დიდიხანია, რაც მუზეუმები მხოლოდ ხელოვნების ქმნილებებისადმი მიძღვნილი შენობები აღარ არიან. ფუტურისტული არქიტექტურა თავის მხრივაც არტ-ობიექტი ხდება.
1. ნაგას მუზეუმი
სუდანი 2008
უდაბნოში მდებარე ამ მცირე მუზეუმში ძალიან ცოტა დამთვალიერებელია. უძველესი ქალაქის, ნაგას ტერიტორიაზე აგებული შენობა თითქოს უდაბნოს სივრცეში იკარგება. არქიტექტორ დევიდ ჩიპერფილდის გუნდს სურდა ის მირაჟისთვის დაემსგავსებინა და „მოჩვენება-მუზეუმი“ მხოლოდ ბეტონით და ადგილობრივი ფხვიერი მიწით ააგეს. აფრიკაში მსგავსი ინსტიტუციის ჩამოყალიბება მითს მოგვაგონებს, ნაგას მუზეუმი კი ადასტურებს იმას, რომ თანამედროვე სამყაროში მუზეუმების შექმნა არამხოლოდ ტურისტების მოზიდვას ემსახურება, არამედ გარკვეული არქიტექტურული მანიფესტია, რომელიც ტრენდად ყალიბდება.
2. ივ სენ ლორანის მუზეუმი
მარაქეში 2017
გასულ წელს მაროკოში ივ სენ ლორანის მუზეუმი გაიხსნა, რომელიც ფრანგი ავანგარდისტების პროექტია. მუზეუმის ფასადი წითელი აგურითაა გაფორმებული. შენობა თანამედროვე არქიტექტურის ტრენდებისა და მაროკოს კულტურის შერწყმას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ აგებისას მხოლოდ ადგილობრივი მასალები გამოიყენეს. 4000მ.კვ-ზე განთავსებული კომპლექსი მეტია, ვიდრე უბრალოდ მუზეუმი. ის ნამდვილი კულტურული ცენტრია. მუდმივ ექსპოზიციებს დიზაინერის პირადი კოლექციის ნამუშევრები წარმოადგენენ. აქ 5000-მდე პირად ნივთს, 15 000-მდე აქსესუარს და ათასობით სკეტჩს აღმოაჩენთ. ბიბლიოთეკაში 5000-მდე წიგნია წარმოდგენილი, სადაც ივ სენ ლორანისადმი მიძღვნილი წიგნების გარდა, არაბულ-ანდალუზიური, ისლამური და მაროკოული კულტურის შესახებ დაწერილ გამოცემებსაც იხილავთ.
დეკორის ერთ-ერთი მთავარი საშუალება გამწვანებაა. პარკის ტერიტორიაზე ათასობით სახეობის პალმას, კაქტუსს და სხვა მცენარეს იხილავთ. მთავარი საგამოფენო სივრცის გაფორმებაზე დეკორატორმა კრისტოფ მარტინმა იზრუნა. მას პარიზული ბოჰემის, მოგზაურობის სიყვარულის, ექსტრავაგანტური წვეულებების, კლასიკისა და თანამედროვეობის გაერთიანება საუცხოოდ გამოუვიდა.
3. თანამედროვე აფრიკული ხელოვნების მუზეუმი
კეიპტაუნი 2017
ეს შენობა 1924 წელს აშენდა, თუმცა დღემდე საჰარის სამხრეთ ნაწილში ყველაზე მაღალ შენობად ითვლება. მისი ფასადები ამობურცული დისკებითაა გაფორმებული, რომლებზეც მზისა და წლის სხივები დღის განმავლობაში საუცხოოდ აირეკლება. 1924 წლის დროინდელი შენობა 2017 წელს ბრიტანელმა არქიტექტორმა თომას ჰიზერვიკმა ააღორძინა.
4. BÓTIN-ის ხელოვნების ცენტრი
სანტანდერი 2017
ახალი ცენტრის ორი კორპუსი, რომელიც მინის იატაკით ერთიანდება, წყლიდან 10 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. რენცო პიანოს ჩანაფიქრის მიხედვით, მუზეუმი გარშემო არსებული ლანდშაფტის ერთგვარი გაგრძელება უნდა გამხდარიყო.
5. კომიქსებისა და ანიმაციების მუზეუმი
ჩინეთი, ჰანჩჟოუ 2017
ამ მუზეუმის ინსპირაციის წყაროს კომიქსების ფანჯრებში ბუშტების რეპლიკაციები წარმოადგენდა. აქ არანაირი მარშრუტი და ექსპოზიციების დათვალიერების გეგმა არ არსებობს. არქიტექტორები ბუნების შთაგონებით დრეკადმა ფორმებმა მიიზიდა.
6. ბაზელის სამხატვრო მუზეუმი
დაარსება-1980; რეკონსტრუქცია-2016
მუზეუმის უხეში ფორმა კომპლექსს დინამიკას და მიმზიდველობას სძენს. როგორც სჩანს, საკონცერტო დარბაზების და ფილარმონიების მიმართ სწრაფვა პარიზში, ჰამბურგსა და ლონდონში უკანა პლანზე გადადის. ორიგინალურმა და არაორდინალურმა მუზეუმებმა უკვე მთელი ევროპა მოიცვა, მათ შორისაა ბაზელი.