ლამრიკო რაჯაბაშვილი პროფესიით პედიატრია, თუმცა 3 წლის წინ გადაწყვიტა ცხოვრება მხატვრობასა და დიზაინთან დაეკავშირებინა. სანათების შექმნის იდეა შემთხვევით გაუჩნდა, როცა თავისთვის სასურველ ნაკეთობას ვერსად მიაგნო. „ქივალას“ პირველმა სანათმა დღის სინათლე 2 წლის წინ იხილა. მას შემდეგ, ქართველ დიზაინერს უკვე 60-ზე მეტი მოდელი აქვს შექმნილი.
შვილით და შემოდგომის ფერებით შთაგონებული ხელნაკეთი სანათები მრავალფეროვანი მასალით მზადდება. ბრენდის პროდუქცია მოიცავს ხეს, თოკებს, ჯვალოს, სხვადასხვა მეტალს, კერამიკას, მინას, ზღვის კენჭებს, დეკორატიულ ქვებს, საღებავებს და ა.შ.
ამ „ჯიუტი“ და თავისებური მასალებით, რომლებიც განსხვავებულ მოპყრობას საჭიროებს, საბოლოოდ უნიკალური და დახვეწილი ნაზავი იქმნება, რომელსაც „ქივალას“ სანათი ეწოდება.
აღსანიშნავია, რომ სანათები ექსკლუზიურობით ხასიათდება. დიზაინერი ორ, ზედმიწევნით ერთნაირ ნიმუშს არასოდეს ქმნის, ამიტომ ბრენდის ყველა მომხმარებელს შინ საკუთარი „ქივალა“ მოეპოვება.
კომპანიის სოციალურ ქსელში წარმოდგენილი კოლექცია დიზაინერის იდეების მიხედვითაა შექმნილი, ხოლო ინდივიდუალური შეკვეთების მიღებისას, „ქივალა“ მომხმარებლის გემოვნებასა და ინტერესებს ითვალისწინებს, რათა მისთვის განსაკუთრებულად ახლო და თბილი სანათი შექმნას, რომელიც საძინებელ თუ მისაღებ ოთახს საოცარი სიმყუდროვით დაამშვენებს.