დედაქალაქის მთავარი არქიტექტორის, მამუკა ჩხაიძის შემოქმედებითი ისტორია 35 წელიწადზე მეტს ითვლის. უამრავი განსხვავებული თემატიკა, თუმცა საერთო ხელწერა − მისი არქიტექტურული სტილია. უცხოეთში საკუთარი პროექტების ხორცშესხმის პარალელურად, იგი საქართველოს დაუბრუნდა და დიდი ენთუზიაზმით განახლებული კონცეფციის საპროექტო ორგანიზაცია − „სტუდია 9“-ს ხელმძღვანელობს. კომპანია ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ პროექტირების სერვისის მქონე დაწესებულება, რადგან მისი შინაარსობრივი მხარე არაერთ საინტერესო მომსახურებას აერთიანებს.
„სტუდია 9“ სივრცეა, სადაც უცხოელი და ქართველი არქიტექტორები და სამშენებლო თუ დიზაინის სფეროს პროფესიონალი ადამიანები იყრიან თავს და მომავალი თაობებისთვის წარმატების ერთგვარი ტრამპლინი ხდებიან, რადგან აქ მათთვის ერთგვარი სასწავლო გარემო ყალიბდება.
საკონსულტაციო მომსახურება, არქიტექტურული პროექტირება, სამშენებლო სამუშაოების წარმოება და მონიტორინგი, საინვესტიციო და საკონკურსო კონცეფციებისა და პაკეტების შემუშავება, სფეროსთან დაკავშირებული იურიდიულ-სამართლებრივი და საადვოკატო მომსახურება − „სტუდია 9“-ის სერვისების ჩამონათვალია.
OK! კომპანიის დამფუძნებელსა და არქიტექტორებს სრული სურათის წარმოსადგენად ესაუბრა.
ინტერვიუ „სტუდია 9“-ის მთავარ არქიტექტორ მამუკა ჩხაიძესთან:
როგორ ფიქრობთ, მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში რომელი უნარი ან ხასიათის შტრიხი გამოგადგათ განსაკუთრებით კარიერულ გზაზე?
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მხოლოდ პროექტირება საკმარისი არაა და მნიშვნელოვანია ობიექტის შექმნას ბოლომდე მიჰყვე. ამის ნებისყოფა საკუთარ თავში უნდა იპოვო. ჩემი პრინციპი საბოლოო სახით არქიტექტურული შენობის ჩაბარებაა. ეს უნარი წლების განმავლობაში ხელს მიწყობს, საკუთარი ჩანაფიქრი რეალობაში მაქსიმალური სიზუსტით გადმოვიტანო.
თქვენი საქმიანობა სამშობლოს ფარგლებს სცდება. რა უპირატესობა ექნება უცხოეთში დამყარებული კონტაქტების გათვალისწინებით, „სტუდია 9“-ის არსებობას საქართველოში?
ჩემი მიზანი ქართველი და უცხოელი პროფესიონალების გაერთიანება და ერთ გუნდად ქცევაა. მინდა „სტუდია 9“ არა მხოლოდ საპროექტო, სამშენებლო, დიზაინერულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს, არამედ ერთგვარ სკოლადაც იქცეს, სადაც სხვადასხვა თაობა საერთო ინტერესების ირგვლივ გაერთიანებას შეძლებს.
როგორ დაახასიათებდით თქვენს არქიტექტურულ ხელწერას?
გამოვყოფდი ფაქტს, რომ ძალიან მხიბლავს საინტერესო კონტრასტები და ძველისა და ახლის სინთეზი ექსტერიერსა და ინტერიერში.
რა ნიშან-თვისება გამოარჩევს ნაგებობას, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს ღირებულ არქიტექტურულ ნიმუშად?
უპირველესად, უნდა ერგებოდეს გარემოსა და სოციუმს, და უძლებდეს დროს.
როგორაა შესაძლებელი ასეთი რთული გამოცდის შედეგები წინასწარ განისაზღვროს?
მნიშვნელოვანია მთავარი ფაქტორის გათვალისწინება და ეს ნაკლებპრეტენზიულობაა. სივრცეში უპრეტენზიოდ მოთავსება საკმაოდ რთული ამოცანაა. ხშირად არქიტექტორები ამას შეგნებულადაც გაურბიან, რადგან მეტი ეპატაჟურობით სურთ საკუთარი შემოქმედების აუდიტორიის წინაშე წარდგენა. თუმცა მიმაჩნია, რომ რთული ისაა, ე.წ. უპრეტენზიო არქიტექტურით მოახერხო და შექმნა სოლიდური ნიმუში. სწორედ ის გაუძლებს დროს.
