მე-19 საუკუნეში მოღვაწე გერმანელი დურგლის, გამომგონებლისა და დიზაინერის, მიხაელ ტონეტის ისტორიას, რომელიც არსებობას დღესაც აგრძელებს, საქართველო უკვე 15 წელია იზიარებს. კეკელიძის ქუჩის 14 ნომერში ევროპული სკამების სალონი, სახელწოდებით „ტონი“ დედაქალაქში საუკუნოვანი ამბის მთხრობელია.
1930-იანი წლებიდან ტონეტმა საკუთარ სალონში წიფლის ხის მასალის დაგრეხვის ექსპერიმენტებს მიჰყო ხელი და შემდგომში მეთოდი წარმოებაშიც წარმატებით დანერგა. ქალაქ კობლენცში გრეხილი ხის ავეჯის გამოფენაზე გამოჩენამ ავსტრიის კანცლერის ყურადღება მიიპყრო და მისი რეკომენდაციით დიზაინერი ვენაში საკუთარი ფირმის გასახსნელად გაემგზავრა…
გრეხილ ავეჯზე მოთხოვნის სწრაფ ზრდასთან ერთად, მისი წარმოებაც ვითარდებოდა; ჩეხეთში დაარსებული უდიდესი მანუფაქტურის პროდუქცია ექსპორტზე მსოფლიო მასშტაბით გადიოდა და გრეხილი ავეჯის ფაბრიკა, სახელწოდებით TON მალევე უმსხვილეს მწარმოებლად იქცა. მნიშვნელოვანია, რომ ის დღემდე არ თმობს ლიდერ პოზიციას მსოფლიო მასშტაბით.
2004 წელს საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა.
ამიერკავკასიაში ერთადერთი ფილიალი თბილისში მდებარეობს, რომელიც სკამების 100-მდე სახეობას აერთიანებს და თითოეული მათგანის შემთხვევაში, ფერთა განუსაზღვრელ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ძირითადად, კლასიკური სტილით დახასიათებულ სკამებს, უნიკალურ დიზაინთან ერთად, „ტონის“ გრავირება გამოარჩევს. ნებისმიერი მოდელის შერჩევისას შესაძლებელია ხის 30-მდე ფერის გამოყენება, მათი დარბილება 100-მდე ფერის ნაჭრით, ტყავის შემცვლელითა თუ ბუნებრივი ტყავით. ფაქტი, რომ „ტონის“ სკამები ხელნაკეთია, მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფასთან ერთად, პროდუქციის უნიკალურობას უსვამს ხაზს.
„ტონში“ წარმოდგენილია სკამები, მაგიდები, საქანელა-სკამები და რამდენიმე საბავშვო მოდელი, რომელთა შექმნაზეც მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები მუშაობენ. ისინი ბრენდის ხაზისგან გადახვევის გარეშე ქმნიან ტრადიციული და თანამედროვე მოდელის საუკეთესო ვარიაციებს, ინარჩუნებენ „ტონის“ ხასიათს და ამავდროულად ახერხებენ, პროდუქცია ნებისმიერ ინტერიერს მოარგონ.
„ტონის“ პროდუქცია ნატურალური ხისგან მზადდება. გამოიყენება მოხარშული წიფელი, მუხა და ამერიკული კაკალი. ხის მასალის ბუნებრივ პირობებში მრავალთვიანი შრობისა და ორთქლში მოხარშვის ტექნოლოგია ის საიდუმლოა, რომელიც მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციისას სიმყარის გარანტიას იძლევა.
„ტონის“ ისტორია მსოფლიოს 40 ქვეყანაში გრძელდება, იბადება ახალი ნამუშევრები, რომლებიც საქვეყნოდ ცნობილი „ვენური სკამის“ მაგალითის მსგავსად, ტრენდული სიახლე ხდება. ჩნდება სურვილიც, რომ შეიქმნას იდენტური, თუმცა „ტონი“ შეუცვლელ არჩევანად ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იქცა.