ქართული OK! კომპანია „თერმოინდუსტრიის“ საქმიანობის მიმართულებებზე, მომსახურებისა და პროდუქციის ძირითად სახეობებზე, ექსკლუზიურ სერვისსა და საქართველოში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებზე კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და საპროექტო სამსახურის უფროსს, ბესარიონ მელიქიშვილს ესაუბრა. ბატონმა ბესომ სიამოვნებით გაგვიმხილა, თუ რა განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „თერმოინდუსტრიას“ თანამედროვე კონკურენტულ, მოთხოვნად ბაზარზე და ამომწურავად გვესაუბრა კომპანიის ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც უპირველესად უმაღლეს, ევროპულ ხარისხზე და მომხმარებელთა განსაკუთრებულ კომფორტზეა აგებული.
ბატონო ბესო, გვითხარით, კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობს „თერმოინდუსტრია“ თავის მომხმარებლებს?
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ჰელიოსისტემები, გათბობის სისტემები, წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, სახანძრო სისტემები, ცენტრალური სატუმბი სადგურები, საცურაო აუზები, საუნები. ძალიან მალე, გვექნება სავენტილაციო სისტემების მომსახურებაც.
როგორ ფიქრობთ, რითი გამოირჩევა „თერმოინდუსტრია“ ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან?
ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან განსაკუთრებულად გამახვილებული გვაქვს ყურაღება ხარისხსა და უსაფრთხოებაზე, რაც ფაქტობრივად, გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. სწორედ ამ ნიშნით ვანიჭებთ უპირატესობას ხარისხიან, ევროპულ ბრენდებს. ჩვენი პროდუქციის 70-80% იტალიურია. გვაქვს ასევე გერმანული, სლოვენიური, უნგრული, თურქული პროდუქციაც. ჩვენმა ხელმძღვანელობამ პრინციპულად უარი თქვა ჩინურ საქონელზე და ორიენტირი ევროპულ, მაღალხარისხიან ბრენდებზე აიღო. დამატებით აღვნიშნავ, რომ რასაც ვყიდით, იმ პროდუქციას თავადვე ვამონტაჟებთ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მობილიზებულნი ვართ. მოგეხსენებათ, გაზის გაჟონვის ბევრი შემთხვევაა, რაც ძირითადად არასწორ მონტაჟთან არის დაკავშირებული. მსგავსი შეცდომები, ჩვენ შემთხვევაში, სრულიად გამორიცხულია, რადგან ჩვენთან სამონტაჟო სამუშაოებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ასრულებენ, რომელთა პერიოდული გადამზადება და ცოდნის ამაღლება კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
რომელია ის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც „თერმოინდუსტრიამ“ქართულ ბაზარზე დაიკავა?
ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაციაა, დავნერგოთ საქართველოში გათბობის გარე-ქვაბების იმგვარად დამონტაჟების ტექნიკა, რომ ის არ იყოს შესამჩნევი და არქიტექტურა, შენობების გარე დიზაინი არ დაამახინჯოს. ჩვენი პროექტირების მიხედვით, მონტაჟდება ცენტრალური საკვამლე მილები, რომლებიც საერთოდ არ გამოჩნდება შენობის გარე ნაწილზე. შესაბამისად, აღარაა საჭიროება, რომ ქვაბები, წყლის გამაცხელებლები, გამათბობლები ქაოსურად განლაგდეს. ჟანგბადის მიწოდებაც და გამონაბოლქვის გამოყოფაც სწორედ ცენტრალური საკვამლე მილიდან მოხდება. ბევრი მშენებელი ხშირად იმიტომ ერიდება შენობაში გაზის შეყვანას, რომ არ მოხდეს შემდეგ გარე ფასადის დამახინჯება მრავლობითი აგრეგატებით. „თერმოინდუსტრიამ“ კი ეს საკითხი თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებით ძალიან მარტივად გადაწყვიტა.
„თერმოინდუსტრია“ მუდმივად მობილიზებულია სიახლეებსა და ინოვაციების ათვისებაზე. სწორედ ამ მიზნით, ხშირად ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებში, ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი სფეროს უახლეს ტექნოლოგიებსა და ტენდენციებზე, ვიღრმავებთ ცოდნას, კვალიფიკაციას, და აქ, საქართველოში ვნერგავთ. ძირითადად, დავდივართ მილანში, ფრანკფურტში, კიევში, ბაქოსა და სტამბოლის გამოფენებზე.
ბატონო ბესო, კიდევ რა სახის განსაკუთრებულ მომსახურებას და პროდუქციას სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?
დამატებითი უსაფრთხოების უზუნველყოფის გათვალისწინებით, გვაქვს კატეგორია ქვაბებისა, რომლებიც მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტით და შესაბამისად, CO-ს და აზოტის ჟანგეულების მინიმალური ემისიით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, გარემოც ნაკლებად ბინძურდება. ჩვენი კომპანია სახანძრო პროდუქციის მონტაჟის უსაფრთხოებაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს და ამ მხრივ, სასიცოცხლოდ აუცილებელ კომფორტს ვუქმნით საკუთარ მომხმარებლებს. კიდევ ერთი დამატებითი კომფორტი, რომელსაც უკვე დროის დაზოგვის მხრივ მომხმარებლებს ვუქმნით, ჩვენი მომსახურების ოპერატიულობაა. ვცდილობთ, არ შევაფერხოთ ისინი და ყოველთვის ვიქონიოთ ადგილზე საჭირო რაოდენობის პროდუქცია, რომ შეკვეთისთანავე მოხდეს მიწოდება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებული, ინდივიდუალური მოთხოვნა აქვს მომხმარებელს, ვუკვეთავთ პროდუქციას ევროპაში და განსაზღვრულ ვადაში ჩამოგვაქვს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გარკვეულ როლს თამაშობთ თქვენს სფეროში სპეციალისტთა მომზადებასა და სწავლებაში.
დიახ, გასული წლის მიწურულს, დავიწყეთ შემდეგი პროექტი: გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი იმ კოლეჯის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ჩვენი სპეციალიზაციის ფარგლებში სპეციალისტებს ამზადებს და 30-მდე სტუდენტმა ჩვენთან გაიარა პრაქტიკული და თეორიული სწავლება ჰიდრავლიკის, თბოტექნიკის, ჰელიოსისტემების მიმართულებებით. წარმატებული სტუდენტები კომპანიაში დავასაქმეთ.