დღევანდელობაში განსაკუთრებით აქტუალურია გამწვანების საკითხი, რა როლი უჭირავს მას თქვენთან?
სიმწვანეს ჩემთვის უდიდესი როლი აქვს. ვფიქრობ, ის დრო წავიდა, როცა შესაძლოა ფიქრობდნენ, ააშენებდნენ და გამწვანებას სხვა მიხედავდა. ჩემთვის ლანდშაფტი, არქიტექტურა, დიზაინი − ერთიანი ცნებაა, უნისონი, რომელიც საერთო ემოციას ქმნის.
რა გავლენა იქონია სახლმა, სადაც გაიზარდეთ, გარემომ, რომელშიც აღიზარდეთ? განსაზღვრა თქვენი გემოვნების ჩამოყალიბება?
ქალაქ ფოთში, ხელოვანთა ოჯახში დავიბადე. ციტრუსის მეურნეობასთან სიახლოვეს მყოფი, ვხედავდი ფორთოხლის, ლიმონის ხეების აყვავებას და საოცარ გარემოში ცხოვრება მიწევდა. ბავშვობიდანვე ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდა ქანდაკებებზე მამა. მაშინვე ვიცოდი, რომ მეც ცხოვრებას ხელოვნებას დავუკავშირებდი.
როგორ გაიხსენებდით, რა გამოწვევების წინაშე იდგა არქიტექტურა ძველად და რასთან გვაქვს საქმე დღეს, როცა აღნიშნულ სფეროს ვეხებით?
მაშინ, როცა საკუთარი პროფესიული არჩევანი გავაკეთე, ნაკლები თავისუფლება და მეტი ჩარჩო არსებობდა. მშრალად უყურებდნენ არქიტექტურას, რაც ინდივიდუალიზმს ახშობდა. ფაქტობრივად, არ არსებობდა დამკვეთიც და მის როლში სახელმწიფო გვევლინებოდა, რომლისთვისაც მთავარი საყოველთაო სახის ნაგებობების შექმნა იყო. არც მასალები გახლდათ საინტერესო, რომლის არჩევანიც დღეს ასეთი მრავალფეროვანია. დღეს იდეებისა და შთაგონებების დროა, რომელთაც დღის შუქის ნახვა შეუძლია.
როდის დგება გარდამტეხი მომენტი? როცა გრძნობთ, რომ ის დრო დადგა, როდესაც ნამუშევარი ფინიშთან მიიყვანეთ?
როგორც აღვნიშნე, ფინიშამდე გაყოლა უმთავრესია. ერთია, რა დახაზე ქაღალდზე, მეორე კი ის, რა გადმოგაქვს რეალობაში და როგორ იერს იძენს ის. უნდა შეგეძლოს, ნახაზის მასალებში წინასწარ დანახვა, გარემოში მისი წარმოდგენა. როცა მშენებლობა დასრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ გააკეთო ანალიზი, რა შეძელი.
რას ეტყოდით დამწყებ არქიტექტორებსა და იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი ცხოვრების ამ პროფესიასთან დაკავშირება გადაუწყვიტავთ?
მაშინ, როცა ჩემმა შვილმა − აკაკიმ, პროფესიის არჩევის სურვილი გამოთქვა, ვასწავლე, რომ არქიტექტურა საკუთარი თავის სრულად მიძღვნას ითხოვს. არ გამოდგება, მის მეორად პროფესიად არჩევა და ნაწილობრივ მისით გატაცება. არჩევანი მაინც გააკეთა და დღეს ის ჩემი თანამშრომელია. იგივეს ვეტყოდი სხვებსაც, ხოლო თუ უკვე ამ გზას დაადგნენ, ვურჩევდი, თავი არ დაზოგონ, უამრავი იშრომონ და სწორედ ეს მოუტანთ უდიდეს სიამოვნებას.
ზურაბ წიკლაური − არქიტექტორი, „სტუდია 9“-ის დირექტორი:
„სტუდია 9“-ს მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელსაც სათავეში მისი დამფუძნებელი მამუკა ჩხაიძე უდგას. სწორედ მას ეკუთვნის იდეაც, რომლის განხორციელება გაფართოებულსა და განახლებულ „სტუდია 9“-ში, მისი საქართველოში კარიერული დაბრუნების შემდეგ გადაწყდა.
