ლუკა ჩაგანავა / ნინო ჭანტურია: არქიტექტორები
გვესაუბრეთ თქვენს საქმიანობაზე.
არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში საქმიანობა კომპანია NS STUDIO-ს სახელით დავიწყეთ 2013 წლიდან. საკმაოდ პატარა ასაკში მოგვეცა საშუალება გვემუშავა სხვადასხვა მასშტაბურ პროექტზე, რამაც დიდი გამოცდილება შეგვძინა და გვიბიძგა უფრო დიდი მონდომებით, ჩვენი საქმის უსაზღვრო სიყვარულით, პირველ ადგილზე დაგვეყენებინა საკუთარი პროფესიული განვითარება. მას შემდეგ უწყვეტი, დაუღალავი მუშაობის შედეგად ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ თანამედროვე არქიტექტურის განვითარებაში.
რა გამოარჩევს თქვენს დიზაინს სხვებისგან? რაიმე დამახასიათებელი ნიშანი თუ გაქვთ?
ვფიქრობთ, ჩვენი დიზაინით შექმნილ სივრცეებს გარკვეული საერთო მახასიათებლები აქვთ. ვცდილობთ თითოეულ პროექტში საკუთარი დიზაინით შექმნილი სხვადასხვა ელემენტი გამოვიყენოთ − იქნება ეს ავეჯი, განათება, თუ სხვადასხვა სტანდარტული მასალის არასტანდარტულად გამოყენება. დიდი ყურადღება ექცევა დეტალებს, რომლებიც საერთო ჯამში ქმნიან ინტერიერის ან არქიტექტურული მოცულობის საბოლოო, დასრულებულ იერსახეს.
ფერი, რომელიც სხვადასხვა დიზაინს უფრო მყუდროს და კომფორტულს ხდის…
რთულია ერთი კონკრეტული ფერის ამორჩევა. მიგვაჩნია, რომ სივრცის სიმყუდროვე ინტერიერის სხვადასხვა დეტალის სწორი განაწილებით, ფორმებისა და ტექსტურების ერთმანეთთან სწორი შეხამებით არის განაპირობებული. მიუხედავად ამისა, ჩვენს ნამუშევრებში უმეტეს შემთხვევაში ფიგურირებს მწვანე ტონი − იქნება ეს მოპირკეთების, ავეჯის თუ დეკორის სახით.
თქვენი შთაგონებით ქმნით დიზაინს თუ მიჰყვებით ტენდენციებს?
არქიტექტურისა და დიზაინის სფერო ყოველდღიურად ვითარდება და აუცილებელია მუდმივად ეცნობოდე სიახლეებს მსოფლიო მასშტაბით. ჩვენს ნამუშევრებში შთაგონება დიდ როლს ასრულებს, რაზეც დაფუძნებულია ინტერიერისა თუ არქიტექტურული მოცულობის ძირითადი კონცეფცია. ვფიქრობთ, ტენდენციისა და შთაგონების გაერთიანებით ვიღებთ იმ შედეგს და იმ განწყობას, რომელიც ჩვენს პროექტებს გამოარჩევს.