მხიარული, ახალგაზრდული, ენერგიული, კრეატიული და ექსპერიმენტების მოყვარული - 37 წლის ასაკში, 18-წლიანი კარიერის მიუხედავად, ჯეიმი ქალამი ისევ პატარა ბიჭივით გამოიყურება. მას ერთ წამში შეუძლია როიალის სახურავზე აძვრეს და მინი მუსიკალური შოუ მოაწყოს.
ბრიტანელი მომღერლის, მუსიკოსისა და სიმღერების ავტორის შემოქმედება ერთ მიმდინარეობაში არ ჯდება. ის ასრულებს ჯაზს, ქროსოვერ-ჯაზს, ფაუერ-პოპს, უკრავს პიანინოზე, გიტარაზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე.
ჯეიმის პირველი ალბომი Heard it All Before სულ 500 ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოვიდა, მაგრამ ახალბედა მომღერლის შესამჩნევად ეს საკმარისი აღმოჩნდა.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ქალამი უშვებს ალბომს სახელწოდებით Pointless Nostalgic. თავდაპირველად, ის თავად ფარავს ალბომზე მუშაობის ხარჯს, ცოტა ხანში კი მუსიკოსით Candid Records ინტერესდება.
უკვე კარგად ცნობილი უორენის და ბარკის Devil May Care, თელონიუს მონკის Well You Needn't, გერშვინის It Ain't Necessarily So-ს გარდა, ალბომში ორიგინალური კომპოზიციებიც შევიდა.
ამის შემდეგ, კომპანია Universal-მა ჯეიმის მომდევნო სამი ალბომი დააფინანსა და არ წააგო. მომღერლის მესამე ალბომი Twentysomething, რომელიც 2003 წელს გამოვიდა, პლატინის გახდა და თან, გაერთიანებული სამეფოს ნომერ პირველ ალბომად დასახელდა. ამავე წლის ბოლოს, ქალამმა ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსის ტიტული დაისაკუთრა.
2005 წელს გამოვიდა ალბომი Catching Tales, რომელიც ჯეიმიმ ძმასთან, ბენთან ერთად ჩაწერა. უნდა აღინიშნოს, რომ ძმამ ჯეიმის შემოქმედებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა.
2009 წელს მუსიკოსი წერს ალბომს The Pursuit, ხოლო მომდევნო წელს, სპეციალურად iTunes-სთვის შეიქმნა ალბომი Live at Ronnie Scott's და In the Mind of Jamie Cullum.
ჯეიმი უკრავს ჯაზს და არამარტო. შთაგონებას ლეგენდარულ მუსიკოსთა შემოქმედებაში პოულობს, დაწყებული მაილს დევისიდან, დამთავრებული ტომ უეიტსით. ხშირად მისი გამოსვლები იმპროვიზაციაზეა აგებული. ქალამმა White Stripes-ის, Massive Attack-ის, ქანიე უესთის, რიანას, ელტონ ჯონის, ჯასთინ ტიმბერლეიკის ნამუშევრების საკუთარი ვერსიები შემოგვთავაზა, ითანამშრომლა ქაილი მინოუგთან, Sugababes-თან, Will.i.am-თან და Burt Bacharach-თან. მისი ჯილდოების სია ძალიან გრძელია.
ერთსღა დავამატებთ, რომ კარიერაში წარმატებული ჯეიმი პირად ცხოვრებასაც არ უჩივის, მისი მეუღლე ბრიტანელი მოდელი და მსახიობი სოფი დალია.
ჯეიმი ქალამის თაყვანისმცემლების და ზოგადად, ხარისხიანი მუსიკის მოყვარულების გასახარად, ნოემბერში, თბილისის ჯაზ-ფესტივალზე საშუალება გვეძლევა ამ უნიჭიერესი მუსიკოსის შემოქმედებით ცოცხლად დავტკბეთ.