მეცადინეობისთვის გონივრულად შერჩეული მაგიდა არამხოლოდ კარგი ჩვევების გამომუშავებას შეუწყობს ხელს, არამედ ბავშვის მიღწევებსაც გააუმჯობესებს. რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერიერში, რათა პატარებს დავალებების შესრულება სიხარულად ვუქციოთ?
ხასიათი ბავშვობიდან ყალიბდება, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ის რასაც ბავშვი პატარა ასაკში ეჩვევა, მომავალში აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ამიტომაც, მშობლებმა ბავშვის ჰარმონიულ და სწორ განვითარებას უნდა შეუწყონ ხელი: მიაჩვიონ სწავლას, შრომას თუ შემოქმედების სიყვარულს. ამისათვის კი აუცილებელია მას საკუთარი სამუშაო სივრცე შეუქმნან.
მნიშვნელოვანი მომენტები
პირველ რიგში, ბავშვები უკეთ მეცადინეობენ, თუ მათი სამუშაო მაგიდა მშობლებისას ჰგავს, რადგანაც პატარებს უყვართ თავის დიდებად მოჩვენება. თუ ავეჯი ოფისის მსგავსია, ესეც შეიძლება დადებით მხარედ იქცეს. მაგრამ, რაღაც განსხვავებები მაინც უნდა აღენიშნებოდეს.
მეორეს მხრივ, ბავშვის მაგიდა ნათელი უნდა იყოს. აირჩიეთ სწორი ფერი პატარას გემოვნების და ხასიათის გათვალისწინებით. მაგიდა, რომელიც ყურადღებას იქცევს, საინტერესო საქმეებზე კონცენტრირების სურვილს გააჩენს.
მესამე რიგში, სწორი ავეჯის არჩევით ბავშვს წესრიგს მიაჩვევთ. ამისთვის, სასურველია, მაგიდაზე იყოს თაროები და ყუთები, რომლებშიც ის შეძლებს ლამაზად მოათავსოს თავისი ფერადი ფანქრები, ალბომები და საღებავები.
და საბოლოოდ, მნიშვნელოვანია შენაძენები ერთად გააკეთოთ. აჩვენეთ ვაჟიშვილს ან ქალიშვილს რამდენიმე ვარიანტი და მიეცით საშუალება თავად გააკეთოს არჩევანი. ბავშვი ზრდასრულად იგრძნობს თავს, როცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება თავად ექნება და გაიაზრებს, რომ მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია. ეს დამატებითი მოტივაცია იქნება სამომავლო მეცადინეობისთვისაც.
ზომა
მაგიდა და სკამი ზუსტად უნდა იყოს შერჩეული ბავშვის სიმაღლის მიხედვით. ასე ის კომფორტულად იგრძნობს თავს და მეცადინეობის დასრულება დისკომფორტიდან გაქცევას არ დაუკავშირდება. მაგალითად, ფეხები ჰაერში არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. ეცადეთ, ავეჯი „გაიზარდოს“ ბავშვთან ერთად, ყურადღება მიაქციეთ, რომ მათი სიმაღლე შეთავსებადი დარჩეს.
არსებობს სპეციალური ცხრილები, რომელთა მეშვეობითაც არჩევანს უფრო ადვილად გააკეთებთ:
ბავშვის სიმაღლე, (სმ) სკამის სიმაღლე, (სმ) მაგიდის სიმაღლე, (სმ)
85-ზე ნაკლები / 17-19 / 32-34
85-100 / 21-23 / 38-40
100-115 / 25-27 / 44-46
115-130 / 29-31 / 50-52
130-145 / 33-35 / 56-58
145-160 / 37-39 / 62-64
160-175 / 40-42 / 68-70
175-ზე მეტი / 46-48 / 74-76
რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და მსგავსი ცხრილები უბრალოდ დაახლოებითი გათვლის რეკომენდაციაა. მაგრამ, მშობლები მისი მეშვეობით ორიენტირს ადვილად გააკეთებენ. სანამ შეიძენთ, დასვით პატარა რჩეულ მაგიდასთან, მიეცით საშუალება რაიმე დახატოს და რეაქციებით ყველაფერს მიხვდებით.
თუ მსგავსად არ დატესტავთ, შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. იმ შემთხვევაში თუ ბავშვისთვის სამუშაო ზონა მოუხერხებელი იქნება, ის სწავლის თუ შემოქმედების მიმართ ინტერესს დაკარგავს და ნაკლებად ყურადღებიანი გახდება.
ასევე, სხეულის არასწორი მდგომარეობა ხერხემლის პრობლემებს გამოიწვევს და ბავშვს დგომას გაუფუჭებს. გამართული ზურგით ჯდომას და იატაკზე ფეხების დაწყობას ადამიანი ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს. თუ ბავშვი მათ ჰაერში ამოძრავებს, მუშაობის განწყობა არ შეექმნება. თუ ძალიან მაღალი მაგიდა უკვე შეძენილი გაქვთ, შეუხამეთ შესაბამისი სიმაღლის სკამი, მაგრამ იატაკზე დამატებითი სიმაღლის შესაქმნელად რაიმე სადგამი მოათავსეთ, რათა პატარამ ფეხები მათზე დააწყოს და მეცადინეობაზე კონცენტრირდეს. მაგიდა არც ძალიან დაბალი უნდა იყოს. შეიძლება ვერც შენიშნოთ ისე გაიზარდოს ბავშვი და ძველი მაგიდა აღარ მოერგოს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მაღალი სწორი ნივთი მაგიდაზე მოათავსოთ და ის აამაღლოთ.
თუ ბავშვი უკვე კომპიუტერთან მუშაობს, გააკონტროლეთ რამდენად შორს აქვს ის თვალებისგან. ტექნიკასთან ძალიან ახლო კონტაქტი მხედველობის გაუარესებას იწვევს.
დღეს, ბაზარზე არსებობს ავეჯი, რომელიც მოგვაგონებს „ალისას საოცრებათა ქვეყანაში“ და ზრდას ექვემდებარება. ავეჯი სპეციალური მექანიზმებით ბავშვთან ერთად იცვლება: რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო მაღლდება სკამი და მაგიდა. გამოყენება იოლია, თუმცა რამდენიმე გასათვალისწინებელი ნიუანსი არსებობს: ასეთი ავეჯი მეტალისგან მზადდება, ისინი არ ხასიათდებიან მრავალფეროვნებით, ძირითადად ერთმანეთს ჰგვანან და მექანიზმები ოდესმე შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდნენ.