ალბათ, რთულად წარმოსადგენია, ერთდროულად იყო ლამაზი, წარმატებული და თან 5 შვილის დედა. დიახ, ჩვენმა რესპონდენტმა, მილენა ხარბედიამ ეს ყველაფერი ნამდვილად შეძლო და დღეს იგი წარმატებით უძღვება როგორც საკუთარი თავისა და ოჯახის მოვლას, ასევე თავისი კომპანიის − PLANETperfecto-ს წარმართვას.
მილენა, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როგორ გაჩნდა კომპანიის დაარსების იდეა?
სანამ ჩემს მეუღლეს გავიცნობდი, ვცხოვრობდი მოსკოვში და 2008 წელს დავბრუნდი სამშობლოში. უკვე ორი შვილი გვყავდა, როდესაც გადავწყვიტეთ მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში გადასვლა საცხოვრებლად.
ვეძებდით ბინას, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და გაგვიჩნდა იდეა, შეგვეძინა მიწის ნაკვეთი და აგვეშენებინა სახლი. ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა ფინანსური რესურსის მოსაძიებლად და საკითხის შესასწავლად, თუმცა, უამრავი პრობლემის მიუხედავად, გადავლახეთ ყველანაირი დაბრკოლება და დავიწყეთ მშენებლობა, სადაც, თითოეულ დეტალში, თავიდან ბოლომდე ჩართულები ვიყავით. ამ მშენებლობიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, თუმცა ამის გარეშე, ალბათ, ვერც მოვიდოდით აქამდე.
სახლის აშენების შემდეგ გამოჩნდა მსურველი, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩვენი დაპროექტებული ნაგებობა და შემოგვთავაზა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ჩვენ დაგვიჯდა ამ ბინის აშენება და კეთილმოწყობა. ჩვენც, რა თქმა უნდა, დავთანხმდით, რადგან ვიფიქრეთ, მონაგები თანხით კიდევ უფრო უკეთეს სახლს ავაშენებდით. ასე დაიწყო ყველაფერი...
როდის მიიღეთ სახლის აშენების პირველი შემოთავაზება?
კომპანია ოფიციალურად 2012 წლის 12 სექტემბერს დავაარსეთ. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით იმაში, რომ ეს საქმე კარგად გამოგვდიოდა. პირველი შემოთავაზებაც ძალიან მალე მივიღეთ, ამიტომ შევქმენით ჯგუფი, რომელიც მოიცავდა ინჟინერს, კონსტრუქტორს და არქიტექტორს. კომპეტენტური ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგ, შევქმენით გვერდები სხვადასხვა სოციალურ ქსელში, რათა რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის მიგვეწვდინა ინფორმაცია ჩვენი მომსახურების შესახებ. ასე დაიწყო ჩვენი განვითარების პირველი ნაბიჯები. ამ დროის განმავლობაში მინიმუმ 100 პროექტი გვაქვს შესრულებული.
იმ დროისათვის ჩვენი ძალიან დიდი მიღწევა იყო 200 კვადრატული მეტრი ფართობის სახლის აშენება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გვქონდა გარდატეხა, როდესაც დაგვიკვეთეს დიდი საწყობი. ყოველი დაკვეთის შემდეგ ჩვენ ვიღებთ უკეთეს შედეგს და ძალიან დიდ გამოცდილებას. მუდმივად ვსწავლობთ და ვცდილობთ რაიმე ახალი შემოვიტანოთ ქართულ ბაზარზე.
რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ დამკვეთებს?
ჩვენი მომსახურება მოიცავს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, ვილების, სასტუმროს, სასაწყობე და საწარმოო სივრცეების მშენებლობას. ჩვენ ვთავაზობთ დამკვეთს საინტერესო ამპლუაში მომსახურებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ვემსახურებით და ვერგებით ყველა სეგმენტის დამკვეთს.
ჩვენი მომსახურება გამოირჩევა საქმისადმი კომპლექსური მიდგომით. ვმუშაობთ უკვე გამოცდილ მომწოდებლებთან, რომლებიც გვაწვდიან ყველაზე ხარისხიან მასალას. შესაბამისად, გარდა მშენებლობისა, ბაზარზე შემოგვაქვს ინტერიერისა და ექსტერიერის ხის შემცვლელი WPC-პანელები და ალუმინის კომპოზიტური პანელები, რომელთა ფერთა გამა ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. მასალები, რომლის მოძიება ხელმისაწვდომ ფასში რთულია, მოთხოვნა კი მაღალი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მომსახურება ამ მიმართულებითაც ხელმისაწვდომია.
გვესაუბრეთ PLANETperfecto-ს გუნდზე.
ჩვენ მივისწრაფვით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ხელმისაწვდომი, კომფორტული, თანამედროვე საცხოვრებელი და კომერციული ფართები, ამით კი ხელი შევუწყოთ ცხოვრების უკეთესი ხარისხის შექმნას.
ჩვენი გუნდის მთავარი უპირატესობა არის საქმისადმი მიდგომა − ყველა პროექტს ვეკიდებით დიდი პასუხისმგებლობით.
გუნდში გვყავს გამოცდილი და ახალგაზრდა არქიტექტორები, კონსტრუქტორი და ინჟინერი, რომლებიც უზრუნველყოფენ მშენებლობის მთლიან პროცესს. გუნდი დაკომპლექტებულია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებით, რომლებთანაც დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს.
შესაძლებელია თქვენთან განვადების გაკეთება?
ჩვენ ვთანამშრომლობთ „საქართველოს ბანკთან“, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს ყველა დამკვეთს; ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს სწორედ საკრედიტო ხაზით დამტკიცებული. ვისაც აქვს ფიქსირებული შემოსავალი, ყველას შეუძლია მივიდეს ბანკში და განვადება გააკეთოს როგორც მშენებლობაზე, ასევე პროდუქციაზე. ვცდილობთ ჩვენი მომსახურება გათვლილი იყოს მოსახლეობის ყველა სეგმენტზე.
სამომავლოდ რას გეგმავთ?
სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს: გარდა იმისა, რომ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ვგეგმავთ მრავალბინიან ეკომშენებლობასაც, ასევე სასწავლო ცენტრის გახსნას, სადაც გადავამზადებთ მშენებლობის სფეროში საჭირო და აუცილებელ პროფესიულ კადრებს.