მას შემდეგ, რაც „ლოფტი“ სასურველი საცხოვრებელი ინტერიერი გახდა, ყოფილი ფაბრიკების ინტერიერმა ფართო განვითარება ჰპოვა და „ლოფტის“ სამზარეულოების სტილი დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა, რომელიც შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს: ვინტაჟური და თანამედროვე.
„ლოფტის“ სტილის სამზარეულო იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც სტანდარტულობისგან დაიღალა. ოდნავ უხეში, ნათელი, თამამი და დასამახსოვრებელი გარემო მიმზიდველია დილის ყავის რიტუალისთვის. ამ სამზარეულოს ისინი დააფასებენ, ვისაც სინათლისა და სივრცის დიდი მოთხოვნილება აქვს.
„ლოფტის“ სამზარეულოს ინტერიერი განსაკუთრებულ დეკორს არ მოითხოვს: აქ ნეიტრალურ, მშვიდ ფერებს იყენებენ, მართკუთხა ფორმის კარებსა და ფანჯრებს. არაა აუცილებელი, განსაკუთრებულად მოვრთოთ – მთავარია ყველაფერი ფართო იყოს.
„ლოფტის“ სამზარეულო სხვადასხვა ზონებად იყოფა. მოძრავი კარების მეშვეობით, ერთ ზონაში რამდენიმე ფუნქციურ კუთხეს შექმნით. აქ ხელმისაწვდომი მასალები გამოიყენება: აგური, ბეტონი, ხე, შუშა და მეტალი. აგურის კედლები და ბეტონის იატაკი საუკეთესო შეხამებაა. შესაძლოა ამ მასალების ეფექტს ხელოვნური ნედლეულით მივაღწიოთ და აგურის იმიტაცია შევქმნათ, რაც მინიმალურ ხარჯებს მოითხოვს.
„ლოფტის“ სამზარეულოში დიზაინერები გვირჩევენ ერთ-ერთი კედელი სხვაფრად შევღებოთ და სხვებისგან გამოვყოთ. არავინ უარყოფს, რომ „ლოფტის“ დიზაინს დიდი სახლი და მაღალი ჭერი სჭირდება, თუმცა ნებისმიერი სამზარეულო, რომელიც ქარხნული სტილითაა დაპროექტებული, ინტერიერს ვიზუალურად საოცრად ზრდის. შედარებით მცირე ფართობის სახლის პატრონებს სამზარეულოს აივანთან ან ლოჯიასთან გაერთიანებას ურჩევენ. სამზარეულოს ფართობი ამ შემთხვევაში შესამჩნევად გაიზრდება, ოთახში კი დიდი ზომის ფანჯრები გაჩნდება.
„ლოფტის“ სტილში აუცილებელია სწორი განათება. სამზარეულოში სინათლის რამდენიმე ხელოვნური წყარო უნდა არსებობდეს: ჭაღი, ბრა თუ მინიატურული სანათი. აქ ფორმასა და სტილში შეზღუდულები არ ხართ: „ლოფტის“ სამზარეულოში კლასიკური და თანამედროვე განათება ერთდროულადაა დაშვებული. ფანჯრები მაქსიმალურად ღიაა, ფარდების გარეშე. გასაფორმებლად ჰორიზონტალური ჟალუზების გამოყენებაც შესაძლებელია.
ამგვარი სამზარეულოსთვის ავეჯის არჩევისას უნდა გახსოვდეთ, რომ საჭიროა იგი მაქსიმალური ფუნქციურობითა და სიმარტივით გამოირჩეოდეს. ავეჯი ძალიან მოცულობითი არ უნდა იყოს, აქსესუარები კი ხანდახან ოფისის ნივთებსაც ჰგავს.
„ლოფტის“ სტილი დახურულ კარადებსა და თაროებს უარყოფს. სამზარეულოში რაც შეიძლება ბევრი ღია თარო უნდა იყოს და ამ ოთახისთვის დამახასიათებელი აქსესუარებითა და ჭურჭლით დაიტვირთოს. მოძრავი მაგიდა და ბარის დახლი წარმატებული არჩევანია.
„ლოფტის“ სამზარეულოებში ძველი ავეჯი ორიგინალურად გამოიყურება. ახლისა და ძველის შერწყმის არ უნდა შეგეშინდეთ: „ლოფტის“ დიზაინი ძველ ავეჯს თანამედროვე ტექნიკას ადვილად უხამებს. ძველი სამზარეულოს განჯინა ულტრათანამედროვე ტიხრებით შთამბეჭდავად გამოიყურება. ავეჯისგან განსხვავებით, სამზარეულოს ტექნიკა მასიური სჯობს.
ინტერიერს მეტ ეფექტურობას აქსესუარები შესძენს: ნახატების თანამედროვე რეპროდუქციები, ახალგაზრდული სტილის პოსტერები და გრაფიტები, ქანდაკებები და შემოქმედებითი ნივთები. ყოველივე ეს ბევრი არ უნდა იყოს: ხელოვნების ქმნილებები სამზარეულოსაც ინდივიდუალურსა და მრავალფეროვანს გახდის.