თბილი დღეების სეზონი რენოვაციისთვის განსაკუთრებულად აქტიური პერიოდია, განახლების პროცესი კი ზედმიწევნითი სიზუსტით გაწერილი გეგმის მიხედვით მარტივად სრულდება. საცხოვრებლის რენოვაციის დიზაინზე მუშაობა ინტერიერის დიზაინის პრეროგატივაა, რომელიც საკუთარ ხედვას კომფორტულ გარემოში განასხეულებს. რუსა თუმანიშვილი 15 წლის განმავლობაში საყვარელ პროფესიაში დინამიკურ სამუშაო პროცესს არ წყვეტს და ავეჯის წარმოების საკუთარ ხაზსაც ხელმძღვანელობს. The wall design studio-ს დამფუძნებელს OK! საქმიანობის მრავალ საინტერესო ასპექტზე და არქიტექტურისა თუ დიზაინის სტუდიის სერვისების უპირატესობის შესახებ ესაუბრა.
რამდენად რთული გამოწვევა იყო წლების წინ საკუთარი კომპანიის დაფუძნება? რა შთაგონებით იყავით განმსჭვალული?
სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტი ინტერიერის დიზაინის განხრით დავამთავრე. საკუთარი თავი მუდმივად ამ პროფესიასთან სინთეზში მახსოვს. 4 წლის წინ კი ის დრო დადგა, როცა ვიფიქრე, რომ ჩემი საქმიანობა პირად კომპანიასთან დამეკავშირებინა – ასე შეიქმნა The wall design studio, რომელიც ფაქტობრივად მარტივი ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან ერთსა და იმავე საქმეს ვემსახურები. შეიცვალა ის, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობა გამიჩნდა. კომპანიის დაარსებამდე და ახლა უკვე მასთან ერთად, ერთადერთი მიზანი მაქვს – ხედვა იმ სივრცედ ვაქციო, სადაც ადამიანებისთვის ყოფნა კომფორტს უკავშირდება.
მრავალი წელია ერთსა და იმავე საქმეს, თანაც საკმაოდ შრომატევად პროფესიას ემსახურებით. რა არის მთავარი მოტივატორი?
ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, შუაღამით ხშირად ავმდგარვარ, რომ იდეები ჩანახატებად მექცია. მუდმივად დავატარებ ლეპტოპს ან ბლოკნოტს, თანაბრად ვმეგობრობ ტექნიკასთან და ფანქართან; ჩემი თავისუფალი დროც კი ეკუთვნის დიზაინზე მუშაობას, მუდამ ყურადღებით ვარ, რადგან იდეა ნებისმიერ წამს შეიძლება მოვიდეს.
მთავარი მოტივატორი, რაღა თქმა უნდა, სწორედ ესაა. როცა გიყვარს ის, რასაც აკეთებ, მხოლოდ სიამოვნებას გრძნობ და ადვილად გადაფარავ შრომატევადი საქმით გამოწვეულ დაღლასაც.
თქვენი დაკვირვებით, ამ წლების განმავლობაში რა შეიცვალა თქვენს პროფესიასთან მიმართებაში?
უამრავი რამ შეიცვალა. უპირველესად კი დაიხვეწა გარემო და მომხმარებელი. შესაბამისად, გაიზარდა ინტერიერის დიზაინერისადმი მომართვიანობაც. ყველას ხიბლავს ეს კრეატიული პროფესია და აქტიურად გვიკავშირდებიან; რაც მთავარია, შეიცვალა მიდგომებიც და ფაქტობრივად ბოლომდე გვენდობიან, ცნობენ ამ პროფესიის რეალურ ძალას.
ძირითადად, რა მოთხოვნები აქვთ მომხმარებლებს?
საცხოვრებელი სახლების შემთხვევაში, ძირითადი მოთხოვნაა, სივრცე იყოს მყუდრო და თბილი. ფაქტობრივად, წინასწარ, რეფლექსურად ვგრძნობ, რომ ეს იქნება მათი სურვილი.
როგორ მიიღწევა სწორედ ასეთი გარემო ინტერიერში?
უპირველეს ყოვლისა, განათება და ფერები, განათების ურთიერთქმედება პიგმენტთან. რა თქმა უნდა, ცალკე საკითხია ის, თუ ვისთვის რა განსაზღვრავს კომფორტის ცნებას.
