2019 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა მეოცედ აიღო სტარტი. ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ღონისძიება ეს-ესაა თინეიჯერობის ასაკიდან გამოვიდა და საიუბილეო თარიღს წარმატებით აღნიშნავს. 1 დეკემბერს, გახსნის დღეს, ქართულმა სიმფონიურმა ორკესტრმა "ალტ ერ ორკესტრამ" მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით, ალფრედ ჰიჩკოკის ბოლო უხმო ფილმი "შანტაჟი" გააცოცხლა და მას მუსიკალური აკომპანიმენტი გაუწია. 2 დეკემბერს კი პირველი საკონკურსო დღე ჩატარდა.
მაყურებელმა ორი ახალი ქართული ფილმი იხილა, რომელთა ჩვენებაც კვირის განმავლობაში ისევ განმეორდება. პირველი თამარ შავგულიძის "კომეტები" გახლდათ, რომელიც ორი ქალის სიყვარულის ისტორიას ეძღვნება. სიუჟეტი ნანას და ირინას გარშემო ტრიალებს, რომლებიც ერთმანეთს წლების შემდეგ დაუგეგმავად ხვდებიან ერთ-ერთის აგარაკზე, იქ სადაც ახალგაზრდობის წლები სასიამოვნოდ გაატარეს. დაძაბული, უხერხული საუბრის მიღმა ფილმი დროდადრო გვაჩვენებს კადრებს წარსულიდან - 2 ახალგაზრდა გოგონას, რომლებმაც უნდა დაგვანახონ ისეთი სიყვარული, რომელიც მეგობრობაზე მეტია, მაგრამ სამწუხაროდ, კადრები მსგავს განცდას არ ტოვებს და გულუბრყვილო ბავშვური მეგობრობით გამოწვეულ შთაბეჭდილებას არ სცდება. ქეთევან გეგეშიძე და ნინო კასრაძე მხოლოდ საუბრით გვაგებინებენ, რომ წარსულში ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ გარშემომყოფთა აზრის გამო მათი ცხოვრების გზები გაიყო. ერთმა გაქცევა ამჯობინა, მეორემ კი დარჩენა და მშობლიურ კერაზე ოჯახის აშენება. თუმცა, გმირმა ახალგაზრდობის საყვარლის საპატივცემულოდ შვილს მისი სახელი დაარქვა, რათა ის ცხოვრებაში ამ სახით მაინც დაეტოვებინა. ამბავი თავის მხრივ ძალიან საინტერესოა, თუმცა კინოენა და გადაღების ტექნიკა არ აღძრავს იმ ემოციას, რაც ამ ორ ქალს შორის რეალურად უნდა არსებობდეს.
რეჟისორმა ჩვენების დაწყების წინ განაცხადა: "მე არ ვცხოვრობ სახელმწიფოში, მე ვცხოვრობ დასახლებულ პუნქტში. საოცრებაა რომ აქ მაინც არსებობენ წესიერი ადამიანები. მინდა ჩემი პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ეგუებიან დასახლებულ პუნქტში ცხოვრებას!" ამ ფრაზამ მოგვიანებით ფილმშიც გაიჟღერა, ევროპიდან ჩამოსული ირინასთვის ქართველი ხალხი შორი მანძილიდან უკეთესობისკენ შეცვლილი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში მოსახლეობა მადლიერი უნდა იყოს ყველა იმ წვრილმანისთვის, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის კეთდება და რეალობა არც ისე სახარბიელოა.
მეორე ფილმი კი დიტო ცინცაძის მორიგი სურათი "ჩაისუნთქე, ამოისუნთქე" გახლდათ, რომელმაც რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ფესტივალებზე. სიუჟეტი 37 წლის ირინას გარშემო ვითარდება, რომელიც ციხიდან გამოდის და ოჯახსა და გარშემო სოციუმში ურთიერთობების აღდგენას და ადგილის დამკვიდრებას იწყებს. რეჟისორმა გადასაღებ ლოკაციად ჭიათურა აირჩია, კინემატოგრაფიული გარემოს გამო, თუმცა ოჯახი არც ისე ავთენტურად ჯდება ამ გარემოში და ის უფრო მეტად თბილისურ ოჯახს წააგავს. ფილმში შემოტანილია ლგბტ თემის პრობლემაც, რომელიც არაა ღრმად გაანალიზებული და არც ემპათიას იწვევს, რაც მაყურებელს იმედგაცრუებულს დატოვებს.
ბევრი პრობლემის მიუხედავად, აღსანიშნავია ყურადღება გავამახვილოთ საკითხზე, რომელიც ფილმის მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს - ქალები, რომლებსაც სასჯელის მოხდის შემდეგ გარემოში აკლიმატიზაცია სჭირდებათ და ამაში ხელი უნდა შეეწყოთ. ასევე, ოჯახის წევრებმა უნდა ეცადონ შვილებმა დედასთან გაუცხოება არ დაიწყონ და მისი გაგება ისწავლონ. სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს და ისედაც მსხვერპლს არ უწევდეს იმ ტანჯვის გავლა, რასაც სასჯელაღაღსრულებითი დაწესებულებიდან გამოსვლის შემდგომი პროცესი ქვია.
პირველ დღეს ასევე ნაჩვენები იყო სტივენ ფრირზის 1992 წლის "გმირი" დასტინ ჰოფმანის და ენდი გარსიას მონაწილეობით. რეჟისორი უნდა ჩამოსულიყო ფესტივალის ფარგლებში, თუმცა ქართული ავიაკომპანიის მიერ რეისის გაუქმების გამო მისი ჩამოყვანა ვეღარ მოხერხდა. "გმირში" მედიის ბნელ მხარესთან ერთად ნაჩვენებია გმირის დეფინიცია საზოგადოებაში. რეალობასა და გამოგონილს შორის ზღვარი. როგორ მუშაობს ტელევიზია? რა სახის პროპაგანდას წევს და როგორი ტიპის ადამიანები არსებობენ - ეს საოცრად კეთილი ფილმი თან გაგაბრაზებთ, თან გაგაცინებთ, თან დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე.
ახალი საერთაშორისო ფილმებიდან კი გამორჩეული იყო ბრაზილიისა და საფრანგეთის თანამშრომლობით შექმნილი "ბაკურაუ", რომელთა რეჟისორებიც არიან კლებერ მენდონსა ფილიო და ჟულიანო დორნოლესი. სიუჟეტი ბრაზილიის პატარა ქალაქში ვითარდება და ადგილობრივთა პრობლემებს ასახავს, მათ განცდებსა და პრობლემებთან ბრძოლას.
დღის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ნილ ბრენდის ვორქშოფი, რომელიც კინოფესტივალის ფარგლებში მოწვეული კომპოზიტორია. სწორედ მან შექმნა ჰიჩკოკის ფილმისთვის "შანტაჟი" კომპოზიცია და არამარტო ამ უხმო ფილმისთვის. ბრიტანელმა ხელოვანმა კინოს და მუსიკის კავშირის შესახებ ისაუბრა და კინომუსიკაზე ტექნოლოგიური ცვლილებების თემა განიხილა.