ქართული ბრენდი „ტრუსილვანია“ 2020 წელს შეიქმნა და პირველი კოლექციის გამოსვლის დღიდან მიიპყრო საზოგადოების ყურადღება თავისი ხარისხით, ორიგინალურობითა და ფერთა გამით. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მომხმარებელში ჯადოსნური გრძნობების გაღვიძება იყო, რასაც თავი საკმაოდ წარმატებით გაართვა. მომხმარებელს წინ კიდევ ბევრი ფერადი და გამორჩეული სიახლე ელოდება. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „ტრუსილვანიას“ დამფუძნებლებს: თათია თენოშვილს, მედეა ტლაშიძეს და ელენე ბერიძეს.
გვიამბეთ ბრენდ "ტრუსილვანიას" შექმნის შესახებ.
ბიზნესის დაწყების იდეა გაჩნდა პირველი კარანტინის დროს, აპრილში. სახლებში დამსხდარმა სამეგობრომ გადავწყვიტეთ ტრადიციულად ერთმანეთისთვის რაიმე სახალისო და კრეატიული საჩუქრის გაკეთება. ამასთან ერთად ჩვენი მეგობრის დაბადების დღე ახლოვდებოდა და გვინდოდა, მიგველოცა შესაბამისად. სწორედ მაშინ გაჩნდა ფერადი საცვლების იდეა, რომელიც აქამდე არსებულ არცერთი საჩუქრის ანალოგს არ წარმოადგენდა და იქნებოდა სრულიად კრეატიული დიზაინისა და შეფუთვის მქონე. ამას დაემატა ჩვენი გამოცდილება სტარტაპისა და ახალი პროდუქტის შექმნის მიმართულებით. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ფერადი ტრუსები წარმატებულ პროდუქტად გვექცია. თავიდან საკმაოდ დიდი სირთულეები შეგვხვდა საჭირო მასალების მოძიების პროცესში, ამას ემატებოდა ჩაკეტილი საზღვრები და შეზღუდული მუშაობა. ამდენად, საბოლოო პროდუქტის მისაღებად გარკვეულ პროცესებს დასჭირდა იმაზე მეტი დრო, ვიდრე ეს ჩვეულებრივ გარემოში იქნებოდა საჭირო. ამ ეტაპზეც გვიწევს ისეთი სირთულეების გადალახვა, როგორიცაა შეზღუდული საწარმოო მასალები და დამზადების ვადების ხანგრძლივობა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ორიენტირებული ვართ ხარისხზე და გვინდა, რომ მაღალი სტანდარტის პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებელს, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ გამოწვევების გადალახვას.
როგორ გაჩნდა კომპანიის სახელის იდეა?
თავდაპირველად სახელთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი გვქონდა. გვინდოდა, რომ იგი მარტივი და პროდუქციის გამომხატველი ყოფილიყო. თუმცა ვხვდებოდით, რომ ჩვენი პროდუქტი განსხვავებული იყო და სახელიც შესაბამისი უნდა შეგვერჩია, რაშიც მხოლოდ ბრენდული სიტყვების თამაში არ გამოგვადგებოდა. ამ შემთხვევაში ინსპირაცია იყო “სასტუმრო ტრანსილვანია”, რაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ფერად და ჯადოსნურ სამყაროსთან ასოცირდება და ის დამფუძნებლების საყვარელი ანიმაციური ფილმიცაა, შესაბამისად, ტრანსილვანიას მსგავსად გვსურს დადებითი და ფერადი ემოციის გამოწვევა მომხმარებელში. ამასთანავე, ჩავატარეთ მცირე კვლევა სამეგობროში, სადაც რამდენიმე სახელს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი და 99%-მა სწორედ „ტრუსილვანია“ აირჩია ზუსტად იმ განწყობით, რაც ჩვენი მიზანი იყო - ღიმილის მომგვრელი და ფერად სამყაროსთან ასოცირებული. შემდეგ მომხმარებლისგანაც მივიღეთ მსგავსი შეტყობინებები და დღეს, ვთვლით, რომ „ტრუსილვანია“ ზუსტად გამოხატავს იმგვარ ემოციას, როგორსაც ველოდით.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
„ტრუსილვანია“ არის ახალი ქართული ინოვაციური საცვლების ბრენდი განსხვავებული და უნიკალური დიზაინით, რომელსაც არ აქვს ანალოგი ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია მომხმარებლისთვის მრავალფეროვნების და ჩვეულებრივი თეთრეულის ალტერნატივის შეთავაზება. პროდუქტი იქმნება საქართველოში. საცვლებზე გამოსახულია ფერადი სურათები და სხვადასხვა თემატიკის ილუსტრაციები, რაც მომხმარებლისთვის ხშირად საუკეთესო სასაჩუქრე იდეად იქცევა. აქედან გამომდინარე, ის განკუთვნილია არა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, არამედ მეგობრებისა და ახლობლების გასახალისებლად.
რა არის ის მთავარი ნიშა, რაც "ტრუსილვანიას" გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან?
„ტრუსილვანია“ მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ საცვლებს, რომელიც განსხვავებულ და უნიკალურ დიზაინს წარმოადგენს და არ აქვს ანალოგი ქართულ ბაზარზე. „ტრუსილვანიას“ თეთრეული ძირითადად სახალისო და ფერად პროდუქციას მოიცავს. აქ შეხვდებით სხვადასხვა გამოსახულებებს, უნიკალურ დიზაინს და სახალისო ილუსტრაციებს. ქართულ ბაზარზე „ტრუსილვანია“ პირველია და მსგავსი კონტენტის პროდუქტს სხვა არავინ ქმნის, შესაბამისად, მომხმარებელი გვირჩევს ჩვენ. ამასთანავე, გთავაზობთ გამორჩეულ შეფუთვას, რომელიც პროდუქტს კიდევ უფრო ღირებულს ქმნის. ეს არის ფერადი საცვლების ჯადოსნური სამყარო - კიდევ ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ უნდა შეიძინოთ ჩვენთან.
სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?
„ტრუსილვანიას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
ჩვენს ვებ-გვერდზე: https://trusilvania.com/
Facebook: https://www.facebook.com/Trusilvania
Instagram: https://www.instagram.com/trusilvania
სამომავლო გეგმები.
ვმუშაობთ პროდუქციის მრავალფეროვნებაზე. ამჟამად გვაქვს მხოლოდ ქალბატონების ხაზი. თუმცა მალე დაგვემატება მამაკაცის და ბავშვის მოდელები. გაზაფხულისთვის „ტრუსილვანიას“ ფერად სამყაროს საცურაო კოსტუმების არჩევანი ექნება, რაც, ვთვლით, რომ დიდი სიახლე აღმოჩნდება ქართული ბაზრისთვის.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი