ქართული OK! სასტუმროების ქსელის ჯგუფ INN GROUP-ის აღმასრულებელ დირექტორს, ერეკლე კოკაიას GUDAURI INN-ში შეხვდა. ერეკლე სიამოვნებით გვესაუბრა კომპანიის მთავარ სტრატეგიასა და განვითარების პრიორიტეტებზე, ასევე მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებზე, რომელთა შესრულებითაც INN GROUP-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში.
ერეკლე, მოგვიყევით, როდის დაინტერესდით ტურიზმით, სტუმარ-მასპინძლობის სფეროთი და რამ გამოიწვია ეს ინტერესი?
ბოსტონის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დასრულებისა და იქ ერთი წელი მუშაობის შემდეგ, 2015 წელს საქართველოში დავბრუნდი. ვფიქრობდი, სად და რომელ ინდუსტრიაში დამეწყო მუშაობა და რადგან მაშინ ყველაზე მზარდი სფერო ტურიზმი იყო, ამ მიმართულებით გადავწყვიტე წასვლა. ხელი შემიწყო იმან, რომ მამაჩემი და მისი პარტნიორები აპირებდნენ სასტუმროს აშენებას. მეც ვცდილობდი მათთვის ხელი შემეწყო. ასე, ნელ-ნელა ჩავერთე და დავიწყე ამ სფეროში საქმიანობა, რომელიც თავისი შინაარსით ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. საკმაოდ დადებითი სფეროა, რადგან ბედნიერ, მხნე, მხიარულ ადამიანებს უკავშირდება − დამსვენებლებს, ჩამოსულ სტუმრებს. ამიტომ ჩემს ხასიათთანაც ახლოს დგას ეს საქმიანობა.
ყველაფერი ნელ-ნელა დავიწყე. თავიდან ტურები გავაკეთე Iveria Inn-ში, შემდეგ უკვე პატარა ბუტიკ-სასტუმროს ჩავუდექი მართვაში. გარდა ამისა, ვმუშაობდი ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში ბიზნესანალიტიკოსად. ეს იყო EBRD-ის მიერ დაფინანსებული ერთგვარი პლატფორმა, რომელიც აკავშირებდა კერძო და საჯარო სექტორებს საქართველში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. ამ ორგანიზაციის საშუალებით, 2017 წელს დავაარსე საქართველოს ტურიზმის საბჭო, რომელიც შედგებოდა ამ სფეროს წარმომადგენელი მოწინავე პროფესიონალებისგან და რომლის მიზანი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციისთვის ტურიზმის ბიუჯეტთან დაკავშირებით რჩევების გაზიარება. ამგვარად, კერძო სექტორის გამოცდილებას და ცოდნას ვუზიარებდით საჯარო სექტორს. სასწავლებლად წასვლამდე, მე გახლდით ამ საბჭოს თავმჯდომარე.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თქვენი კარიერისთვის საზღვარგარეთ მიღებული განათლება?
ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. როცა დავრწმუნდი, რომ ტურიზმში მუშაობა მინდოდა, გადავწყვიტე გამოცდები ჩამებარებინა ამ მიმართულებით საუკეთესო უნივერსიტეტში. ასე ავირჩიე Cornell University, სადაც დავამთავრე მაგისტრატურა. რომ ჩავედი, აღმოვაჩინე, რომ აშშ-ში სხვაგვარი მიდგომებია ტურიზმთან მიმართებაში და განსხვავდება საქართველოს რეალობისგან. იქ სულ სხვაგვარი დამოკიდებულებაა იმასთან, თუ როგორ უნდა ამუშაო სასტუმრო. თავიდანვე ყალიბდები, როგორც მმართველი, სწავლობ ურთიერთობის ხელოვნებას და სტრატეგიების სწორად დასახვის გზებს. ამგვარად, ეს უნივერსიტეტი სწორედ ის აღმოჩნდა, რომელიც მე მჭირდებოდა.
მაგისტრატურა რამდენიმე თვის წინ დავამთავრე და ახლაა ის პერიოდი, როცა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო იქ მიღებული განათლება.
გაიხსენეთ თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო, დასამახსოვრებელი პროექტები, რომლებიც განახორციელეთ.
სასტუმროების − Gudauri Inn და Bakuriani Inn ბიზნესგეგმები ჩემი გაკეთებულია და სწორედ ამ გეგმების საშუალებით მივიღეთ თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“. ჩემთვის ეს ორი პროექტი მნიშვნელოვანი და კარგი გამოცდილებაა.
თქვენ ამჟამინდელ საქმიანობაზე გვესაუბრეთ.
გახლავართ INN GROUP-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მისი უფროსი აღმასრულებელი დირექტორი. ჩემი საქმიანობა მოიცავს სასტუმროების მენეჯმენტის სწორად არჩევას და განაწილებას, სტრატეგიების ჩამოყალიბებას, მიმართულებების დასახვას, ბაზრის განსაზღვრას, პროექტების ბიუჯეტირებას და სხვა პასუხისმგებლობებს.