სახელოსნოში შევიკრიბეთ, დავსხედით და პროექტებისა და ზოგადი სამომავლო გეგმების შესახებ საუბარი დავიწყეთ. მსგავსი თანამშრომლობა არქიტექტორებისთვის აზრთა გაცვლა-გამოცვლის ნაყოფიერი გზაა. როცა სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ვმსჯელობდით, კიდევ უფრო ცხადად გავიაზრეთ, რომ „სტუდია 9“-ის მიერ არჩეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წარმატებული სიახლე იქნებოდა. კერძოდ, კომპანიის მასშტაბურ „არქიტექტურულ სახლად“ ქცევა. ეს სფეროს ირგვლივ ყველა მაღალკვალიფიციურ ადამიანს შემოკრებდა, გააჩენდა მათი მოსმენის, მათთან თანამშრომლობისა და საერთო საქმის წარმატებით განხორციელების საშუალებას.
კომპანიის მიერ შექმნილი არაერთი პროექტი თავისი არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტითა და ინდივიდუალიზმით ქმნის კომპანიის მახასიათებელ სტილს, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და საერთაშორისო სტანდარტით.
პროექტები წარმოადგენს არქიტექტურის ძირითადი, ტრადიციული მიმდინარეობებისა და თანამედროვე არქიტექტურის მიღწევების საუკეთესო სინთეზს.
ახალ მისამართზე ოფისის გახსნა დედაქალაქში სრულიად ახლებური სივრცის გაჩენას ნიშნავს. ინჟინრები, კონსტრუქტორები, ტრანსპორტის სპეციალისტები თუ ინტერიერის დიზაინერები ერთობლივი ძალისხმევით შექმნიან ამინდს არქიტექტურაში და სრულყოფილ პაკეტს დამკვეთს შესთავაზებენ; მას, ვისაც სურს, რომ სასურველი ნაგებობა აშენდეს, მოხდეს მისი პროექტირება, მშენებლობა და რენოვაციური სამუშაოების ბოლომდე მიყვანის ზედამხედველობა.
„სტუდია 9“ ძირითადად ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც დიდი გამოცდილება და რაც მთავარია, სწორი ხედვა აქვს.
აკაკი ჩხაიძე − არქიტექტორი:
გავიზარდე გარემოში, სადაც ვხედავდი, როგორ შრომობდნენ იმ საქმისათვის, რომელსაც დღეს თავად ვემსახურები. მამა არქიტექტორია, ბაბუა მოქანდაკე იყო და ბუნებრივ ატმოსფეროდ სახელოსნო და სხვადასხვა ინსტრუმენტი მექცა.
არქიტექტურასთან პროფესიის დაკავშირება ჩემი მტკიცე არჩევანი იყო, რაშიც რასაკვირველია გამიმართლა და მამა ჩემი მასწავლებელიც გახდა.
დღეს, „სტუდია 9“-ის ერთ-ერთ სერვისს ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ხელშეწყობა წარმოადგენს. აქ სწავლებისა და სტაჟირების პროგრამაც მოქმედებს, კომპანიის ბაზაზე სასწავლო ცენტრი და პრაქტიკული სტაჟირების კურსები დამწყები არქიტექტორებისთვის ღიაა, სადაც გაეცნობიან: არქიტექტურის საფუძვლებს, დაპროექტების ძირითად პრინციპებსა და მეთოდებს, პროექტირებისა და მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საჭირო მასალებს, ასევე ტენდენციებს, რომელიც არქიტექტურაში დგას. შეისწავლიან ყველა იმ მიმართულებას, რომელსაც „სტუდია 9“ თავად კურირებს.
კომპანია მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს ხელმძღვანელობს. მთავარი ამოცანა მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა, რა დროსაც ვითვალისწინებთ თითოეულ დეტალს. პროექტირებისას ყურადღება ექცევა ზოგად არეალს, ეკოლოგიურ გარემოს, ვახდენთ თანამედროვე და ისტორიული კონტექსტების კომბინაციას და მათ ჰარმონიულ სინთეზს.
რაც შეეხება კერძო საცხოვრებელი სახლების პროექტირებასა და მათ მშენებლობას, ამ დროს განსაკუთრებით „სტუდია 9“-ის მთავარი სამარკო ნიშანი გვეხმარება, რაც ნებისმიერ ეტაპზე დამკვეთთან ეფექტურ კომუნიკაციას და მის ჩართულობასაც გულისხმობს.
მნიშვნელოვანია, რომ სწორად გესმოდეს, რა სურთ, შენი მხრიდან კი სწორად მიაწოდო ნააზრევი. ეს ყველაფერი საკმაოდ რთული, შრომატევადი პროცესია, თუმცა წარმოუდგენლად აზარტული, შედეგი კი ის საბოლოო წერტილია, რაც კვლავ გახსენებს, რომ არქიტექტურა ხელოვნებაა, რომელშიც განუზომელი ენთუზიაზმის გახარჯვა ღირს.