უკვე ორი წელია, რაც ქართულ ბაზარზე ბავშვებისთვის განკუთვნილი ხის ნივთებისა და დეკორაციების ბრენდი „ესამესა“ გამოჩნდა. სტარტაპის დამფუძნებელი ნინი ჭანიძეა, რომელსაც საბავშვო ავეჯისა და დეკორის სახელოსნოს შექმნის იდეა ქალიშვილის გაჩენის შემდეგ დაებადა. ნინიმ შვილის ოთახის მოწყობისას გარშემო სასურველი სტილისა და ფორმის ნივთები ვერ აღმოაჩინა და გადაწყვიტა, საკუთარი ქალიშვილის მსგავსად, საოცნებო ოთახის მოწყობა სხვისი შვილებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა.
ბავშვის სიმაღლის საზომი სახაზავი, სპეციალურად პატარებისთვის განკუთვნილი სკამები, მაგიდები, პერსონალური სანათები, ტანსაცმლის საკიდები, სხვადასხვა ტიპის თაროები, სათამაშოების ყუთები, საახალწლო მორთულობა, სარკეები − ეს იმ დეკორატიული ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ხელნაკეთი ავეჯის ბრენდი გთავაზობთ.
ამასთან, თითოეული ნივთი, მასზე ბავშვის სახელის დატანით, შეგიძლიათ უნიკალური და პერსონიფიცირებული გახადოთ. პროდუქციის მასალად მხოლოდ ხე და ეკოლოგიურად სუფთა, ეკოწყლოვანი საღებავები გამოიყენება. „ესამესას“ მართვა მისი შემქმნელისთვის ბედნიერებასთან ასოცირდება, ამიტომ თითოეული ნივთის მიღმა დიდი სიყვარული იმალება.
საკუთარ სფეროში ინოვაციური ქართული ბრენდის შემოქმედებითი გუნდი როგორც საკუთარ კოლექციებს, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებსაც მაღალი პროფესიონალიზმით ქმნის და მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტის მინიჭებით ემსახურება.
„ესამესას“ მთავარი მიზანი უნიკალური და ხარისხიანი ნივთების შექმნაა, რაც პატარების ყოველდღიურ ბედნიერ განწყობას განაპირობებს. ადგილზე მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.