ერეკლე, როგორ ფიქრობთ, რა აკლია დღევანდელ ქართულ ტურიზმს სრულყოფისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ სწორი მიმართულებებით მივდივართ, მაინც ბევრი გვაქვს სამუშაო. უპირველესად, გასაუმჯობესებელია მომსახურების დონე. რატომღაც ვფიქრობთ, რომ ქართული ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობის განცდა საკმარისია ამ ბიზნესში წარმატებული საქმიანობისთვის, რეალურად კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ ტურისტების მოთხოვნებს ბოლომდე ვერ ვაკმაყოფილებთ. არის ენის ბარიერის პრობლემა, გასაუმჯობესებელია ტურისტული ინფრასტრუქტურა. ბოლოს კი ვიტყოდი, რომ ტურისტულ და სასტუმროს ბიზნესში მომუშავე ადამიანების დიდ ნაწილს უჭირს გადართვა ახალი სკოლის მენეჯმენტზე. ვგულისხმობ უფროს თაობას, რომელიც მკაცრ იერარქიას არის შეჩვეული. მე არ ვუჭერ ამგვარ დამოკიდებულებას მხარს. მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ სხვა, ჩვენ გვერდით მომუშავე ადამიანთა შეხედულებები. მეტი უფლებები და თავისუფლება უნდა მივცეთ ჩვენს დაქვემდებარებაში მომუშავე ადამიანებს.
თქვენი სამომავლო გეგმები გაგვაცანით.
მოცემულ მომენტში ჩემი სამომავლო გეგმები INN GROUP-ის მეტად განვითარება და ჩამოყალიბებაა. მთავარია, ის იყოს ძლიერი ქართული ბრენდი, რომელიც ნებისმიერ საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს. გვინდა ვიყოთ ბიზნესი მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც დავასაქმებთ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს და წვლილს შევიტანთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი განსაკუთრებული ნიშა ხელმისაწვდომ ფასად მაქსიმალურად კარგი სერვისია, რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის ჩამოსვლას. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს ახალი სასტუმროების მშენებლობა. ამ ეტაპზე ვფლობთ თბილისში, 200-ნომრიან IVERIA INN-ს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია უცხოელ ვიზიტორებს შორის. ერთ თვეში გავხსნით 21-ნომრიან ბუტიკ-სასტუმრო Renaissance Inn-ს აღმაშენებლის გამზირზე, ისტორიულ შენობაში, რომლის რესტავრირებაც უკვე განვახორციელეთ. ასევე გვაქვს GUDAURI INN, რომელსაც ამჟამად ვაფართოვებთ და იქნება 90-ნომრიანი. რამდენიმე თვეში დავამთავრებთ BAKURIANI INN-ის შენებას, რომელიც იქნება 154-ნომრიანი პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ჩვენს პორტფოლიოში. გაისად კი ქუთაისში ავაშენებთ 120-ნომრიან სასტუმროს.
უფრო დაწვრილებით გვესაუბრეთ ბაკურიანის პროექტზე.
ბაკურიანში ძალიან დიდი პროექტი გვაქვს. ეს იქნება სასტუმრო, რომელიც ყველა იმ სტანდარტს დააკმაყოფილებს, რომელიც მაღალბიუჯეტიან ტურისტებს სჭირდებათ. სასტუმროს ექნება 25 000 კვ.მ. მრავალწლიანი ნაძვებითა და სხვა ნარგავებით გამწვანებული, ულამაზესი ეზო. სასტუმროს მახლობლად იქნება აპარტამენტებიც, რომლის მენეჯმენტსაც მთლიანად BAKURIANI INN აიღებს საკუთარ თავზე. აპარტამენტების მფლობელები ისარგებლებენ სასტუმროს ყველა სერვისით 20%-იანი ფასდაკლებით. რაც შეეხება თავად სასტუმროს მრავალფეროვან მომსახურებას, იგი მოიცავს აუზებს, საუნებს, მასაჟს, 3 რესტორანს, საბავშვო ბაღს, დიდ პარკინგს, საკონფერენციო დარბაზებს, 4 ლაუნჯს. ამ პროექტზე საუბრისას განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ბაკურიანში ერთი ხეც კი არ მოგვიჭრია, ისე შენდება მთელი კომპლექსი. მეტიც − სასტუმროს გარშემო არის მრავალწლიანი ხეები, რომელთა შორის ზოგიერთი დაავადებულია და ვმკურნალობთ, რომ გადავარჩინოთ. ვაპირებთ ეზოს კეთილმოწყობას და დაახლოებით 600-მეტრიანი სასეირნო ბილიკის დაგებას.
ერეკლე, როგორ ფიქრობთ, რაშია INN GROUP-ის წარმატების გასაღები?
ჩვენი წარმატება გამოწვეულია იმით, რომ თავიდანვე დავსახეთ სწორი სტრატეგიები და პრიორიტეტები. უპირველეს ყოვლისა, ესაა სწორი საფასო სტრატეგია, ჯანსაღ კვებაზე ორიენტირება, მეგობრული და კეთილგანწყობილი სერვისი, მაქსიმალურად კომფორტული ნომრები, რომელიც სტუმრებისთვის საჭირო ყველა ნივთით და მოწყობილობებითაა აღჭურვილი.