ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2014 წლის აგვისტოში საქართველოში პირველად გამოჩნდა მსოფლიოში N1 ჟურნალი წარმატებულ ადამიანებზე.
ამ ხნის მანძილზე ყოველდღე გვაძლიერებს თქვენი მხარში დგომა და სიყვარული. მადლობა თქვენ, რომ ჩვენი მცდელობა, რადიკალური გარდატეხა შეგვეტანა ქართულ ბეჭდვით მედიასივრცეში, ჯეროვნად დააფასეთ.
OK! საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, N1 ჟურნალია და ჩვენ ეს თქვენთან ერთად შევძელით!
არ შეიძლება უდიდესი ენერგიით არ აგავსოს მკითხველთა მუდმივმა გამოხმაურებამ – მათი იდეების, მოსაზრებების, მათ შორის ჯანსაღი კრიტიკის გაზიარებამ! მარტო ის რად ღირს, რომ ბევრი თქვენგანი მზად არის OK!-ის ერთი გამოტოვებული ნომრის შესაძენად რედაქციას ესტუმროს, მათ შორის – რეგიონიდანაც.
დიახ, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ OK!-ის მკითხველთა უდიდესი ნაწილი ჟურნალის სრული კოლექციის მფლობელია! ჩვენ ვამაყობთ თქვენით, რადგან გვაგრძნობინებთ, რომ არა მხოლოდ მოგწონთ, არამედ გიყვართ ქართული OK!
თუმცა, უნდა გვესმოდეს – ცვლილება და მუდმივი განვითარება ლიდერის თვისებებია. OK! კი ლიდერად შექმნილი ჟურნალია, რომელიც ლიდერების ცხოვრებას ასახავს!
2 წლის თავზე თქვენი საყვარელი ჟურნალიც განვითარების სხვა ეტაპზე გადადის. დროა ჟურნალის ფურცლებზე უფრო მეტი წარმატებული ქართველი გამოჩნდეს! ვფიქრობთ, OK!-ის ივლისის ნომერი ამის პირველი მცდელობაა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი რესპონდენტებით! ქართველებით, რომლებიც თანამედროვე საქართველოს ქმნიან!
წაიკითხეთ მათ შესახებ და დაიმუხტეთ ენერგიით, ირწმუნეთ საკუთარი თავის, საკუთარი უნიკალური შესაძლებლობების, და მიიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება – საკუთარი შრომით წარმატება მოუტანოთ თქვენს თავს და თქვენს ქვეყანას! OK!-ის რესპონდენტების წარმატების ისტორიები ამ პოზიტიურ სულისკვეთებას კიდევ უფრო გაგიღვივებენ!
ცვლილებები FASHIONISTA-ს ბლოკსაც შეეხო. გთხოვთ იცნობდეთ – OK!-ის მოდის რედაქტორს, მსოფლიო დონის ქართველ მოდის მარკეტოლოგ გვანცა სალაყაიას, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ მცირე დრო ჰქონდა, თავისი ხელი უკვე დაატყო OK! FASHIONISTA-ს და არც ის დაავიწყდა, ივლისის თვეში საქართველოში დაგეგმილი ფესტივალების შესაბამისი ჩაცმულობის უნიკალური ტრენდული იდეები ექსკლუზიურად თქვენთვის შემოეთავაზებინა. მომავალი ნომრიდან კი უფრო მეტი, საინტერესო, სპეციალურად თქვენთვის შექმნილი და რაც მთავარია ისეთი მასალა გელით, რომელსაც სხვაგან ვერსად წაიკითხავთ!
დაბოლოს, მთავარი სიახლე! ივლისის თვიდან OK!-ის ახალი მთავარი რედაქტორი ეყოლება. სწორედ ოლგა ბაბლუანი იქნება ის, ვისი რედაქტორობითაც OK! განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადავა! დიახ! ოლგა ბაბლუანი იქნება მთავარი რედაქტორი, რომელიც არა მხოლოდ ხარისხიან OK!-ის შესთავაზებს ქართველ მკითხველს, არამედ OK!-ის მსოფლიო ოჯახში, რომელიც ხუთივე კონტინენტს ითვლის, ქართულ OK!-ის ყველასგან გამორჩეულ და ლიდერ გამოცემად აქცევს!
დიდი მიღწევებისთვის გუნდის წევრთა მორალურ-ეთიკური და მენტალური პრინციპების თანხვედრაა საჭირო. და რა დაუდგება წინ თუნდაც ყველაზე ამბიციური მიზნის მიღწევას მაშინ, როცა წლების წინ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში OK!-ის დამფუძნებლების, ქართული OK!-ის გამომცემლების, სარედაქციო გუნდის, და რაც მთავარია – მისი ახალი მთავარი რედაქტორის ცხოვრებისეული პრინციპი მხოლოდ პირველობაშია!
OK!-ის სარედაქციო გუნდის სახელით,
გიორგი შარაშიძე
გამომცემელი