ნინო არაზაშვილი – „TVპირველის“ გადაცემის „პირველამდე“ მთავარი პროდიუსერი და წამყვანი
დიდი სახლი არაა ჩემი სტიქია. ვიკმარებდი, ჩვენ რომ ვეტეოდეთ და დამატებით ერთი საძინებელი სტუმრებისთვისაც რომ მქონდეს. ვახშმად შეკრებილები რომ ვეღარ ველევით ერთმანეთს და არ გვინდა განშორება, დავიტოვებ და დილიდან კიდევ ბევრს გავიხსენებთ საერთოს.
რა სჯობს ერთად ყოფნას?..
სიმშვიდეში, სიმწვანეში ჩაფლული სახლი ისეთ მიწაზე მინდა იდგეს, მეზობლები რომ შევთანხმდით და ღობეები არ გვაქვს. მხოლოდ მწვანე გაზონების გასწვრივ ერთმანეთთან დამაკავშირებელი დეკორატიული ბილიკებით გადავაწვდიდით ერთმანეთს ცეცხლიდან ახლად გადმოდგმული კერძის მისართმევ ულუფას. „ნახეთ, რა გემრიელი გამომივიდა, ეგებ თქვენც გესიამოვნოთ“, – გულში რომ გაივლებ ყოველ ჯერზე, როცა ლამაზი ლანგრით მიაწვდი მეზობელს შენს ნახელავს. იმიტომ კი არა, რომ მას თავისი სადილი არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ მეზობლობის სიყვარული გაუზიარო...
გოგა ჩანადირი – ფოტოგრაფი
როგორია ჩემი საოცნებო სახლი?
ბევრი სამკუთხა სახურავით და აუცილებლად მწვანეში ჩაფლული. დღესაც, თბილისში ერთ-ერთი მწვანე აივანი მაქვს, მაგრამ მაინც არ მყოფნის. მინდა, ჩემი სახლი მუდამ მწვანე და ყვავილოვან მცენარეებში იყოს ჩაფლული.
მინდა დიდი მწვანე სივრცე, სადაც ცხოველების გასეირნება შეიძლება. იმხელა ეზო მინდა, რომ ჩემ შვილს იქ სირბილი და გართობა შეეძლოს და ამისთვის სპეციალურად სადმე წაყვანა არ დამჭირდეს. ეზოში მინდა ბევრი ფანჩატური, სადაც საღამოს მეზობლები ძველი თბილისური ეზოებივით შეიკრიბებიან.
ბახვა ბრეგვაძე – მსახიობი, ტელეწამყვანი
მინდა ისეთ ქალაქში ცხოვრება, სადაც იქნება ბევრი პარკი, ბევრი სიმწვანე, სუფთა ჰაერი, და ეკოლოგია იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისთვის. ჩემს სახლს რაც შეეხება, მინდა ჰქონდეს მაღალი ჭერი, დიდი დარაბები, დიდი აივანი და დიდი ფანჯრები. სადაც გაიხედავ, იქიდან რომ მოჩანდეს ლამაზი ხეები და კარგი ხედი.
ირინა ონაშვილი – მოდელი
ცოტა ბანალურია, მაგრამ იდეალური ბინა ჩემთვის არის სამზარეულოდან ვერანდა და ლამაზი ხედი, და რაც მთავარია – ხედიდან ბევრი სიმწვანე, რაც ასეთი დეფიციტია ჩვენთვის. მსგავსი ლოკაცია, ალბათ, ჩემი სიმაღლის შიშის ფობიასაც დამაძლევინებდა, თუმცა ვოცნებობ თბილისთან ახლოს, საკუთარ პატარა სახლზე, რადგანაც ზაფხული უფრო მეტად მიყვარს – აუზით და გამწვანებით.
მნიშვნელოვანია, ბავშვებს ქონდეთ გასართობი ზონები და სათამაშო მოედნები როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში. ჩემი სახლის ტერიტორიაზე მინდა იყოს აუზი, ან სავარჯიშო დარბაზი, ამისთვის სპეციალურად შორს წასვლა რომ არ დამჭირდეს.
ბავშვებისთვის სკოლა და საბავშვო ბაღი სახლთან ახლოს მინდა იყოს, ველოსიპედით რომ თვითონ შეძლონ უსაფრთხოდ მისვლა. არც იმაზე ვიტყოდი უარს, სილამაზის სალონი და კარგი კაფე ეზოშივე მქონდეს. ალბათ ბევრს ვოცნებობ, მაგრამ თუ ოცნებაა, ისეთ ტერიტორიას ვისურვებდი, სადაც პიკნიკსაც გავმართავდი კარგ ამინდში. და რაც მთავარია, პარკირების სივრცე.