ინტერნეტში წარმოშობით ერაყელი არქიტექტორის - ზაჰა ჰადიდის მიერ დაპროექტებული შენობის პირველი ფოტოები გავრცელდა. კერძო საცხოვრებელი რუსეთში, კერძოდ, ბერვიხის ტყის მიმდებარედ, რუსმა ბიზნესმენმა - ვლადისლავ დორინინმა ააშენა, რომელსაც ჰადიდი რუს ჯეიმს ბონდადაც მოიხსენიებდა ხოლმე.
შენობის კონცეფცია 2008-წელს შემუშავდა, მაგრამ ზაჰა ჰადიდი 2016 წლის 31 მარტს გარდაიცვალა და მომდევნო წარმატებული პროექტის დასრულებას ვერ მოესწრო, თუმცა წელს მის ღირსშესანიშნავ მემკვიდრეობას, არქიტექტორისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თვითმყოფადი და განსაკუთრებული ფორმებით გამორჩეული პროექტი შეემატა.
საცხოვრებელი ოთხსართულიანია და მის, როგორც გარე, ისე შიდაინტერიერში, ძირითადად პასტელის ფერები დომინირებს.
ზაჰამ, დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე, საცხოვრებლის ძირითადი ნაწილი მიწიდან 22 მეტრის სიმაღლეზე დააპროექტა, რადგან დორონინს მეზობლების ცნობისმოყვარე თვალისგან მოშორებით სურდა საკუთარი თავისთვის სრული კომფორტი შეექმნა. შესაბამისად, გამჭვირვალე მინის კედლებიდან მხოლოდ ულამაზესი ტყის პეიზაჟების დანახვაა შესაძლებელი.
დორონინმა, ახალ პროექტთან დაკავშირებულ მოკლე დოკუმენტურ ფილმში, ზაჰაც გაიხსენა- „მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაპარაკი არასდროს ხიბლავდა და როგორც წესი სარკაზმი ახასიათებდა. ზაჰა, განსაკუთრებული ინტელექტითა და გამჭრიახი გონებით გამორჩეული ქალბატონი იყო, სამწუხაროა, რომ საუკუნის არქიტექტორი დავკარგეთ, რომელიც დროს უსწრებდა“.
არქიტექტორისა და მისი ბოლო დასრულებული პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მოკლე დოკუმენტური ფილმი: