სახლის დაპროექტებისას, კედლის ცარიელ მდგომარეობაში დატოვება საუკეთესო იდეა ნამდვილად არაა. ინტერიერის დეკორი სწორედ მაშინ ჩაითვლება დასრულებულად, თუ კედელსაც კი სიცოცხლეს შემატებთ და ამ მხრივ, გარკვეულ რჩევებს გაიზიარებთ.
1. ცარიელი ჩარჩოები
არაა აუცილებელი ჩარჩოებში სურათები მოათავსოთ. რამდენიმე ცარიელი ჩარჩო კედელს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს და კრეატიულ გადაწყვეტილებად ჩაგეთვლებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხის, ასევე მეტალის ჩარჩოები - ინტერიერის შესაბამისად. გადაკვეთეთ ისინი ერთმანეთთან ან უბრალოდ დაკიდეთ გარკვეული ინტერვალების დაშორებით.
2. პოსტერები
სამი პოსტერი ერთ სტილში - ფერადი კედლის საინტერესო მორთულობაა. მიმართეთ ფანტაზიას ან აირჩიეთ საყვარელი თემატიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, კედელზე რამდენიმე სწორად დაკიდული პოსტერი სივრცეს სასიამოვნოდ შეავსებს.
3. არტ ობიექტი
შეგიძლიათ ინტერიერს ცოტაოდენი იუმორი შესძინოთ. მაგალითად, თეთრი კედლის ფონზე ხის რვაფეხას გამოსახულება დაკიდოთ. თუმცა, არტ ობიექტით გაფორმება სერიოზულიც შეიძლება იყოს. ხელნაკეთი ხელოვნების ნიმუში კედელს დახვეწილობასა და სინატიფეს შესძენს.
4. კედლის პანელები
ცარიელი კედლის სხვადასხვა ფორმის პანელებით მორთვა კიდევ ერთი საინტერესო დეკორატიული გადაწყვეტაა. ფერის მიხედვით ისინი კედლის ტონალობასთან მიახლოებულნი და შესაფერისები უნდა იყვნენ. ასე, ინტერიერი ჰარმონიულ იერს მიიღებს.
5. ცარცის დაფა
ეს დეტალი განსაკუთრებით აგურის კედლებს უხდება. ხის ჩარჩოში ჩასმული ცარცის დაფა სახლს მოწესრიგებულს გახდის. შეგიძლიათ მიმართოთ ირონიულობას და მასზე სასაცილო ფრაზა დაიტანოთ, ან გამოიყენოთ ყოველდღიურად და გეგმები ჩამოწეროთ. ასე, არაფერი დაგავიწყდებათ ან გამორგჩებათ.
6. მსოფლიოს რუკა
გახადეთ ინტერიერი უფრო კრეატიული და დაკიდეთ კედელზე მსოფლიოს რუკა. ეს ხერხი განსაკუთრებით მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც მოგზაურობა უყვარს. აღსანიშნავია, რომ დეკორატიული რუკა მრავალფეროვანი სახისაა. ფორმის, ზომის თუ მასალის მიხედვით აუცილებლად შეუთავსებთ მას თქვენს ინტერიერს.
7. სურათი განათებით
ეს ერთ-ერთი მარტივი გადაწყვეტაა: დაკიდეთ კედელზე სასურველი სურათი და გამოკვეთისთვის დაუმაგრეთ მას განათება. ამ პატარა დეტალით აქცენტს გააკეთებთ ობიექტზე და დეკორსაც გაამრავალფეროვნებთ.
8. მოლდინგები
ისინი არამხოლოდ რთავენ კედელს, არამედ, ვიზუალურად აფართოებენ გარემოს. მოლდინგები თანამედროვე ინტერიერის მნიშვნელოვან ნაწილად დამკვიდრდნენ.