ოტო ვაგნერი 1841 წლის 13 ივლისს ვენაში, ნოტარიუსის ოჯახში დაიბადა. არქიტექტურულ-მხატვრული განათლება ვენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და ხელოვნების აკადემიაში მიიღო. არქიტექტორის კარიერა 1862 წელს დაიწყო. 1890-იან წლებში ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მოდერნის სტილმა გაიტაცა და საკუთარი შემოქმედებით არტ-ნუვოს ერთგვარი პოპულარიზაცია მოახდინა.
1. სინაგოგა, ბუდაპეშტი, 1872
ეს სინაგოგა ბუდაპეშტის ისტორიულ კვარტალში მდებარეობს და ოტოს ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ და მნიშვნელოვან პროექტად ითვლება. მან შეკვეთა ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ მიიღო. შენობა მავრიტანულ სტილშია შესრულებული, ფერადი აგურის ფასადით და სვეტებით. მეორე მსოფლიო ომის დროს სინაგოგა ნახევრად დაზიანდა და ბოლომდე დღემდე არ აღუდგენიათ.
2. საცხოვრებელი სახლი, ვენა, 1877
ოტო ვაგნერის არქიტექტურული კარიერის დასაწყისში დადგა ეპოქა, როცა ვენაში ნამდვილი სამშენებლო ბუმი სუფევდა. ამ პერიოდში ოტოს პროექტები ძირითადად საცხოვრებელ და კომერციულ შენობებს მოიცავდა, რომლის კლასიკური მაგალითიც შოტერინგის ქუჩაზე მდებარე ეს სახლია.
3. ვილა, ვენა 1888
1888 წელს ოტომ თავის ოჯახს სახლი აუშენა. ამ სიმეტრიული დაგეგმარების შენობას ორივე მხარეს კიბე უერთდება. ფასადი ორნამენტებითაა შემკული. დღეს აქ მხატვარ ერნესტ ფუქსის მუზეუმია, რომელმაც ეს ვილა შეიძინა, რეკონსტრუქცია გაუკეთა და საკუთარი სკულპტურებით მორთო.
4. ვენის სარკინიგზო ქსელი, 1898 - 1899
ქალაქის განვითარება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამედროვე სისტემას მოითხოვდა და 1890-იანებში ვენის სარკინიგზო ქსელის მშენებლობა დაიწყო. 1894 წელს მთავარ არქიტექტორად ოტო ვაგნერი დაინიშნა, რომელიც იმ პერიოდში უკვე ვენის ხელოვნების აკადემიის პროფესორი იყო. მისი ხელმძღვანელობით მეტროს ხაზების, სადგურების, ხიდებისა და ესტაკადების ერთიანი დიზაინი შეიმუშავეს. მნიშვნელოვანია პავილიონი, რომელიც იმპერატორ ფრანც იოსებისთვის ააგეს. ისტორიის მიხედვით, თავად იმპერატორმა ამ პავილიონით სულ ორჯერ ისარგებლა. დღეს ის ყველასთვისაა ღია.
5. სახლები ვენის უბნებში, 1898 - 1899
პარალელურად, ვაგნერი ვენის სამხრეთი უბნების რეკოსტრუქციით დაკავდა. მან სამი სახლი ააშენა, რომლებიც მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში შევიდნენ და ვენური მოდერნის მოდელებად დამკვიდრდნენ. ფასადი ოქროსფერი კერამიკითა და მდიდრული ყვავილოვანი ორნამენტებითაა გაფორმებული.
6. კარიბჭე და ხიდი ლომებით, ვენა 1898-1999
1890-იანების დასასრულს, ოტო კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტზე მუშაობდა. მან დუნაის არხზე ცნობილი ხიდი ააგო. კარიბჭე 1960-70-იან წლებში გაათანამედროვეს, მაგრამ ხიდი დღემდე პირვანდელი სახითაა შენარჩუნებელი.
7. საფოსტო ბანკის შენობა, ვენა 1906
1900-იანი წლების დასაწყისში, ოტო ვაგნერი საფირმო არტ-ნუვოს სტილიდან ნელ-ნელა ნეოკლასიკაში და უფრო მკაცრ, ფუნქციონალურ სტილში გადადის. ამ პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი საფოსტო ბანკის შენობაა. ეს ცხრა სართულიანი ნაგებობა, მდიდრულად მორთული მეზობელი სახლებისგან თავისი „შიშველი“ ფასადით გამოირჩევა. ის მთლიანად კვადრატული მარმარილოს ფილებითაა დაფარული.
8. ეკლესია Kirche am Steinhof, ვენა 1907
წმ. ლეოპოლდის ტაძარი მსოფლიო ეკლესიათა არქიტექტურის ისტორიაში შევიდა. ის ზღვის დონიდან 310 მ სიმაღლეზე, მთის ბორცვზე მდებარეობს. ეკლესიის შიგნით, ყველა კედელი მომრგვალებულია. პროექტზე მუშაობისას ოტოს ორი სხვა არქიტექტორიც ეხმარებოდა: ოტო შენტალი და მარსელ კამერერი. ინტერიერის გაფორმებაში კი ცნობილ ხელოვანებს მიუძღვით წვლილი.
9. საცხოვრებელი სახლები, ვენა, Neustiftgasse და Deublergasse, 1909 - 1912
როცა ვაგნერმა ეს პროექტი წამოიწყო, უკვე 68 წლის იყო და ტრადიციებთან ურთიერთობას წერტილი დაუსვა. სახლი ვენის არქიტექტურაში ახალ სიტყვად შევიდა, რომელიც გამოჩენილი არქიტექტორის თანამედროვე ტენდეციების მიმართ ხედვას გამოხატავდა. კედლებს მონოქრომული გეომეტრიული შავ-თეთრი ორნამენტები გასდევს, ფასადი სრულადაა დაცლილი სხვა დეკორატიული ელემენტებისგან. 1912-1926 წლებში აქ ცნობილი სახელოსნო იყო გახსნილი და ისეთი მხატვრები იმყოფებოდნენ, როგორებიც არიან: გუსტავ კლიმტი, იოსეფ ჰოფმანი და კოლომან მოზერი. აქ ასევე თავად ვაგნერის სახლიც იყო, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა, სანამ 1918 წელს არ გარდაიცვალა.
10. ვაგნერის მეორე ვილა, 1913
1911 წელს ოტომ პირველი ვილა გაყიდა და მეზობლად ახალი ააშენა. შედარებით პატარა ზომის შენობას ვაგნერის გვიანი პერიოდისთვის დამახასიათებელი მკაცრი, გეომეტრიული სტილი ამშვენებს. ასიმეტრიულ ფასადს მაღალი ფანჯრები აქვს. ერთადერთი დეკორი მოზაიკის ნამუშევარია.