მოზარდობის ასაკში ედუარდო ტრესოლდი (Edoardo Tresoldi) მავთულებისგან მუდამ რაღაც ნივთებს ამზადებდა. 20 წლის შემდეგ, მისმა ინსტალაციებმა მსოფლიო აღიარება მოუპოვა. გასულ წელს, გამოცემა Forbes-მა იტალიელი სკულპტორი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ახალგაზრდა მხატვრად დაასახელა.
ედუარდო ორიგინალური, არაორდინალური ტექნიკით მუშაობს. ის მასშტაბურ დაკიდებულ კონსტრუქციებს ქმნის და ამისთვის მხოლოდ მეტალის მავთულებს იყენებს. ჩამოკიდების წყალობით ნაგებობები ეფემერული და მოჩვენებითია. ზოგიერთს ტრესოლდის შემოქმედება ჰოლოგრამებს აგონებს, ზოგს კი აკვარელით გაკეთებულ ესკიზებს.
თავად მხატვარი მათ თანამედროვე სკულპტურებად აღიქვამს. ედუარდოს ცნობილი ადგილების სამგანზომილებიანი გამსოახულება genius loci შთააგონებს. სკულპტორი თავის მიზნად ახალი კულტურული კოდის შექმნას მიიჩნევს, რომელიც გარემოს „მეტაფიზიკურ ნანგრევებად“ გარდაქმნის. ტრესოლდის შემოქმედებითმა მეთოდმა მიიღო სახელწოდება: Absent Matter/მატერიის არარსებობა. მხატვარი ნაგებობის ფორმას ცვლის ისე, რომ მისი აღქმა სრულიად შეიცვალოს.
ტრესოლდის არქიტექტურულ აბსტრაქციებს შეუძლიათ ნებისმიერი გარემო შეცვალონ. მაგალითად, გასულ წელს, რენესანსის ეპოქის სტილის „მოჩვენება“ ტაძრები უეცრად პარიზის მდიდრული სავაჭრო ცენტრის, Le Bon Marche-ს რესპექტაბელურ ინტერიერში გაჩნდნენ. „ჰოლოგრაფიულმა“ მეჩეთმა კი აბუ-დაბის სამეფო მისაღებ დარბაზში დაიმკვიდრა ადგილი.
კლასიკური არქიტექტურა და ადამიანის ფიგურები - ტრესოლდის ინსტალაციების მოტივებია. მავთულებით შექმნილი სკულპტურები, რომლებიც როდენის „მოაზროვნეს“ მოგვაგონებს, თითქოს ჩვენ წინ ცოცხლდებიან. მხატვარი ფიგურას მოძრაობაში გამოსახავს: მაგალითად, მეტალისგან დამზადებული ბიჭუნა, რომელიც კედელზე ცოცავს. დანიის ფესტივალისთვის მხატვარმა თანამედროვე გულივერი შექმნა - გიგანტური ფიგურა, რომელიც ზეცას შეჰყურებს. ნამუშევარს ეწოდება „ძიებაში“.
ტრესოლდის ერთ-ერთი ცნობილი შემოქმედება სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციაა - ადრექრისტიანული ბაზილიკა იტალიის არექოლოგიურ პარკში, რომელიც ორი წლის წინ დაამზადა.
პირველ ნამუშევრებად 2000-იანების დასაწყისში შექმნილი ინსტალაციები ითვლება. მანამდე ედუარდო მილანსა და რომში სწავლობდა.
„პაპიემაშეს და თიხის მეშვეობით მუდამ ვაშენებდი, სანამ ერთხელ მავთულის გორგალს არ გადავეყარე. რა თქმა უნდა, პირველი ესკიზები მოწოდების სიმაღლეზე არ იყვნენ. მაგრამ, ტექნიკამ გამიტაცა, საბოლოოდ კი აკადემიურმა განათლებამ სათანადო ცოდნა შემმატა. ასე გავხდი არქიტექტორი, „არარსებობის არქიტექტორი“ - საკუთარ თავს ამას ვუწოდებ“. - განაცხადა ედუარდომ.