როგორც ინტერიერის დიზაინერმა, უნდა გაითვალისწინო ადამიანის ინდივიდუალური ხასიათი და მისი გემოვნება. შესაძლებელია უამრავი დეტალი იყოს ტრენდული, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი იმის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს, რაც მას პირად კომფორტს შეუქმნის. მაგალითისთვის, ჩემს სახლში უფრო მეტად ცივი ტონები და უხეში ფორმები ჭარბობს, რაც, ალბათ, სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ძირითადად, მოთხოვნიდან გამომდინარე, საპირისპირო სტილზე მუშაობა მიწევს.
როგორ დგება კომუნიკაცია თქვენსა და მომხმარებელს შორის, სწორედ იმ მიზნით, რომ საერთო კონსენსუსს მიაღწიოთ, ჩამოყალიბდეთ საერთო ხედვებზე?
მაქვს არაერთი შეკითხვა, რომელიც მეხმარება, მომხმარებლის ხასიათს სწორად ჩავწვდე, გავუგო, რა სურს. ხშირად რამდენიმე შეხვედრას ვაწყობთ, რათა ერთმანეთი კარგად გავიცნოთ. ამაში გამოცდილება დიდ როლს თამაშობს. მხოლოდ ამ ფონზეა შესაძლებელი საერთო ხედვის შემუშავება და შემდგომში მისი განხორციელება.
როგორ ახერხებთ, დამკვეთის პროექტში საკუთარი ხელწერა არ დაიკარგოს?
გამორიცხულია, ნებისმიერი მოთხოვნის პირობებშიც კი, ვერ შეძლო საკუთარი სათქმელი თუნდაც ერთ მცირე დეტალში არ თქვა. მინიმალიზმი მიტაცებს (less is more – „ნაკლები არის მეტი“ კონცეფცია), სტილის არაერთგვაროვნება – ალბათ, სწორედ ესაა ჩემი ხელწერა და იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი სრულ ნდობას მიცხადებს, თავისუფლებას ვგრძნობ. სწორედ ამ დროს კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმითა და იდეით ვივსები. ბოლომდე ვიზიარებ ჩარლზ იმსის ფრაზას: „დეტალები მხოლოდ დეტალები არ არის, ისინი ქმნიან დიზაინს“.
გამოცდილების მიღმა, რა გავითარებთ პროფესიულად?
წინააღმდეგობები! თუნდაც ის ფაქტი, რომ არაერთი მასალა ქართულ ბაზარზე არ არის ხელმისაწვდომი, წინააღმდეგობაა, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავყავარ და სიახლეების ძიებისკენ მიბიძგებს.
მოგზაურობა კი, თავის მხრივ, მეხმარება. რუტინიდან გამოთიშული, ბევრად უკეთ ვალაგებ აზრებსა და იდეებს, და უამრავი ინსპირაციით ვივსები. წელიწადში რამდენჯერმე მივფრინავ ევროპის არაერთ მნიშვნელოვან წერტილში, სადაც ინტერიერის დიზაინის კუთხით ბევრი საინტერესო გამოფენაა; ვარჩევ მასალებს, ავეჯს, აქსესუარებს და ვთანამშრომლობ არაერთ წარმატებულ ბრენდთან.
მოდის მსგავსად, სიახლეები ამ სფეროშიც მუდმივად ჩნდება. უნდა მოახერხო და დაეწიო მას, არასდროს გაჩერდე, რადგან ასე საინტერესოს ვეღარაფერს შექმნი.
თქვენ ავეჯის საკუთარი ხაზიც შექმენით. გვიამბეთ ამის შესახებ...
ავეჯის ხაზი მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა. ნაწილი საქართველოში, ნაწილი კი უცხოეთში მზადდება, ვინაიდან საკმაოდ რთულად შესასრულებელი ფორმები ახასიათებს და ზოგჯერ ადგილობრივ ბაზარზე დამზადება ვერ ხერხდება.
არც მახსოვდა, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მსგავსი ავეჯის ჩანახატებს ვაკეთებდი. ნელ-ნელა ვპოულობ მათ ფურცლებზე და მიხარია, რომ არაერთი მათგანი უკვე რეალურად შევქმენი.
როგორია წლევანდელი ტენდენციები?
აქტუალურია რამდენიმე ფერი – ვარდისფერი და მისი ვარიაციები, ასევე მარჯნისფერი. გამორჩეულია ე.წ. დასხმული იატაკის დიზაინიც, კრისტალის ჩანართებით.
როგორ დაახასიათებდით ქართულ ბაზარს ინტერიერის დიზაინის თვალსაზრისით?
ქართული რეალობა საკმაოდ დახვეწილი და განვითარებულია. გვახასიათებს მთავარი რამ – წინსვლა. ასევე ჩვენ არ ვჩერდებით ერთ სტილზე და ღია ვართ სიახლეებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში თითოეულმა დიზაინერმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ.