Black Tomato Tbilisi და Black Tomato kutaisi - ეს არის საინტერესო და განსხვავებული კონცეფციის ჰოსტელი, რომელის ისტორიაც ერთი წლის წინ დაიწყო და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს.
როგორც Black Tomato Tbilisi–სა და Black Tomato kutaisi–ს ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ელენე ზამთარაძემ OK! Magazine Georgia–თან საუბრისას აღნიშნა სურვილი ყოველთვის ჰქონდა ჰქონოდა საკუთარი ჰოსტელი, თუმცა ეს მხოლოდ იდეის დონეზე რჩებოდა, იქამდე სანამ თითქოსდა „შემთხვევითობამ“ სრულიად არ შეცვალა ყველაფერი.
გვიამბეთ სასტუმროს შესახებ, როდის გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, საიდან გაჩნდა იდეა და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც მის უკან დგანან?
ელენე:შავი პომიდორის ისტორია ერთი წლის წინ დაიწყო - ჩვენ ვართ ბავშვობის მეგობრები - ელენე და მარიამი, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა იდეა, შეგვექმნა საინტერესო კონცეფციის მქონე ჰოსტელი. შევარჩიეთ ქალაქი, რომელსაც დროსთან ერთად უფრო და უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს. იდეა ჩვენს გონებაში არსებობდა, თუმცა საქმის დაწყების ბიძგი სრულიად შემთხვევითობამ მოგვცა. ერთ მშვენიერ დღეს ტაქსით მგზავრობის დროს მძღოლთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ იგი აქირავებდა ბინას ქუთაისში. ვიფიქრეთ, შემთხვევით არაფერი ხდება და გადავწყვიტეთ, ბინის სანახავად ქუთაისში ჩავსულიყავით. ვიზიტისას დავათვალიერეთ სხვა სახლებიც, რომელთაგან ერთ-ერთის ნახვის შემდეგ მივხვდით, რომ ეს იქნებოდა შავი პომიდორი - ჰოსტელი და ღვინის ბარი ქალაქის ძველ უბანში, რომელიც სტუმრებისთვის კომფორტული დასვენების, გართობის, უცხო ადამიანების გაცნობის, მათთან ერთად თამაშისა თუ უბრალოდ ღვინის დალევისა და მშვიდი საუბრის გარემოს შექმნიდა. ასეც მოხდა - შავი პომიდორი ქუთაისი 2019 წლის აპრილში გაიხსნა. ჰოსტელის დატვირთულობამ და სტუმრების დადებითმა შეფასებებმა ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ამ ყველაფერმა იმხელა მუხტი მოგვცა, რომ ვგრძნობდით, აქ არ უნდა გავჩერებულიყავით. ასე გაჩნდა შავი პომიდორი თბილისი.
რა არის მასში განახავებული, რა უპირატესობებით გამოირჩევა სხვა სასტუმროებისგან და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ობიექტი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში, ძველ თბილისში. თბილისის მრავალფეროვნება ყველანაირი ინტერესის მქონე ადამიანს ერგება. აქ ყველას შეუძლია იპოვოს თავისი ადგილი და მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ტურისტებს სჭირდებათ მშვიდი ადგილი, სადაც დატვირთული დღის ბოლოს დაისვენებენ. სწორედ ასეთია შავი პომიდორი თბილისი - ჰოსტელი მინიმალისტური და განსხვავებული ინტერიერით, ხის, ხელნაკეთი ავეჯით არის მოწყობილი. მეგობრული მომსახურე პერსონალი სტუმრებს შემდეგი დღეების ასევე საინტერესოდ დაგეგმვაში ეხმარება.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ჩვენი სურვილია, რომ ჰოსტელების ქსელი შავი პომიდორი ჩამოყალიბდეს ძლიერ ბრენდად, რომელიც თბილისისა და ქუთაისის გარდა საქართველოს სხვა წერტილებშიც გაჩნდება.
ჩვენი მიზანია, რომ შავი პომიდორის ყველა ობიექტს აერთიანებდეს 5 კომპონენტი: ხელმისაწვდომი ფასი, კარგი ადგილმდებარეობა, მეგობრული მომსახურება, განსხვავებული ინტერიერი და სივრცეები სოციალიზაციისთვის.
ჩვენი ხედვით, ჰოსტელები, რომლებიც ამ ხუთ კომპონენტს გააერთიანებენ, ინდივიდუალური ხასიათი ექნებათ. საერთო სტანდარტების მიუხედავად, თბილისისა და ქუთაისის შავ პომიდორი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. სტუმრებს ხმაურიანი და ქაოტური თბილისური დღეების დასასრულს შავი პომიდორი მშვიდ და სასიამოვნო დასარჩენს სთავაზობს. ქუთაისში კი სტუმრები დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს ბუნებისა თუ კულტურული ძეგლების დათვალიერებით არიან დაკავებულები. ჩვენ კი საღამოს მათ ვუქმნით გარემოს, სადაც გაიცნობენ უცხო ადამიანებს, გაერთობიან და დააგემოვნებენ ადგილობრივი წარმოების ღვინოებს ჩვენს ღვინის ბარში.
Black Tomato kutaisi
Black Tomato Tbilisi