ალესანდრა ამბროსიოს არამხოლოდ მოდური გამოცემების ყდებზე იხილავთ, 37 წლის სუპერმოდელი არქიტექტურული ჟურნალის Architectural Digest-ის ახალი ნომრის გმირიც გახდა. ალესანდრა ლოს-ანჯელესის სახლზე გვიყვება, სადაც შვილებთან - 10 წლის ლუიზასთან და 6 წლის ნოასთან ერთად ცხოვრობს.
სანტა მონიკაში მდებარე ეს რეზიდენცია 1920 წელს აშენდა. მის თანამედროვე ინტერიერზე კი ვარსკვლავების სახლების დიზაინერი, მარტინ ლოურენს ბულარდი აგებს პასუხს. სახლი აერთიანებს ბრაზილიის ბოჰემურ სტილსა და კალიფორნიის როკ-ენ-როლის სულს. მარტინმა პროექტს მრავალი ფერი და სიცოცხლე შესძინა.
მოდელს ძალიან მოსწონს ეგზოტიკა, დიზაინერმა კი მის ფანტაზიებს ფრთები შეასხა და ამავე დროს, სახლი ბავშვებისთვის კომფორტული გახადა. ბავშვების ოთახის მოწყობისას მარტინი მხოლოდ ბავშვებთან ურთიერთობდა , რათა მათი ინდივიდუალიზმი გამოეხატა..
ალესანდრას სახლში ვინტაჟური ხალიჩები, ჩინური ძველი კარადა, კერამიკის სანათები და ეგვიპტური სტილის ჭაღიცაა. ინტერიერის ნივთები მთელი მსოფლიოდანაა შეგროვებული: აქაა ავეჯი მოროკოდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.
სახლის მთავარი ადგილი უკანა ეზოა, სადაც მოდელი ბავშვებთან ერთად ცურავს, ხელბურთს თამაშობს, ბარბექიუს ამზადებს და მუსიკას უსმენს.