უკანასკნელ პერიოდში, არქიტექტორებსა და დიზაინერებს ხის სახლების მშენებლობის იდეა ხიბლავთ და შთამაგონებელ პროექტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოგვიდგენენ.
1. ბელგიელმა არქიტექტორმა ძველი ფერმა მინიმალისტური დიზაინის წყალობით საცხოვრებელ სახლად აქცია. შენობის არქიტექტურის ხასიათის შენარჩუნებით მან ინტერიერი თანამედროვედ გარდაქმნა. კედლები ხის პანელებითაა გაფორმებული და კარადების გამოცალკევებასაც ემსახურება. პანორამული ფანჯრები ხის ჟალუზებით იხურება. სახლს ნატურალური მასალები აფორმებს, რადგანაც არქიტექტორის აზრით, ისინი ინტერიერს სითბოს მატებენ. ვან დიუსენი დეკორში ზედმეტ დეტალებს გაურბის, ამიტომაც ყველაფერი გაწონასწორებული და მშვიდია.
2. იტალიელები სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან, თუმცა ამ სახლის პატრონი, ფაბრიციო ჩეზანი ნატურით განდეგილია. მან სახლი იქ აიშენა, სადაც „ადამიანს ფეხი არ დაუდგამს“ - ფრანგული და იტალიური ალპების საზღვართან, ზღვის დონიდან 2350 მეტრ სიმაღლეზე. სასტუმრო ოთახში ხავერდის ქსოვილით დაფარული ტახტები და დაბალი მაგიდებია. სავარძლები და იატაკი ერთ ტონალობაშია გადაწყვეტილი და განსაკუთრებული სიმსუბუქის შთაბეჭდილებას ქმნის. სასადილო ოთახის დიდი ფანჯრებიდან მუდამ დათოვლილი მთები მოსჩანს. ფაბრიციომ სახლში მინის კედლის გაკეთება უმიზეზოდ არ გადაწყვიტა: ფანჯარაზე აკრული თოვლის დიდი ფენა სახლს დამატებით თბოიზოლაციას უქმნის. მზის ბატარეები ბინის ელექტროობას უზრუნველყოფს.
3. ფრანგმა დიზაინერმა კრისტიან ლიეგრამ საზაფხულო სახლი ფრანგულ მოდურ კურორტზე, კუნძულ სენ-ბარტზე ააშენა. ეზოს მაგიდა კედრის ხისგანაა გაკეთებული. მისაღები ოთახი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი და მხოლოდ წითელი ხის კარი და ყავისფერი ხალიჩა გვჭრის თვალს. ასევე თეთრ საძინებელს წითელი კედელი გამოყოფს. დიზაინერის აზრით, დეკორის მსგავსი გადაწყვეტა და წითელი აქცენტები სიმყუდროვის გარანტია. ავეჯის სახითაც უმეტესწილად ხეა წარმოდგენილი და აქცენტი ფრანგულ კლასიკაზეა გაკეთებული.
4. ბაფი ბირიტელის აგარაკის შეხედვისას, მაშინვე მიხვდებით, რომ პატრონი რალფ ლორენის მარჯვენა ხელია. სახლის ინტერიერი თეთრ-ცისფერ პალიტრაშია წარმოდგენილი; სელის ქსოვილით დაფარული სკამები და მოწნული ავეჯი - სწორედ ასეთი უნდა იყოს სახლი ზღვის პირას. ეზოში მოწყობილი საშხაპე ბუნებასთან მეტ სიახლოვეს უწყობს ხელს. აქვეა ღია ტერასა და რაც მთავარია ბევრი სიმწვანე!