18 წლის ასაკში უკვე მთელი მსოფლიო იცნობდა როგორც გოგოს, რომელსაც ვამპირი შეუყვარდა, თუმცა ეკრანზე გაცილებით ადრე - სულ რაღაც 9 წლისა გამოჩნდა. კამერის უკან მომუშავე ოჯახის წევრების გამო მისთვის ტელესივრცე უცხო არ ყოფილა, მაგრამ მსახიობობაზე არასოდეს უოცნებია. ხშირად იხსენებს, რომ ბავშვობიდან უყვარდა საკუთარი სახელის დაწერა და ავტოგრაფების დარიგება. მის მუსიკალურ გემოვნებას აკმაყოფილებენ ისეთი ბენდები, როგორებიცაა: Green Day, Nirvana, Led Zeppelin, The Beatles და U2. დატვირთული გრაფიკის გამო სკოლის დამთავრება გვიან მოუწია და ატესტატი 19 წლის ასაკში, „ბინდის საგას“ გადაღებების დროს მიიღო.
„ბინდის საგაზე“ საუბრისას, არ შეიძლება არ აღინიშნოს კრისტენ სტიუარტისა და რობერტ პატტისონის ჰოლივუდური წყვილის ისტორია. მათი ამბავი 2008 წელს, ფილმის პირველი ნაწილის გადაღებისას დაიწყო, თუმცა ამის შესახებ ფანებს მხოლოდ 2010 წელს გამოუტყდნენ. როგორც თავად სტიუარტი ამბობს, მისთვის ამ ურთიერთობის დასრულება ძალიან მტკივნეული იყო. ამჟამად, 26 წლის მსახიობი ეკრანებზე უკვე მეგობარ გოგონასთან – ალიშა კარგაილთან ერთად ჩნდება და ამბობს, რომ თავს კომფორტულად უფრო გოგონებთან გრძნობს, ვიდრე ბიჭებთან.
საინტერესოა ისიც რომ სტიუარტი ასევე ვოკალური შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული და თავის დროზე სწორედ ეს გახდა მიზეზი მისით დაინტერესებისა. ფანების ერთი ნაწილის სამწუხაროდ, მან მხოლოდ ორ ფილმში იმღერა და მუსიკალური კარიერა არ გაუგრძელებია. სამაგიეროდ, ორმოცამდე ფილმში ითამაშა და ოცდაათზე მეტ ნომინაციაში გაიმარჯვა.
დაინტერესებულია ფოტოგრაფიით, თავისუფალ დროს დაკავებულია კულინარიით, განსაკუთრებით უყვარს ვაშლის ნამცხვრის გამოცხობა. უკრავს გიტარასა და საყვირზე. ზოდიაქოს ნიშნით ვერძს, არ უყვარს სელფების გადაღება და პუბლიკა ხშირად ამითაც გამოარჩევს ტიპური ჰოლივუდის ვარსკვლავებისგან.
კრისტენ სტიუარტმა წლების განმავლობაში შეიქმნა ყველასგან განსხვავებული იმიჯი, რომლის გამო მას ზოგჯერ მისტიკურად და ამოუცნობად მიიჩნევენ, ზოგჯერ კი ასოციალურობასა და ჩაკეტილობას აბრალებენ. თუმცა, საბოლოო ჯამში, სტიუარტის ცხოვრება, მიუხედავად მისი განსხვავებული სტილისა, დიდად არ გამოირჩევა სხვა მსახიობებისგან. ისიც, როგორც დანარჩენები, საზოგადოებისთვის ყოველთვის იმ როლებთან იქნება ასოცირებული, რომლებიც შეუსრულებია. ამიტომ, ზოგისთვის ის ყოველთვის 13 წლის გოგონა იქნება, რომელიც არ ლაპარაკობს (Speak), ზოგისთვის ტრეისი, რომელიც ალასკაზე სამოგზაუროდ წასულ ბიჭს გზად გადაეყრება (Into the wild), ზოგისთვის კი ყოველთვის ბელად დარჩება – გოგონად, რომელმაც გაბედა და შეიყვარა ვამპირი.