2019 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა მეოცედ აიღო სტარტი. ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ღონისძიება ეს-ესაა თინეიჯერობის ასაკიდან გამოვიდა და საიუბილეო თარიღს წარმატებით აღნიშნავს. წელს საპატიო ჯილდო "პრომეთე" მხოლოდ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ. ქართულ ფილმებს საერთაშორისო ჟიური აფასებს.
ფესტივალის მეორე დღეც ისევე საინტერესოდ დატვირთული აღმოჩნდა როგორც პირველი. დღე ჩინელი რეჟისორის, სიაოშუაი ვანის ფილმით დაიწყო "მშვიდობით ჩემო ბიჭო", რომელიც საკმაოდ სენტიმენტალურ და სევდიან ისტორიას ასახავდა ოჯახზე და მათი ბედის უკუღმართობაზე. "სიბერის მოლოდინით ვცხოვრობთ" ეს ფრაზა იტევს ცოლ-ქმრის მწარე სინამდვილეს.
2 საათზე დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრმა ფესტივალის მიერ მოწვეული ცნობილი რეჟისორის, კარლოს რეიგადასის მასტერკლასს უმასპინძლა. მექსიკელმა რეჟისორმა ახალგაზრდა პროფესიონალებსა და კინომოყვარულებს საინტერესო რჩევები გაუზიარა, ისაუბრა ფილმის მხატვრული კონცეფციის ჩამოყალიბებაზე, იდეის წარმოშობაზე, სცენარის შექმნის მეთოდოლოგიასა და ზოგადად მოსამზადებელ პერიოდზე, მსახიობებზე. რეიგადასმა აღნიშნა, რომ ფილმიდან ფილმამდე ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობს, კითხულობს წიგნებს, მოგზაურობს, დაკავებულია ოჯახით და მოულოდნელად დგება მომენტი, როცა მომავალი ფილმის იდეა არსაიდან დაებადება და მის გადაღებას გადაწყვეტს. ინსპირაციის წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს.
სცენარზე მარტო მუშაობს და ამას რამდენიმე დღეს ანდომებს, მას შურს კიდეც რეჟისორების, რომლებიც უკვე არსებული ტექსტებიდან ქმნიან ფილმებს და წარმატებულადაც, რადგანაც თვლის ეს თავად არ შეუძლია, მას ურჩევნია თავად იყოს ამბის სრულფასოვანი ფუძემდებელი. ამის შემდეგ კი იმპროვიზაციასაც და გადაღებებზე დინების მიმართულებით მიყოლასაც ახერხებს. მისთვის მნიშვნელოვანია როგორც ხმა, ასევე ოპერატორთან მუშაობა. კარლოსი თვლის, რომ რეჟისორმა ოპერატორს უნდა მიუთითოს საიდან უნდა მოხდეს კონკრეტული კადრის გადაღება რაც პირდაპირ პროპორციულია მის სურვილთან თუ რისი თქმა სურს სწორედ ამ პოზიციიდან გადაღებული კადრით. კარლოსმა ღიად განაცხადა, რომ ცნობილი მსახიობები მისთვის პრობლემას წარმოადგენენ, რადგანაც ისინი მაყურებლისთვის უკვე საიმიჯო ხატებად ქცეულან და ფილმს ავთენტურობას აკარგვინებენ. კარლოს რეიგადასი ხშირად იყვანს არაპროფესიონალ მსახიობებს, თუმცა უკანასკნელ კასტინგზე ბევრი პროფესიონალი მსახიობით მოიხიბლა. რეიგადასს ურჩევნია მის ფილმში არა ალ პაჩინომ, არამედ უცხო სახემ ითამაშოს, რათა ამბავი მაყურებლამდე განსაკუთრებული ორიგინალურობით მიიტანოს. არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობისას ერთადერთ პრობლემად გრძელი ტექსტების სწავლა დაასახელა, რომელიც ზოგიერთ მათგანს ოსტატობის დაუფლების გარეშე ნამდვილად უჭირს.
აღსანიშნავია, რომ კარლოსი საქართველოში შვილებთან ერთად ჩამოვიდა და ფესტივალის შემდეგ მაღალმთიან რეგიონებში დასვენებას გეგმავს.
შეხვედრას რეჟისორი ვახო ჯაჯანიძე უძღვებოდა
7 საათზე მაყურებელმა ქართველი რეჟისორის, გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო მხატვრული ფილმი "ღორი" იხილა. ბაკურიანში გამართული ქართული კინოს ფორუმის შემდეგ, სურათმა გერმანიაში, კოტბუსის კინოფესტივალზე იმოგზაურა, ახლა კი ისევ მშობლიურ ქვეყანას დაუბრუნდა და ქართველი მაყურებლისთვის ფესტივალის ფარგლებში სამი სეანსი დაიგეგმა. "ღორი" სამი პერსონაჟის გარშემო ვითარდება. რეჟისორმა მოქმედებები ქალაქისგან შორს, არც ისე მჭიდროდ დასახლებული სოფლის ერთ-ერთი მოუწესრიგებელი სახლის ატმოსფეროში გადაიტანა. მთავარი გმირი, რომელსაც ჯარში გამწესებისთვის სამედიცინო უარით ისტუმრებენ, საკუთარი ცხოვრებისეული გზის პოვნას ცდილობს. სხვებისგან საპირისპიროდ მოსიარულე პროტაგონისტი ამგვარ სიარულში სხვისი „ედემის ნაყოფის“ დამგემოვნებელი ხდება და ორ მამაკაცს გადაეყრება, რომლებიც არ აპირებენ ხელთ ჩაგდებული მსხვერპლი ისევე უბრალოდ გაუშვან, როგორც მოვიდა - გზააბნეული და ერთი ქურთუკის ამარა. რეჟისორმა ინსპირაციად ერთ-ერთ ტელეარხზე ნანახი ნამდვილი ამბავი აიღო და შემდეგ საკუთარი გადმოსახედიდან შემოქმედებითად განავითარა. მსახიობებიც განსაკუთრებულად, შემთხვევით შეარჩია. კომედიური პასაჟებით გამდიდრებულმა ფილმმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. აღნიშნული იყო ოპერატორის როლიც, რომელიც ცდილობდა ერთ ოთახში ორგანულად ემოქმედა და სცენარის ცოდნის გარეშე ექსპრომტად გადაეწყვიტა გმირებზე კამერის თვალით დაკვირვება.
ფესტივალის მეორე დღეს სტარტი აიღო ქართულმა ახალმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა: გიორგი ვარსიმაშვილის "არჩევანი"; ოთარ ბერძენიშვილის "მესამე ზედმეტი", გიორგი კასრაშვილის "დასასრულის დასაწყისი", იოსებ ბლიაძის "ტრადიცია", ანანო ბაკურაძის "ხედავ იმას რასაც მე?" და ამირან დოლიძის "ცხოველი". მოკლემეტრაჟიანი ფილმები ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი და მათი ყურების შანსი მაყურებელს მეორადაც ეძლევა. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ოქროს "პრომეთე"-თი დაჯილდოვდება.