1919 წლის 12 მარტს დილის 12 საათზე საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩატარდა და პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად 2019 წლის 12 მარტს რუსთაველის თეატრში ღონისძიება გაიმართა.
ამ უმნიშვნელოვანესი დღის ღონისძიების მოწყობაზე დიზაინერებმა თეონა ბექაურმა და მანანა კალანდაძემ იმუშავეს.
დიზაინერები იანვრის თვეში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა მიიწვიეს და ღონისძიების გაფორმება სთხოვეს. მათი დავალება პიონერთა სასახლის ფასადისთვის ბანერებისა და ვიდეო რგოლის მომზადება იყო, რომელიც ღონისძიების ფონად უნდა გასულიყო. ამის შემდეგ კი საღამოს 6 საათზე ღონისძიება რუსთაველის თეატრში უნდა ჩატარებულიყო, რომლის გაფორმებაზეც კვლავ თეონა ბექაურმა და მანანა კალანდაძემ იზრუნეს. ასევე მათთან ერთად რობერტ სტურუამ და მთელი თეატრის დასმა სპექტაკლი „ბედი ქართლისა“ მოამზადა ღონისძიებისთვის.
OK! Magazine Georgia მომზადების პროცესსა და შედეგებზე დეტალურად დიზაინერ თეო ბექაურს ესაუბრა:
„დაგვევალა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რობერტ სტურუას სპექტაკლის ფონზე უნდა გაგვეფორმებინა მთლიანი თეატრისა და ფასადის შიდა ინტერიერი. ვიყავით მივლინებული არქივში, ბიბლიოთეკაში, უნივერსიტეტებში, სხვადასხვა მუზეუმებსა და ადამიანებთან, რომლებიც ამ პერიოდს იკვლევდნენ. შევისწავლეთ ყველანაირი ინფორმაცია სრულად, გადავამუშავეთ და მივიღეთ შედეგები.
მოვამზადეთ სასაჩუქრე პაკეტები, მოსაწვევები, კონვერტები, ღვინის ეტიკეტი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოისხა. ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ გადავწყვიტეთ სამეჯლისო დარბაზში, სადაც საზეიმო მიღება გაიმართებოდა ნეკერჩხლის ხე შეგვეტანა, მაგრამ საკითხი დადგა იმაზე რომ გაზაფხულზე არ იყო ნეკერჩხლის ხის საშუალება, ხელოვნური ხე კი ძალიან დიდი დანახარჯი იქნებოდა. ალტერნატიული გზის ძებნა დავიწყეთ და შედეგად მივაგენით ულამაზეს იაპონური კომშის ხეს, რამაც ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
გავაკეთეთ არასტანდარტული დროშები შტანდარტებივით, ამითაც ყველა აღფრთოვანდა. ასევე აივანზე გავაკეთეთ თეთრი გიორგის გამოსახულება, რომელიც მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს გერბი იყო და სიმბოლოს წარმოადგენდა. საბოლოოდ ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გამოვიდა.
ჩვენ ასევე გავაცოცხლეთ მაშინდელი 130 დეპუტატის ერთობლივი ფოტო და ფოეიეში ლაითბოქსები გავაკეთეთ, დავაკოლაჟეთ მათი ფოტოები და თავიანთი მოკლე ბიოგრაფიული ცნობებით წარვუდგინეთ სტუმრებს. გამოვყავით რეპრესირებული დეპუტატები, მივუთითეთ და მათ ხსოვნას პატივი ვეცით. ამ მასალებისგან მოვამზადეთ ვიდეორგოლი, დავადეთ ტექსტები, რათა გაგვეცოცხლებინა ეს დღეები.
ძალიან რთული იყო სამეჯლისო დაბაზში 700 ადამიანზე ბანკეტის გამართვა წარმოდგენის შემდეგ და ისეთი კონცეფცია მოვიფიქრეთ, რომ ყველა აღფრთოვანდა“.