავისი ფუნქცია და კონცეფციის განმაპირობებელი გარემოება აქვს. რაც ჩემი ნამუშევრის დამახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს, არის ის, რომ ვცდილობთ იდეაზე იყოს დაფუძნებული, ძლიერი მხატვრული ხაზი ჰქონდეს და ამავდროულად, შენობა მაქსიმალურად ფუნქციური იყოს.
თქვენი შთაგონებით ქმნით პროექტებს თუ ტენდენციებს მიჰყვებით?
ტენდენცია, რომელიღაც დამკვიდრებული მიმართულება და შაბლონური დამოკიდებულება პროცესთან არ მაქვს. ვცდილობთ თითოეულ ნამუშევარს ჰქონდეს ინდივიდუალიზმი და არა ტენდენციური მიდრეკილება.
თქვენს რომელიღაც პროექტს ხომ ვერ გამოარჩევდით?
გამოვარჩევდი დარბაზს ქორეოგრაფ თეა დარჩიას საცეკვაო სტუდიისთვის და მიმდინარე პროექტს – Skate Park-ს „მზიურში“ (რომელსაც მალე იხილავთ დასრულებულს).
რა არის დღეს არქიტექტორისთვის მთავარი გამოწვევა საქართველოში?
არქიტექტორს ზოგადად ბევრი გამოწვევა აქვს, რადგან მისი საქმიანობა გარემოსა და საზოგადოების მიმართ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. საქართველოში და კონკრეტულად ცენტრალიზებულ ქალაქებში, არქიტექტურულად ქაოსური მდგომარეობაა, რაც ბოლო წლების პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემოებებით არის ფორმირებული. ამ მოცემულობაში ჯერ სწორი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო, ხოლო შემდეგ ამ სტრატეგიის რეალიზება. არსებული პრობლემების მიუხედავად, აუცილებელია ესთეტიკური მიდგომით და ღრმა შინაარსის ძიებით გარემოს გაუმჯობესებაზე ფიქრი.