მაგიდის გაწყობა განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნასთან ასოცირდება და ჩვეულებრივ სადილსაც კი შთამბეჭდავ რიტუალად აქცევს. ამასთან, არაა აუცილებელი ძვირადღირებული აქსესუარები იყიდოთ: მარტივი და ხელმისაწვდომი ნივთებით ძალიან სწრაფად გარდაქმნით სუფრას დიზაინერულ შემოქმედებად.
სანთლები ყურადღების ცენტრში
სანთლები ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანი ვარიანტია: ხმაურიან ღონისძიებაზე თუ წყნარ ოჯახურ ვახშამზე. ცოცხალი ალი ყოველთვის ამშვიდებს. ამასთან, სანთლებით ძალიან ეფექტური და თემატური კომპოზიციების შექმნა შეგიძლიათ. „ინგრედიენტებს“ სამზარეულოშივე მიაგნებთ.
სასანთლეებად გამოგადგებათ ლარნაკები და ქილები, აკვარიუმი, ჭიქა, ხილის ქერქები... დეკორისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მძივები, ბისერები, ლენტები, ყავის მარცვლები, ყვავილები, კენკრა, ტოტები, თასმა, გირჩი, მარილი თოვლის ეფექტისთვის და აშ. შეზღუდვები არ არსებობს, მთავარია უსაფრთხოება დაიცვათ.
ბუნებრიობა
ეკოსტილი დღეს ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. ინტერიერის ხელოვნურ ელემენტებს ბუნების ძღვენი ცვლის: სეზონური ხილი, ბოსტნეული, ყვავილები, გამხმარი მცენარეები, ფოთლები, კენკრა, ქვა და ხე. ყველა ეს ელემენტი სასადილო მაგიდის ეფექტური დეკორი გახდება. მთავარია ნატურალური მოსართავები საერთო სტილისტიკასთან და ფერთა გამასთან ჰარმონიას ახდენდნენ და მაგიდა ვიზუალურად არ გადატვირთონ.
ტოტები
ჭეშმარიტი სილამაზე ყოველთვის მარტივად გასაგებია. ჩვეულებრივი ხის ტოტები ინტერიერის გაფორმებაში იმდენად მოდური ტრენდი გახდა, რომ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასეთ დეკორს ადვილად მიაგნებთ ახლომახლო მდებარე ბაღში, პარკში, ტყეში ან ეზოში.
როგორ არტ-ობიექტს შექმნით, თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ ტოტები ჭურჭლის ფერებში შეღებოთ ან დატოვოთ ისეთი როგორიც არის, რა თქმა უნდა, გაწმენდის შემდეგ. ლარნაკით მოათავსეთ მაგიდის შუაში, მორთეთ ქაღალდის თუ ცოცხალი ყვავილებით, სანთლებით და სხვა საინტერესო დეტალებით. სტუმრებს აუცილებლად აღაცებაში მოიყვანთ.
ორიგინალური ხელსახოცები
ბამბის ან სელის ხელსახოცები ქაღალდის მაგივრად - არამხოლოდ შთამბეჭდავი, არამედ ეკოლოგიურია. თუ ცოტაოდენ ფანტაზიას გამოიყენებთ, მაგიდის ძალიან ეფექტურ ელემენტებს შექმნით. შეგიძლიათ დაახვიოთ, შეკრათ ლენტით, დაკეცოთ მართკუთხედად.... ამასთან, დაამატეთ პიკანტური დეტალები: ფოთლები, როზმარინის ტოტი, დარიჩინის ჯოხი, ხილი ან ტკბილეული.
ჩანგლით და დანით ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ფანტაზიას - არაა აუცილებელი ისინი კლასიკურად თეფშის გვერდით ელაგოს. შეახვიეთ ლამაზი თასმით, ლენტით ან თოკით. ეს საკმაოდ ორიგინალური და მოდური გადაწყვეტილება იქნება.
მარილის ჩასადები
ზღვის ნიჟარა, რომელიც ოდესღაც მოგზაურობიდან ჩამოიტანეთ, შეგიძლიათ არამხოლოდ აკვარიუმის დეკორად, არამედ საკმაზების ჩასაყრელად გამოიყენოთ. მოათავსეთ თეფშებთან ერთად და სტუმრებს არ დასჭირდებათ ყოველ ჯერზე საერთო სამარილეს მიმართონ. მსგავსი გადაწყვეტილება განსაკუთრებით საზღვაო სტილში გაფორმებულ მაგიდას მოუხდება.
პერსონიფიცირება
ბარათები სახელებით სადღესასწაულო ატმოსფეროს გააძლიერებენ და თითოეულ სტუმარს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებენ. შეგიძლიათ სხვადასხვა მასალებით ითამაშოთ: გამხმარი ყვავილებით, ხილით, ტოტებით, ყვავილებით, ღვინის ბოთლის საცობით, დარიჩინით, ტკბილეულით და ქვებითაც კი - რაც უფრო კრეატიული იქნება, მით უკეთესი.