როგორია იცხოვრო ლეგენდარული მსახიობი ქალბატონის ვილაზე და 50-იანების იტალიური კინოს აურა შეიგრძნო? ამის საკუთარ თავზე გამოცდა უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც კოლიზეუმის სიახლოვეს სოფი ლორენის სასახლეს 19 მილიონ ევროდ შეიძენს.
ორსართულიანი სახლი, რომელიც XIX საუკუნეში აშენდა, 1280 კვ.მ-ს იკავებს და უზარმაზარი ტერიტორიითაა შემოსაზღვრული, სადაც ბაღებთან ერთად ავტოფარეხი და აუზია. აქ სოფი ლორენსა და მის ქმარს, კარლო პონტის ხშირად აკითხავდნენ სტუმრად ფედერიკო ფელინი, რობერტო როსელინი და სხვები. 1987 წელს კი ამ სახლში ფილმიც გადაიღეს "ტაქსისტი ნიუ-იორკში".
1980-იან წლებში სახლს რესტავრაცია ჩაუტარდა, თუმცა სახლმა სიძველე შეინარჩუნა. მეორე სართულზე 5 საძინებელი და ბიბლიოთეკაა განთავსებული. სახლის მთავარი ღირებულება რომაული მოზაიკით გაფორმებული ოთახია, სადაც მედუზა გორგონას გამოსახულებასაც შეხვდებით.