ტატუკა ჯაფარიძე: ლანდშაფტის დიზაინერი
გვესაუბრეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
მე წარმოვადგენ კომპანია Lalage-ს, რომელიც აკეთებს ბაღების დიზაინს; აპროექტებს, აშენებს, უვლის. პირადად მე დიზაინზე ვმუშაობ.
რა გამოარჩევს თქვენს დიზაინს სხვებისგან? გაქვთ თუ არა რაიმე დამახასიათებელი ნიშანი?
ჩვენი კომპანია მუდმივად სიახლეებს და ახალ გზებს ეძებს. ვცდილობთ ის დადგენილი სტანდარტი, რაც არსებობს, გარკვეულწილად გავითვალისწინოთ, თუმცა მაინც ჩვენს არჩევანს მივყვეთ. ვცდილობთ ხაზი იმას გავუსვათ, რაც გარემოსთვის ძალიან ორგანულია და გადავათამაშოთ ის იდეა, რომელიც ბუნებამ იმ კონკრეტულ ადგილას შემოგვთავაზა.
ძირითადად თქვენი შთაგონებით ქმნით დიზაინს თუ რომელიღაც ტენდენციას მიჰყვებით?
შთაგონების წყარო ყველაფერი შეიძლება იყოს. თუნდაც ის, რასაც შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს შეხება მცენარეებთან ან ლანდშაფტთან. შესაძლოა შთაგონება იყოს საინტერესო წიგნი, ფილმი, სკულპტურა ან თუნდაც, ქუჩაში ნანახი ფაქტი.
რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მივყვებით, მაგრამ მებაღეობაში მკვეთრი ტენდენციები არ არსებობს, იმიტომ, რომ ყოველთვის დამოკიდებული ხარ კლიმატზე და ამა თუ იმ მცენარის გამძლეობაზე. ამიტომ რთულია მიჰყვე ტენდენციებს. საინტერესოა უბრალოდ როგორც ინფორმაცია, რათა გაიგო, რა ხდება სამყაროში ახალი.
თქვენს რომელიღაც ნამუშევარს ხომ ვერ გამოარჩევდით?
დიახ, გამოვარჩევდი სასტუმრო IOTA HOTEL-ს, რომლის კოლაბორაციაც არქიტექტორ სოფო გასვიანთან ერთად შედგა. სასტუმროში საკმაოდ რთული მოცემულობა გვქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ გამოდიოდა პატარა ბაღი, თუმცა ეზოს ჰქონდა ძალიან დიდი კედელი მომიჯნავე მხარეს, რომელიც იყო ავარიული და უსაფრთხოების მიზნით უნდა შეგვემუშავებინა რაიმე სახის გეგმა. გამახსენდა, რომ საბჭოთა პერიოდში ყველა დაწესებულებაში ერთნაირად გამწვანებული კუთხეები იყო, სადაც თაროები და ერთნაირი მცენარეები ელაგა. გადავწყვიტეთ ზუსტად ასეთი რამ გაგვეკეთებინა ამ კედელზე და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვიდა.